workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილიასთან” თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

“სევილიასთან” თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის მსაჯები დაასახელა, რომლებიც ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს “სევილია” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. “სანჩეს პისხუანზე” გასამართ მატჩში 38 წლის გამოცდილი არბიტრი, ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იმსაჯებს.

ერნანდესმა მსაჯობა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს მას ესპანეთის მე-2 დივიზიონის მატჩების მსაჯობა ანდეს, 2012 წელს კი ლა ლიგაში დააწინაურეს. 2014 წელს ალეხანდრო FIFA-ს არბიტრი გახდა და იმავე წელს მან ევროპის ლიგის მატჩებში მსაჯობა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, მაგრამ ამ ტურნირზე მას მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე უმსაჯია. 2014/15 წლების სეზონში Marca-მ ერნანდეს ერნანდესი სეზონის საუკეთესო არბიტრად დაასახელა.

კარიერის განმავლობაში ერნანდესს ასეთი სტატისტიკა აქვს:

  • თამაში: 314
  • ყვითელი ბარათი: 1737
  • ყვითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 5.5 (მე-5 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
  • წითელი ბარათი: 120
  • წითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 0.38 (მე-4 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
  • ჯარიმა საშუალოდ თამაშში: 26.8

როგორც ხედავთ, ერნანდეს ერნანდესი ესპანური სტანდარტებითაც კი საკმაოდ მკაცრი არბიტრია.

ამ მსაჯს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 26-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 15 თამაში მოიგეს, 8 ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს. ერნანდესმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს 54 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (სერჟი რობერტო) უჩვენა, ხოლო მეტოქეს 68 ყვითელი და 7 წითელი. დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან 8 “ბარსელონას” სასარგებლოდ იყო.

მიმდინარე სეზონში ალეხანდრომ “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 2-ჯერ მიიღო და კატალონიელებმა ვერცერთი მოიგეს – 1-1 “ალავესთან” სტუმრად და 2-2 “ვალენსიასთან” შინ. პირველი მატჩის 62-ე წუთზე ერნანდესმა მოედნიდან “ალავესის” ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ სტუმრების მაქსიმუმი დარჩენილ ნახევარ საათში მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება აღმოჩნდა.

ერნანდესი კარიერის განმავლობაში ყველაზე იშვიათად “ბარსელონას” აჯარიმებს – საშუალოდ 9.1 ჯარიმა მატჩში. მიმდინარე სეზონში ეს მონაცემი კიდევ უფრო შემცირებულია – საშუალოდ 7 ჯარიმა.

ერნანდეს ერნანდესს “ბარსელონასთვის” კარგი სტატისტიკა კი აქვს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ “კლასიკოში”, რომელშიც მან სერჟი რობერტო მოედნიდან გააძევა, პირველ ტაიმში გარეთ ბეილს აშკარა წითელი ბარათი არ უჩვენა, საბოლოოდ კი მადრიდელებმა იმ მატჩში ქულა სწორედ უელსელის გოლით აიღეს.

ერნანდესის მსაჯობით ჩატარებულ 24 თამაშში “სევილიას” შედეგი ასეთია: 14 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. ალეხანდრომ ანდალუსიელებს 58 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო მეტოქეს – 57 ყვითელი და 3 წითელი. ერნანდესმა “სევილიას” სასარგებლოდ 5, ხოლო მეტოქის სასარგებლოდ 3 პენალტი დანიშნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში