
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ფეხბურთის მოვლენაა. მისი ტექნიკური არსენალი განუზომლად დიდია. მას შეუძლია გოლის გატანა, საგოლე გადაცემის გაკეთება, მეტოქე მცველის გაბითურება და ა.შ.
იბრაჰიმოვიჩის გზა არ ყოფილა მოფენილი ია–ვარდებით. ზლატანს საკმაო სირთულეების გადატანა მოუხდა, რათა სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. დღეს იგი “ბარსელონას” ღირსებას იცავს და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ზლატანი დაიბადა 1981 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ მალმიოში, შვედეთში. იბრაჰიმოვიჩი ინტერნაციონალურ ოჯახში იზრდებოდა. დედამისი ხორვატია, მამა – ბოსნიელი. ბავშვობა ზლატანმა მალმიოში გაატარა. მას მეტსახელიც შეარქვეს – იბრაკადაბრა, ჯადოსნური თამაშის გამო. ზლატანმა 9 კლასის დამთავრების შემდეგ მიატოვა სკოლა და პროფესიონალური კარიერა დაიწყო.
მისი პირველი ოფიციალური გუნდი გახდა “მალმიო”, რომელთანაც კონტრაქტს ხელი 1996 წელს მოაწერა. მისი თამაში მალმიოში გულშემატკივრების და სპეციალისტების აღტაცებას იწვევდა. მალე ზლატანით არსენ ვენგერი დაინტერესდა, მაგრამ ფეხბურთელმა ინგლისში გადასვლა არ ისურვა.
ცხადი იყო, რომ “მალმიოში” მას დიდხანს არავინ გააჩერებდა. ამიტომ 2001 წელს “აიაქსის” მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, ლეო ბეენჰაკერის მოთხოვნით, შვედი “აიაქსის” საკუთრება გახდა. ჰოლანდიურმა კლუბმა მასში 7,8 მილიონი დოლარი გადაიხადა.
“აიაქსში” იბრას ახალი ერა დაიწყო. კო ადრიანსეს დროს ზლატანი ცოტას თამაშობდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ. კუმანმა აქცენტი სწორედ იბრაჰიმოვიჩზე გააკეთა და არც შემცდარა. ზლატანი გუნდის სული და გული გახდა. მისი წყალობით “აიაქსმა” მოახერხა ჩემპიონი გამხდარიყო. იბრაჰიმოვიჩი ჰოლანდიაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ეს არცაა გასაკვირი – მისი ტექნიკის პატრონი ჰოლანდიელ არცთუ მაღალი კლასის მცველებს იოლად უმკლავდებოდა. ზლატანი არც ჩემპიონთა ლიგაზე ირცხვენდა თავს, თუმცა “აიაქსთან” ერთად იგი დიდ წარმატებას ევროარენაზე ვერ მიაღწევდა.
2004 წლის აგვისტოს ზლატანმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა “ბრედას” კარში – მან მეტოქე გუნდის 5 ფეხბურთელს აუარა გვერდი და გაბითურებულ მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. ეს გოლი “ევროსპორტმა” წლის გოლად აღიარა. ვისაც ნანახი აქვს ეს გოლი, ყველა დაეთანხმება “ევროსპორტის” მესვეურებს.
თუმცა ზლატანი მალე უსიამოვნო ინციდენტში გაება. მან ტრავმა მიაყენა თანაგუნდელ ვან დერ ვაარტს, შვედეთი – ჰოლანდიის თამაშში. ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ ეს ტრავმა მას განზრახ მიაყენეს და იბრაჰიმოვიჩს ამით თავისი კონკურენტის მოცილება უნდოდა. ბუნებრივია, ასეთი განცხადების შემდეგ ზლატანი “აიაქსში” დიდხანს არ დარჩებოდა. იგი “იუვენტუსში” გადავიდა.
“იუვენტუსმა” იბრაში 19 მილიონი გადაიხადა. ზლატანმა მალე მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება და “იუვენტუსის” შეუცვლელი მოთამაშე გახდა. პირველ სეზონში მან 16 გოლის გატანა მოახეხა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იბრა გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ იდილიამ დიდხანს არ გასტანა.
2005/06 წლის სეზონში ზლატანის შედეგიანობამ საგრძნობლად იკლო. ამაში “იუვენტუსის” ტაქტიკას ადანაშაულებდნენ. ზლატანს უფრო ფლანგებზე ათამაშებდნენ, ამიტომ, იგი ძველებურად ვეღარ ემუქრებოდა კარს. ამას მოჰყვა “არსენალთან” მარცხი ჩემპიონთა ლიგაში და იბრას გაყიდვაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ. თუმცა ზლატანი იძულებული გახდა თვითონ წასულიყო გუნდიდან, რადგან “იუვენტუსი” მაქინაციებში ამხილეს და სერია ბ–ში ჩამოაქვეითეს. ზლატანიც “ინტერში” გადავიდა.
“ინტერთან” ზლატანმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალმა კლუბმა მასში 24 მილიონი დოლარი გადაიხადა. ზლატანს არც “ინტერში” გაუჭირდა ადაპტაცია და მალე იგი გუნდის ლიდერი გახდა.
პირველ სეზონში მან 15 გოლი გაიტანა და დაეხმარა “ინტერს” სკუდეტოს მოპოვებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “იუვენტუსი” არ იღებდა მონაწილეობას ამ ჩემპიონატში, მაგრამ ეს არ აკნინებს “ინტერის” დამსახურებას. “ინტერმა” ზედიზედ სამი სკუდეტო მოიპოვა და ზლატანმა თქვა, რომ არსად უგრძვნია თავი ისე ბედნიერად, როგორც “ინტერში”.
იტალიელთა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ ზლატანი მსოფლიოში საუკეთესოდ მონათლა.
– იგი კრიშტიანუ რონალდუსაც ჯობია, – თქვა მან.
ასეთი შექება მკაცრი პორტუგალიელისგან ძალიან ცოტა ფეხბურთელს თუ დაუმსახურებია.
ზლატანი ასევე წარმატებით ასპარეზობდა შვედეთის ნაკრებში, თუმცა ჩავარდნებიც ჰქონდა. მან პირველი შეხვედრა 2001 წელს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ევრო 2004–ზე ზლატანმა შესანიშნავი გოლი გაუტანა იტალიას, მაგრამ 11–მეტრიანი გააცუდა ჰოლანდიის წინააღმდეგ პენალტების სერიაში. ამიტომ ევროპის ჩემპიონატს მაინცდამაინც წარმატებულს ვერ უწოდებ იბრასთვის.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზლატანმა გოლი ვერ გაიტანა, ხოლო შვედეთი მერვედფინალში გამოეთიშა ტურნირს. ამის შემდეგ ზლატანის ავტორიტეტი ნაკრებში შედარებით შემცირდა. ის აღარ იყო ისეთი უპირობო ლიდერი, როგორც ადრე. ამას დაემატა უთანხმოება მთავარ მწვრთნელთან.
ინციდენტი ასე დაიწყო. ზლატანმა და მისმა ორმა თანაგუნდელმა დაარღვიეს წესები და ლიხტენშტეინთან მატჩის წინა ღამეს ღამის კლუბში წავიდნენ. ამის გამო მწვრთნელმა ისინი დასაჯა და თამაში გამოატოვებინა. ამან ზლატანის რისხვა გამოიწვია. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საერთოდ აღარ ითამაშებდა ნაკრებში და ბოიკოტი გამოაცხადა. მალე შვედმა გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებში დაბრუნდა.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზლატანმა ორი გოლი გაიტანა, მაგრამ შვედეთი ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა. მაგრამ ამას დიდად არ დაუღონებია შვედი ფორვარდი, რადგან იგი “ბარსელონაში” გადავიდა სათამაშოდ. “ბარსელონამ” 40 მილიონი და პლიუს ეტოო შეალია ამ ტრანსფერს.მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა 2009–10 სეზონში ვერ გაამართლა და გააწბილა გულშემატკივარი და ბევრს სურს მისი გუნდიდან გაშვება.
ავტორისაგან: ზლატანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია ალბათ ყველა დამეთანხმებით, მაგრამ ჯერ–ჯერობით “ბარსაში” ვერ ამართლებს.ჩვენ იბრაჰიმოვიჩს და ყველა გულშემატკივარმა ხელი უნდა შეუწოთ მას და შანსი მივცეთ. ის აუცილებლად გამოსწორდება და დაიწყებს “იბრაჰიმოვიჩის” თამაშს და ტექნიკას და ულამაზეს გოლებს.მე მომხრე ვარ რომ იგი გუნდში დარჩეს.
წყარო: www.barca.ge