workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო სირთულეები

სატრანსფერო სირთულეები

 „ბარსელონაში“ ამჟამად იმაზე მეტი ფეხბურთელი ირიცხება ვიდრე საჭიროა. გარდა ფინანსური კრიზისისა, კლუბში სპორტული მიმართულებითაც ქაოსია და ჯერ ვერავინ გარკვეულა, ვინ წავა და ვინ დარჩება. ფეხბურთელების გაშვება ცალკე პრობლემაა, რაც ბართომეუს მმართველობას უკვე დიდი ხანია ახასიათებს, თავის დროზე ძალიან გაჭირდა ანდრე გომეშის, დენის სუარესის, პაკო ალკასერისა და არდა თურანის გაშვება. საბოლოო ჯამში კლუბმა სერიოზულად იზარალა ფინანსურად, რადგან თითოეულ მათგანში გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე სანაცვლოდ მიიღო.

ამიტომ, რონალდ კუმანს, შესაძლოა ბევრი ფეხბურთელის გაშვება სურს, მაგრამ ეს რთული ოპერაცია იქნება. წამსვლელთა სია კი ასე გამოიყურება:

ლუის სუარესი

სხვადასხვა გამოცემებმა ლუის სუარესის ტრანსფერზე უკვე დაწერეს, ზოგმა „იუვენტუსში“ გადაიყვანა, ზოგმა „ატლეტიკოში“, თავად ურუგვაელი კი „ბარსაში“ ვარჯიშობს და დარჩენას აპირებს. კუმანმა მას უკვე უთხრა, რომ მის გეგმებში არ შედის, მაგრამ ლუისი დარწმუნებულია, რომ სეზონის მიმდინარეობისას გრიზმანს აჯობებს. ლუისს ერთი დიდი უპირატესობა აქვს, გაცილებით კარგად არის მესისთან შეთამაშებული. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ განვლილ სეზონში თუ კრიტიკა დაიმსახურა, ეს უმეტესად ოპერაციის შემდგომ პერიოდს უკავშირდებოდა, მანამდე მშვენივრად გამოიყურებოდა, „ინტერთან“ მისი დუბლით მოვიგეთ, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩებოდა, (ოპერაციამდე), ხოლო „მალიორკასთან“ კარიერის საუკეთესო გოლი გაიტანა, რომელიც დიდი ალბათობით წლის გოლიც გახდება. (თუ FIFA-ს დაჯილდოება ჩატარდა.)

არტურო ვიდალი

ვიდალს პირადად ანტონიო კონტე ითხოვს, მათ ერთად უკვე უმუშავიათ ტურინის „იუვენტუსში“ და როგორც ჩანს, ერთმანეთს კარგად უგებენ. თავის დროზე, კონტეც ასეთივე უფანტაზიო ნახევარმცველი იყო. „ბარსას“ სურდა, რომ ვიდალის ტრანსფერს ლაუტაროს ტრანსფერზე მოეხდინა გავლენა, მაგრამ ეს საქმე არ გამოვიდა.

რაფინია

რაფინია დაბრუნდა, „სელტამ“ ვერ შეძლო 16 მილიონი ევროს გადახდა. როგორც MD გვამცნობს, რონალდ კუმანს მოსწონს მისი თამაში და არც სერიოზული შეთავაზებები არსებობს, ასე რომ, დიდი ალბათობით, რაფინია „ბარსელონაში“ დარჩება და ძალიან მძიმე კონკურენციაში ჩაებმება.

ტოდიბო

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსას“ დაცვაში პრობლემები აქვს, აქტიურად ცდილობს ტოდიბოს გაყიდვას, „შალკემ“ ვერ შეძლო თანხის დაფარვა და ტოდიბო დააბრუნეს. ამჟამად ინტერესი პრემიერ ლიგიდან არის, MD-ს ინფორმაციით „ევერტონი“ და „ლესტერი“ ინტერესდებიან. „ევერტონს“ „ბარსასთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და არასდროს უნანია „ბარსას“ ფეხბურთელის გადაბირება. ბართომეუ ტოდიბოში 25 მილიონ ევროს ითხოვს.

უმტიტი

რთული ვითარებაა უმტიტის გარშემოც, ის ჯერ კიდევ 26 წლის არის, არადა მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ ვეტერანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ქრონიკულმა ტრავმებმა უმტიტის წაართვა შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველი ყოფილიყო, არადა ჰქონდა ამის პოტენციალი.

რონალდ კუმანმა უკვე გააფრთხილა, რომ მასზე აქცენტს არ გააკეთებს და შეუძლია კლუბი დატოვოს. ინტერესს ჯერჯერობით მხოლოდ „ლიონი“ იჩენს, ამიტომ არ არის გამორიცხული, უმტიტი დეპაის ტრანსფერში ჩაერთოს.

ჟუნიორ ფირპო

„ბარსა“ მის გასაშვებად მზად არის, მაგრამ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს. ამდენის გადამხდელი კლუბი კი არ ჩანს. ისე კი უცნაურია, გუნდს, რომელსაც დაცვაში ამდენი პრობლემა აქვს, არავის ყიდულობს და პირიქით – მცველებს ტრანსფერზე აყენებს.

მუსა ვაგე

მასში „ბარსელონა“ 10 მილიონს ითხოვს, პრემიერ ლიგის კლუბები მზად არიან თანხის გადასახდელად, სენეგალელმა მცველმა, შესაძლოა სულ მალე კლუბი დატოვოს.

ბრეითუეიტი

თავიდანვე დიდი სისულელე იყო მასთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება, ფეხბურთელისთვის რომლის საჭიროებაც, მხოლოდ იმ დროის განმავლობაში იყო, რა დროსაც სუარესი ლაზარეთში გაატარებდა. ახლა მისი გაყიდვა უნდათ, მაგრამ არ გამოდის, დანიელში 18 მილიონი ევროს გადახდა არავის სურს. არადა, მისი ადგილი გუნდში არ არის, კუმანმა თქვა, რომ ფატის ცენტრშიც განიხილავს. პლუს ამას, თუ სუარესი დარჩა, მაშინ ბრეითუეიტის სახით უბრალოდ პარაზიტი გვეყოლება, რომელიც არაფრის კეთებაში აიღებს ხელფასს.

ასევე ტრანსფერზე არიან – მონჩუ, მირანდა და ორიელ ბუსკეტსი, მაგრამ „ბარსას“ შეთავაზებები არ მიუღია. ასეთი გუნდის მართვა, რონალდ კუმანსაც კი გაუჭირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 11 სექ 2020, 14:15
    #2

    ტობიდო კი არა ტოდიბო.

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2020, 13:01
    #1

    ვიდალი რაფინია ფირპო ბრაიტვაიტი უმტიტი ვაგე გასაყიდია ყველა და მინიმალურ ფასშიც ვერ ყიდიან ამაზე ტუპოი ხელმძღვანელობა ვის ყავს ნეტა ხო ხედავ ეს დედა მიცენზურებული უნდა კონტეს ვიდალი შენ დე ვრეი ჩართე რა ბარტერში და ისიც იხეირებს და შენც უმტიტი უნდა ლიონს შენ დეპაი ჩართე ბარტერში და მოიყვანე ეს დეპაი რას უჟმოტავ გარსიაზე იმ 5 მილიონს გადაიხადე და წამოიყვანე გაყოდე ეს რაფინია ბრაიტვაიტი და ვაგე 10-10 მილიონად და მოიყვანე დესტი მარა არა კაპიკებში უნდა ფეხბურთელების ყიდვა და იჟმოტება უაზროდ ფუი რაა