გუშინ კატალონიის ერთ-ერთმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ”ბარსელონასა” და ფაბრეგასს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. გადაცემის წამყვანის თქმით, ფაბრეგასი ნომერ პირველი პრიორიტეტია პეპ გვარდიოლასათვის. მწვრთნელს ფეხბურთელებისგანაც განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, მესი მიიჩნევს, რომ ”მეთოფეთა” კაპიტანი იდეალური კანდიდატურაა სამომავლოდ გუნდის გაძლიერებისთვის.
გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ პარასკევს, ერთმანეთს შეხვდებიან ”ბლაუგრანას” წარმომადგენლები და ფაბრეგასის აგენტი, რომ განიხილონ სამომავლო ნაბიჯები. აღნიშნულ ოპერაციაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი აკისრია არსენ ვენგერს, რომელიც აღარ აპირებს სესკის ძალით შენარჩუნებას და მზადაა, რომ დათმოს გუნდის კაპიტანი, თუმცა ამჯერად კატალონიელის ფასი შარშანდელთან შედარებით ნაკლები იქნება.
”ბარსელონა” ”არსენალს” გაცილებით ნაკლებ თანხას სთავაზობს სესკში, ვიდრე ”მანჩესტერ სიტი”, ”ჩელსი” და მადრიდის ”რეალი”. თუმცა ეს ყველაფერი გამომდინარეობს თავად ფაბრეგასის უდიდესი სურვილიდან. მას ”ბარსაში” დაბრუნება და ტიტულების მოგება სწყურია.



