ზუსტად 20 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ლიონელ მესი ბარსელონაში პირველად ჩავიდა. კატალონიურმა კლუბმა 2001 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც “ბარსელონას” მომავალი ლიდერი ახალ გუნდში პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
“თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე, ჩემი უბნის გუნდში, სადაც ყოველ კვირას ვიკრიბებოდით. აქ დაუვიწყარი დრო მაქვს გატარებული. როცა 7 წლის ვიყავი, ჩემი ძმის დამსახურებით, “ნიუელსში” მივედი და იქ 14 წლამდე ვთამაშობდი. ახლა “ბარსელონაში” ვარ.
აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არგენტინასთან შედარებით, სულ სხვანაირი ცხოვრებაა. იმის მიუხედავად, რომ არგენტინა ჩემი ქვეყანაა, იქ მყავს მეგობრები, ოჯახი, აქ ყველაფერი განსხვავებულია და ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ.
პირველად “ინფანტილ ბ”-ში ვითამაშე. გუნდმა ორი თამაში ჩაატარა – ერთი სტუმრად და ერთი სახლში. პირველივე წუთებზე ტრავმა მივიღე და როცა გავიგე, რომ ვეღარ ვითამაშებდი, ძალიან შევწუხდი. ამ ტურნირზე თამაში და თანაგუნდელების დახმარება ძალიან მინდოდა. დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოვახერხე, როცა სეზონის დასრულებამდე სულ რამდენიმე მატჩი იყო დარჩენილი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ მომდევნო სეზონს კარგ ფორმაში შეხვდე.
მე შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ. ბურთის მიღება, ფლანგებზე გადატანა და თამაშის გახსნა მომწონს. ხანდახან, მცველებს თავად ვუმკლავდები და გატანას ან პასის გაკეთებას ვცდილობ. სიმაღლისა და ფიზიკური მონაცემების მცირე ნაკლი მაქვს და ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ბურთის მოპოვებისთვის ორთაბრძოლებში სუსტი ვარ. ვფიქრობ, რომ თანდათან ეს უფრო გამიადვილდება.
ზოგადად, სამხრეთ ამერიკელებს ევროპულ ფეხბურთთან შეგუებისთვის მეტი დრო სჭირდებათ, რადგან განსხვავება ძალიან დიდია”.



