ეუსებიო საქრისტანი “ბარსაში” ბრუნდება. ეს არის კლუბი, სადაც მან 2 “ოქროს ხანით” მიიღო სიამოვნება. პირველად მაშინ, როდესაც გუნდს “ბარსას” იოჰან კრუიფი წვრთნიდა და მეორედ მაშინ, როდესაც იგი ფრენკ რაიკაარდთან ერთად, “ბარსელონას” ედგა სათავეში…
კატალონიის “ბარსელონასა” და ეუსებიოს ახლო ურთიერთობა სათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც “ბარსამ” ლა სეკაში დაბადებული ახალგაზრდა ფეხბურთელი “ატლეტიკო მადრიდიდან” შეიძინა. როგორც ჩანს, ვალიადოლელი ახალგაზრდის შესაძლებლობებს დამალვა არ უცდიათ და მათი დახმარებით, ეუსებიომ იოჰანის გუნდში ადგილის დამკვიდრებაც მოახერხა. “ბარსელონას” პირველ გუნდში მან 7 სეზონი დაჰყო – ჩაატარა 403 შეხვედრა და მეტოქეთა კარის ბადის შეწუხებაც 39–ჯერ მოახერხა. მას საბოლოოდ 4 “ლა ლიგას”, 3 “ესპანეთის სუპერ თასის” და თითო–თითო “ევროპის თასის”, “ევროპის სუპერ თასის”, “თასების მფლობელთა თასისა” და “სამეფო თასის” ტიტულები დაუგროვდა.
ეუსებიომ საფეხბურთო კარიერა “ვალიადოლიდში” დაასრულა, ხოლო ამის შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. 5 სეზონის განმავლობაში, ფრანკ რაიკაარდთან ერთად იგი “ბარსელონას” წვრთნიდა. მას ტიტულები არც მწვრთნელის ასისტენტის რანგში ყოფნისას მოკლებია. ეუსებიომ ორ “ლა ლიგას”, 2 “ესპანეთის სუპერ თასსა” და ერთ “ჩემპიონთა ლიგის” ტიტულებს მოუყარა თავი … როდესაც რაიკაარდმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად “ბარსას” პეპ გვარდიოლა ჩაუდგა სათავეში, საქრისტანი “სელტა ვიგოს” გაწვრთნით დაკავდა. მან “სელტაში” სეზონ–ნახევარი დაჰყო და ფეხბურთის გულშემატკივარს იმით დაამახსოვრა თავი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს იგი დიდ ყურადღებას აქცევდა. ამის შემდეგ ეუსებიომ “ბარსას” ტელევიზიაშიც იმუშავა კომენტატორად, ხოლო ახლა იგი ლუის ენრიკეს საქმის ღირსეულად გაგრძელებას შეეცდება…