workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი შემთხვევა, როცა მატას “ბარსაში” გადასვლა შეეძლო

სამი შემთხვევა, როცა მატას “ბარსაში” გადასვლა შეეძლო

ხუან მატა ყოველთვის იყო “ბარსელონას” ინტერესის სფეროში, მისი გადაბირება კლუბს სამჯერ სურდა, მაგრამ სამივეჯერ სხვაგვარად გადაწყდა – ავრცელებს Mundo Deportivo.

“ბარსას” “სამი ღამურა” ყოველთვის მოსწონდა, რადგან სათამაშო სტილით, იდეალურად ერგებოდნენ “ბარსელონას”, მაშინ ჯერ კიდევ ახალბედები იყვნენ და მათი შეძენის შესაძლებლობა “ბარსას” რამდენჯერმე მიეცა.

სამიდან მხოლოდ ერთი გახდა “ასულგრანას” წევრი – დავიდ ვილია ეპოქალური “ბარსას” ერთ-ერთ დამრტყმელ ძალად იქცა. დავიდ სილვას და ხუან მატას კი, “ბარსელონაში” არასდროს უთამაშიათ. პეპ გვარდიოლას პერიოდში, კლუბი ცდილობდა ორივე მათგანის გადაბირებას, პეპს მათი უნივერსალიზმი ხიბლავდა, როგორც ერთს, ისე მეორეს, გარემარბად შეეძლო თამაში და ცენტრშიც მშვენივრად გამოიყურებოდნენ, პედროსთან კონკურენცია ნამდვილად შესაძლებელი იქნებოდა, ან ვინ იცის.. იქნებ გვარდიოლას მორიგი ტაქტიკური ექსპერიმენტისთვის სჭირდებოდა დავიდ სილვა და ხუან მატა.

ასეა თუ ისე, ტრანსფერი ვერ შედგა.

პირველად, მატას გადაბირება ჩიკი ბეგირისტაინს სურდა, ჩიკის უნდოდა ხელში ჩაეგდო ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის “რეალიდან” უთამაშებლად გაუშვეს, შემდეგ კი “ვალენსიაში” ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. შესაძლოა, ჩიკი ფიქრობდა, რომ “რეალზე” დაგეშილ კიდევ ერთ ფეხბურთელს ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მას სურდა.

მეორედ, ანდონი სუბისარეტას, “ჩელსიმ” დაასწრო და მატამ სამუდამოდ დაუკავშირა ბედი პრემიერ ლიგას.

მესამედ, მატას გადაბირების სურვილი, ერიკ აბიდალს ჰქონდა, ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდებოდა და მისი უფასოდ ხელში ჩაგდება იყო შესაძლებელი, მაგრამ ვერაფრით მოხიბლეს და “უნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ხუან მატას მამას, წარსულში ასევე ფეხბურთელს, ძალიან სურდა შვილის “ბარსელონაში” ხილვა. მას მიაჩნდა, რომ მატა იდეალურად მოერგებოდა “ბარსას” სათამაშო სტილს, ეს ესპანეთის ნაკრებშიც კარგად ჩანდა, სადაც “ბარსელონელები” და “ვალენსიელები” ერთმანეთს თვალდახუჭული უგებდნენ.

“ვერც ერთ შემთხვევაში, ხუანი “ბარსაში” ვერ აღმოჩნდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მან დიდ კლუბებში ითამაშა” – ამბობს Mundo Deportivo-სთან მატას მამა.

ამ სიტყვებს, ხუან მატა უფროსი, დანანებით ამბობს, რაც ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან გარდა იმისა, რომ უმცროსი ხუან მატას მამაა, ასევე მისი აგენტიც ბრძანდება, ამიტომ მართლა ასე რომ ნდომოდათ “ბარსელონაში” მოხვედრა, როგორმე, ერთ შემთხვევაში მაინც შეძლებდნენ ამას.

როგორც ჩანს, მადრიდული ფესვები, მაინც თავისას შვება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward