პორტუგალიელი ვარსკვლავის ესპანეთში გამოჩენამ შედეგი უმალ გამოიღო, მესიმ უფრო მაღალი მიზნები დაისახა, რომელთა განხორციელება არ გასჭირვებია. ლეომ კრიშტიანოს დაანახა, რომ “ლა ლიგა” მისი ტერიტორიაა და ის როგორც პირენეებზე, ასევე მთელს ევროპაშია ბოსი.
უმოტივაციოდ დარჩენა კატალონიელებს მომავალ სეზონშიც არ ემუქრებათ, რადგან მადრიდელები მრავალმილიონიან ტრანსფერებზე უარის თქმას არ აპირებენ. სენიორ პერესის პირველი ნაბიჯი, სავარაუდოდ, პელეგრინის მაურინიოთი ჩანაცვლება იქნება.

“ბარსელონას” ყოფილი თარჯიმანი, დღეს კი სახელოვანი მწვრთნელი, “თეთრ სახლს” მართლაც თუ ჩაიბარებს, კატალონიელები ორმაგად მონდომებულნი ითამაშებენ პრიმერადივიზიონში, რათა პორტუგალიელზე შური იძიონ.
კულუარული ინფორმაციით, ბლანკოსის ბოსმა, მაურინიოს მოთაფლვა უკვე შეძლო და გარიგების დეტალები საზოგადოებისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდება ცნობილი.
მოვლენების ამგვარად განვითარების ფონზე სულერთი ნამდვილად არ არის ის, თუ ვინ მოიგებს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს. “ინტერი” თუ გაიმარჯვებს, მაურინიო მადრიდში სასწაულმოქმედის სტატუსით ჩავა, ხოლო ორთაბრძოლიდან ვან გაალი თუ გამოვა გამარჯვებული, მაშინ ჟოზეს კასტილიურ მომავალს მარცხის გემო ექნება.