workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილას ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ვილას ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას ისაა, რომ დავიდი ესპანელია და პრიმერა დივიზიონშია “გაზრდილი”. მას არ უნდა გაუჭირდეს კლუბთან შეგუება, რადგან სწრაფია, უყვარს კომბინაციური თამაში, მაქსიმალურად იყენებს შექმნილ მომენტებს და როცა საშუალება აქვს არც საგოლე პასის გაკეთებას თაკილობს. დამეთანხმებით, ვილა იდეალურად ერგება “ბარსელონას” სტილსა და საფეხბურთო ფილოსოფიას. გახსოვთ ალბათ, თუ როგორ “ათრევდა”” ღამურებს და თითოეულ სეზონში საშუალოდ 25-30 გოლს იტანდა. ეს მაშინ, როცა მის მხარდამხარ სილვა, ხოაკინი, ბანეგა, ვისენტე და ბარაჰა თამაშობდნენ. ახლა კი ვინ ეყოლება გვერდით? მესი, ხავი ინიესტა, ალვეში, ზლატანი და ა.შ. შტამბეჭდავია ეს ყველაფერი. ამის გათვალისწინებით, დავიდს ეყოლება იდეალური პარტნიორები და დარწმუნებული იყავით, რომ ეს ფეხბურთელები მრავალ საგოლე მომენტს შეუქმნიან მას. აღსანიშნავია, რომ დავიდს საკლუბო დონეზე ტიტულები პრაქტიულად არ აქვს, რაც მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შესძენს და ყველაფერს გააკეთებს, რათა კარიერა ტიტულებით დახუნძლულმა დაასრულოს.

შედარება ზლატანის ტრანსფერთან

ახლა გეტყვით, თუ რატომ არის ვილას ტრანსფერი უფრო ჭკვიანური ვიდრე ზლატანის. იბრაჰიმოვიჩი მილანის “ინტერიდან” იყიდეს, სადაც მიჩვეული იყო იტალიურ ფეხბურთს, სერია ა-ს. იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ზლატანს პრიმერასთან შეგუენა გაუჭირდა, რაც გამორიცხულია ვილას შემთხვევაში. “ელ გუახე” ესპანელია და სამშობლოში აგრძელებს თამაშს, ზლატანის წარმომავლობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცით. ეს ერთი, ახლა მეორე: იბრაჰიმოვიჩი როცა გუნდში მოვიდა, არ იცნობდა არცერთ ფეხბურთელს, გარდა მაქსველისა. თავის მხრივ ბრაზილიელიც ახალწვეული იყო, ამიტომ ვერ დაეხმარებოდა ადაპტაციის სწრაფად გავლაში. ვილას კი გუნდში ბევრი მეგობარი ხვდება. მაგალითად, ხავი პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, ინიესტა. მათ მხარდამხარ არაერთხელ უთამაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და მოედანზე ურთიერთგაგების პრობლემა არ უნდა იყოს. “ეელ გუახეს” ასევე ძალზედ ახლო ურთიერთობა აქვს ლეო მესისთან. ისინი ერთად უკეთებენ რეკლამას ადიდასის F50 მოდელის ბუცებს. ერთი სიტყვით, დავიდს ადაპტაციის გავლა არ დასჭირდება. ეს მეორე, ახლა მესამე: ზლატანი უფრო მეტად ინდივიდუალისტია და გუნდზე თამაშს მიჩვეული არ არის. “ბარსაში” აქვს მცდელობა დაუთმოს საგოლე მომენტი პარტნიორს, ან პასებით ითამაშოს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი დავიდ ვილას თამაში ესპანეთის ნაკრებში ან “ვალენსიაში”. დამეთანხმებით, რომ ის უპირატესობას გუნდზე თამაშს ანიჭებს.

უარყოფითი მხარეები

პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ დავიდ ვილა 28 წლისაა. მომავალი სეზონისთვის კი უკვე 29-ის იქნება. არის ეს ტრანსფერი 2-3 წლისთვის გათვლილი ? მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ასეც რომ იყოს, არ იქნება ცუდი. 3 წელი უმაღლესი დონის ფორვარდი რომ იყოს გუნდში ვის ექნება საწინააღმდეგო რამე ? დღესდღეობით ვილაში გადახდილი 40 მილიონი ბევრი ნამდვილად არ არის. (გავიხსენოთ ზლატანის ტრანსფერი) ხომ არ არის დაგვიანებული ვილას ტრანსფერი? მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია. დავიდი გასულ ზაფხულს უნდა შეეძინა “ბარსას” და დარწმუნებული ვარ სეზონს უფრო მეტი ტიტულით დავასრულებდით. ალბათ, თავად ვილასაც დააგვიანდა წასვლის გადაწყვეტილების მიღება. იყო საჭირო კიდევ ერთი თავდამსხმელის ყიდვა? ხომ არ აჯობებდა ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება? აქ აზრები ორად იყოფა, მაგრამ უმრავლესობის აზრით საჭირო იყო, რადგან ზლატანმა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე აშკარად ვერ გაამართლა. ის არ არის “ბარსელონას” სტილის ფებურთელი. ზოგნიც ფიქრობენ, რომ ბოიან კრკიჩს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს და ამხელა კონკურენციაში შესაძლოა საერთოდ დაიკარგოს ახალგაზრდა ესპანელი.

ასეა თუ ისე, უნაკლო ფეხბურთელი არ არსებობს. დავიდ ვილას დადებითი უფრო მეტი აქვს ვიდრე უარყოფითი. ის გოლების ნამდვილი მანქანაა. ძალიან მალე მოირგებს 7 ნომრიან მაისურს და ნამდვილი “ბარსელონელი” გახდება. წარმატებები ვუსურვოთ მას და იმედი ვიქონიოთ, რომ არაერთ სიხარულს მოგვანიჭებს ეს ესპანელი ფეხბურთელი.

 

აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ დახვდნენ დავიდს “ბარსელონაში”.

[media=http://www.youtube.com/watch?v=0reHGVJmY_I]

ირაკლი ჯაფარიძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში