“ბარსელონა” ესპანური გრანდების ტრიადის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. კატალონიელთა დღევანდელი მეტოქე “რაიო ვალიეკანო” იქნება, რომელსაც რონალდ კუმანის გუნდი მადრიდში დაუპირისპირდება.
სათამაშო ფორმა
მადრიდული გუნდი სეგუნდა დიზივიონში ზედიზედ მეორე სეზონს ატარებს და პრიმერაში დაბრუნებისთვის იბრძვის. 22 ტურში მოპოვებული 37 ქულით “რაიო” მე-4 ადგილზე, ანუ ფლეი ოფის ზონაშია. ლა ლიგაში პირდაპირ გადამსვლელ მე-2 ადგილთან “ვალიეკანოს” 8 ქულა აშორებს.
სულ რაღაც 4 დღის წინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ “რაიო” ძალიან კარგ ფორმაში იყო. ჩემპიონატსა და თასზე მადრიდელებს ბოლო 6 თამაში მოგებული ჰქონდათ, მათი წაუგებელი სერია კი 8 შეხვედრას ითვლიდა. საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 17 თამაშიდან “ვალიეკანოს” მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა. თუმცა, სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში მადრიდელები “მალიორკასთან” საკუთარ კედლებში ანგარიშით 1-3 დამარცხდნენ. სწორედ “მალიორკაა” ფლეი ოფში გამსვლელ მე-2 ადგილზე.
ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში “რაიომ” უკვე 3 თამაშის ჩატარება მოასწრო – დამატებით ტაიმებში სტუმრად მოგება “ტერუელთან” (3-2), ასევე სტუმრად მოგება “დეპორტივო არეოსთან” (3-1) და ლა ლიგის წარმომადგენლის, “ელჩეს” საკუთარ კედლებში დამარცხება (2-0).
“ბარსელონა” ბოლო დროს სტუმრად კარგად გამოიყურება. კატალონიელებმა მეტოქის მოედანზე ჩატარებული უკანასკნელი 6 შეხვედრა მოიგეს, რამდენიმე მათგანში კი კარგი თამაშიც აჩვენეს.
დანაკლისი
2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ “ბარსელონას” ლიონელ მესი უბრუნდება. კაპიტანმა მცირე ტრავმაც სრულად მოირჩინა, კარგადაც დაისვენა და დღეს მას, სავარაუდოდ, მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.
კვლავ ვერ ვარჯიშობენ ჟერარ პიკე, ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიო. ვარჯიში განაახლა სერჟი რობერტომ, მაგრამ ის დასაბრუნებლად მზად ჯერ კიდევ არაა. მცირე ტრავმა ისევ აწუხებს მეორე მარჯვენა მცველს, სერჟინიო დესტსაც, რის გამოც ის განაცხადს მიღმა დარჩა. ეს ნიშნავს, რომ დაცვის მარჯვნა ფლანგზე ისევ ოსკარ მინგესას ვიხილავთ.
მასპინძლების მთავარი დანაკლისი ძირითადი ცენტრალური მცველი ემილიანო ველასკესიეა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “რაიოს” ერთმანეთთან სულ 38-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 26-ჯერ მოიგეს, მადრიდელებმა 4-ჯერ, ხოლო 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 120-33. როგორც ხედავთ, “ბლაუგრანას” დიდი უპირატესობა აქვს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია არსებული სერია – “ბარსელონას” “ვალიეკანოსთან” ბოლო 13 თამაში აქვს მოგებული, აქედან ერთი ერთბურთიანი, 3 ორბურთიანი, ხოლო დანარჩენი 3 ან მეტი ბურთის სხვაობით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 5 შეხვედრაში “რაიო” “ბარსელონას” კარის აღებას ყოველთვის ახერხებდა.
მადრიდში გამართული 19 დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 10 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. ესპანეთის დედაქალაქში ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო ექვსი დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
ესპანეთის თასზე გუნდები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაეყარნენ. 1980/81 წლების სეზონში, 1/4-ფინალში, “ბარსელონამ” სტუმრად 3-0, ხოლო შინ 3-1 მოიგო.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი მსაჯი 36 წლის გილერმო კუადრა ფერნანდესი იქნება.
“ბარსელონას” შეხვედრაში ფერნანდესს მონაწილეობა 10-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 7 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. “ბლაუგრანამ” გილერმოს მსაჯობით ჩატარებული შეხვედრების 70% მოიგო. არცერთ სხვა გუნდს ასეთი შედეგი არ აქვს.
ფერნანდესმა “ბარსელონას” მატჩებში 1 წითელი ბარათი აჩვენა. მან მოედნიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა. 5 თერთმეტმეტრიანიდან კი “ბარსას” კარში მხოლოდ 1 დაინიშნა.
გილერმო კუადრას მსაჯობით ჩატარებულ 5 მატჩში “რაიოს” 1 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა. ფერნანდესმა ერთი პენალტი დანიშნა და მოედნიდან 1 ფეხბურთელი გააძევა. ორივე ეს გადაწყვეტილება მან “რაიოს” სასარგებლოდ მიიღო.
ვიდეორეფერი 40 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი იქნება, რომელსაც “ბარსელონას” შეხვედრაში მხოლოდ 4-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს. ფუერტესს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი მეტოქეს ერთხელ უჩვენა.
“რაიოს” შეხვედრაში პაბლო გონსალესმა 5-ჯერ იმსაჯა. მადრიდელებმა 2-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს. ფუერტესმა მადრიდელებს 2 კაცი გაუძევა და 1 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა, მეტოქეს კი არცერთი.
სტადიონი
“კორნელიასთან” გუშინ გამართული შეხვედრის დროს “ბარსელონას” ქომაგების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მოედნის საფარი იყო. კატალონიელებს ხელოვნურ საფარზე უწევდათ თამაში, რაც შეხვედრის ხარისხზეც აისახებოდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სერიოზული ტრავმის მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა. საბედნიეროდ, ტრავმებსაც გადავურჩით და მართალია წვალებით, მაგრამ მომდევნო ეტაპზეც გავედით.
“რაიოსთან” შეხვედრის დროს ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გვაქვს. “კამპო დე ფუტბოლ დე ვალეკასზე” ბუნებრივი საფარია დაგებული.
ეს არენა 1976 წელს აშენდა და ის თითქმის 15 ათას გულშემატკივარს იტევს. მოედნის ზომები “კამპ ნოუსთან” შედარებით პატარაა – 100მ x 65 მ (კამპ ნოუ – 105 მ x 68მ).
გამორჩეული ფეხბურთელები
“რაიო ვალიეკანოს” სათადარიგო მეკარე “რეალის” ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანია. ვინ იცის, იქნებ “ბარსელონასთან” მადრიდელთა კარში სწორედ ის ვიხილოთ.
გუნდის ყველაზე ცნობილი წევრი 33 წლის მარიო სუარესია. გამოცდილ ნახევარმცველს მადრიდის “ატლეტიკოში” 185 თამაში აქვს ჩატარებული. მას ასევე უთამაშია “სელტაში”, “მალიორკაში”, “ვალენსიაში”, “ვალიადოლიდში”, იტალიურ “ფიორენტინასა” და ინგლისურ “უოტფორდში”.
არ შეიძლება არ ვახსენოთ პორტუგალიელი ბებე. ამჟამად 30 წლის ნახევარმცველს “მანჩესტერ იუნაიტედში” აქვს ნათამაშები. როგორც ამბობენ, ალექს ფერგიუსონმა ის ბრმად, თამაშის უნახავად, კარლოს კეირუშის რეკომენდაციით იყიდა და “იუნაიტედმა” ფეხბურთელში 9 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 2010 წელს უცნობი ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ფერგიუსონს ბებეს თამაში ნორმალურად არც ტრანსფერის შემდეგ უნახავს და ბევრი მოგზაურობის შემდეგ პორტუგალიელმა თავი “რაიოში” ამოჰყო.
“ვალიეკანოში” ასევე ირიცხებიან “ლა მასიას” აღზრდილები, 23 წლის მარცხენა მცველი ივან მარტოსი და 35 წლის მეკარე ალბერტო გარსია.
საინტერესო ფაქტები
- “ბარსელონას” “რაიოსთან” ჩატარებული ბოლო 13 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” “რაიოსთან” სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს;
- “რაიომ” “ბარსელონას” გოლი ბოლო 5 შეხვედრაში გაუტანა;
- “რაიომ” “ბარსელონა” ბოლოს 2002 წელს დაამარცხა;
- ბოლო 13 თამაშიდან 11-ში “ბარსელონამ” “რაიოს” პირველი ტაიმიც მოუგო და თამაშიც;
- მიმდინარე სეზონში, ბოლო 7 თამაშიდან 6-ში “რაიომ” ანგარიშის გახსნა მოახერხა;
- “ბარსელონამ” პირველი გოლის გატანა ბოლო 5 თამაშში მოახერხა;
- ბოლო 5 თამაშიდან 4-ში “რაიომ” პირველი ტაიმი მოიგო;
- ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში “ბარსელონამ” პირველი ტაიმი მოიგო.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
მარტივი მატჩი არ იქნება. მოგებაზე ფოკუსირება და მომდევნო ეტაპზე გასვლა გვჭირდება.
ახლა სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გამოვალთ. ვიცით, რომ ესპანეთის თასის ჩემპიონობისაკენ გზა, წელს რაიმეს მოსაგებად, უმოკლესია.
სავარაუდო შემადგენლობები
Marca
რაიო (4-4-2): დიმიტრიევსკი, მარიო, საველიჩი, კატენა, ფრან გარსია, ალვარო, კომესანა, ტრეხო, ისი, ბებე, ანდრეს მარტინი.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, მინგესა, უმტიტი, ლანგლე, ფირპო, პიანიჩი, პუჩი, მორიბა, ტრინკაუ, ბრეითუეიტი, მესი.
Sport
რაიო (4-2-3-1): დიმიტრიევსკი, ადვინსულა, საველიჩი, კატენა, ფრან გარსია, კომესანა, ტრეხო, ისი, მონტიელი, ალვარო, ქასმი.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, მინგესა, არაუხო, უმტიტი, ფირპო, ბუსკეტსი, პიანიჩი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
Mundo Deportivo
რაიო (4-2-3-1): დიმიტრიევსკი, ადვინსულა, საველიჩი, კატენა, ფრან გარსია, კომესანა, ტრეხო, ისი, მონტიალი, ალვარო, ქასმი.
ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, დემბელე.
Sportsmole
რაიო: დიმიტრიევსკი, ადვინსულა, კატენა, საველიჩი, ფრან გარსია, სუარესი, კომესანა, პალასონი, ტრეხო, ა. გარსია, ბებე.
ბარსელონა: ნეტუ, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ფირპო, ბუსკეტსი, პიანიჩი, პუჩი, ტრინკაუ, ბრეითუეიტი, მესი.
პროგნოზი
- Squawka: 0-2
- Sportsmole: 1-3
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ეთერში ხილვა აჭარასპორტისა და ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე შეგეძლებათ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
იმედია კუმანი ახალ ანტირეკორდზე არ წავა.
ტერ შტეგენი
მინგესა-პიკე-გარსია-დესტი
რობერტო-ბუსკეტსი-გავი
დეპაი-აგუერო-კოუტინიო
იმედია მოვიგებთ ადვილად და დამატებითი დროის გარეშე, კოპა დელრეი მაინც მოვიგოთ წელს
მესი გახევს შუაზე დღეს ვალეკანოს, დანარჩენებიც აყვებიან მერე. პედრის დღეს მაინც შეეშვას და თუნდაც მორიბა დააყენოს ისევ. პიანიჩი-მორიბა-პუჩი მემგონი კარგი იქნება. შეტევაში გრიზმანი დაასვენოს იქნებ. მესი-დემბელე-ბრატვეიტის ტრიოც გაუქაჩავს მემგონი ამ თამშს, ნუ რათქმაუნდა დემბელეს შეცვლა მოუწევს. დაცვაში კიდევ არაუხო-უმტიტი დააყენოს და ეგაა.
მინგესა, არაუხო, უმტიტი, ფირპო,
ბუსკეტსი, პიანიჩი, პუჩი,
დემბელე, მესი, გრიზმანი.
პედრის დასვენების დროა!!