კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, ანდრეუ ფონტასი 2011/12 წლების სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდის ღირსებას დაიცავს…
2011/12 წლების სეზონიდან, ფონტასი “ბარსელონას” პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება. მას კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე ჰქონდა, თუმცა პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ ეს ხელშეკრულება ავტომატურად 2013 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა.
ფონტასი ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–ს რეგულარული ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა, 2011 წლის 16 მარტს მას ერიკ აბიდალის შეცვლა მოუხდა. დარჩენილი სეზონი მან “ბარსელონას” პირველ გუნდში გაატარა. მის ანგარიშზე 8 ჩატარებული შეხვედრაა, თუმცა პეპის გუნდში დებიუტი მას 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც “ბარსა” ქვეყნის ჩემპიონატში ხიხონის “სპორტინგს” უპირისპირდებოდა. “ნოუ კამპზე” ჩატარებულ შეხვედრაში კატალონიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.
ცენტრალური მცველი “ბარსაში” 2007 წელს, “ხირონადან” გადმოვიდა. მან ერთი სეზონი ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა, ხოლო სეზონ–ნახევრის განმავლობაში ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–ს ღირსებას იცავდა. ახლა კი მას ვიქტორ ვალდესის კარის დაცვა მოუწევს.


