ჯუზეპე როსის, ალექსის სანჩესისა და კიდევ სხვა მრავალი ფეხბურთელის გვართან ერთად, იტალიაში, კატალონიის “ბარსელონას”, იტალიურ “ნაპოლიში” მოთამაშე არგენტინელ შემტევ ფეხბურთელს, ეზეკიელ ლავეზის უკავშირებენ…
იტალიურ პორტალ “სპორტმედიასეტზე” დაყრდნობით, კატალონიური გამოცემა “სპორტი” კიდევ ერთ შესაძლო ტრანსფერზე ალაპარაკდა. კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბარსელონას” წარმომადგენელი “ელ პოჩოს” (ლავეზის) ამბებით დაინტერესდა და ამისათვის იგი თურმე ნეაპოლსაც კი სტუმრებია.
არგენტინელმა თავდამსხმელმა, წლევანდელ სეზონში “სერია ა”–ს 38 თამაშიდან 31–ში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს 6 გოლითაც დაეხმარა. იგი გუნდში კავანისა და ჰამშიკის შემდეგ ამ შედეგით მესამეა. იგი იტალიურ კლუბში 2007 წელს, “სან ლორენცოდან” მივიდა. ახლა კი 1985 წლის 3 მაისს დაბადებული ფეხბურთელი შესაძლოა “ბარსელონაშიც” აღმოჩნდეს. თუმცა, სხვა ფეხბურთელების გვარების ფონზე, ნაკლები შანსია იმისა, რომ მომავალი სეზონიდან ლეო მესის, გვერდი სწორედ ამ ახალგაზრდამ დაუმშვენოს.



