ლაპორტა vs ფონტი, ნოსტალგია ინოვაციის წინააღმდეგ

ლაპორტა vs ფონტი, ნოსტალგია ინოვაციის წინააღმდეგ

2021 “ბარსელონასთვის” საარჩევნო წელიწადია. ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბი ახალ პრეზიდენტს ივნისის თვეში აირჩევს.

რა ვიცით ამჟამად? დღეისათვის ოფიციალურად მხოლოდ ორი კანდიდატია – ვიქტორ ფონტი და “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა.

როგორც ჟოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, ის “ბარსელონას” სათავეში ყოფნას მეორე ვადით არ აპირებს და შესაბამისად, კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

სანამ სხვა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მოდით, ლაპორტასა და ფონტის პროექტები მიმოვიხილოთ და განვსაზღვროთ, თუ რომელი იქნება უფრო მეტად მომგებიანი “ბლაუგრანასთვის”.

ჟოან ლაპორტა

მწვრთნელი

ყველასათვის ნათელია, რომ ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება და კიკე სეტიენის მოყვანა წინ გადაგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, კატალონიელებს “ბეტისის” ყოფილ მწვრთნელამდე რონალდ კუმანთან და ჩავისთან ჰქონდათ მოლაპარაკებები.

“კამპ ნოუზე” შუა სეზონში მოსვლა არც ერთ მათგანს არ სურდა. კუმანს ნიდერლანდების ნაკრები უნდა გაეყვანა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, ჩავის კი “ალ საადთან” ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.

“ბარსას” ექს-პრეზიდენტის მიზანი გუნდში ჩავის ან გვარდიოლას დაბრუნებაა. 2008 წელს სწორედ ლაპორტას გადაწყვეტილებით დაინიშნა პეპი მთავარ მწვრთნელად, ჟოანმა მის კანდიდატურაზე კონსულტაციები იოჰან კრუიფთანაც გაიარა.

El Temps-თან ინტერვიუში, მან ამ წინასაარჩევნო დაპირებაზე კომენტარი გააკეთა:

“იმ შემთხვევაში, თუ “ბარსას” პრეზიდენტი გავხდები, დარწმუნებული ვარ გვარდიოლა გუნდს ისევ გაწვრთნის. ახლანდელ ხელმძღვანელობასთან ის არასდროს დაბრუნდება.”

“ჩავი უკვე მწვრთნელია, ფეხბურთით ცხოვრობს და ზუსტად იცის თუ როდის იქნება სათანდო დრო დასაბრუნებლად.”

“2021 წელს გუნდში მისი თანაგუნდელები ისევ  იქნებიან და აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა მზად ძველი გუნდელების გასაწვრთნელად.”

ლა მასია

“ბარსელონას” ოქროს თაობა სწორედ ლაპორტას პერიოდში ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერების სახით გუნდი ასევე გაძლიერდა, მთავარ ქვაკუთხედს, რისი წყალობითაც გუნდმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, მაინც “ლა მასიელები” წარმოადგენდნენ: ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და ჩავი.

როგორც ნამდვილი კრუიფისტა, ლაპორტა ტრანსფერებამდე ყოველთვის “ლა მასიელების” დაწინაურების მომხრე იყო. მართალია, ყველა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა, თუმცა ამაში პრეზიდენტის ბრალეულობა მცირეა. მან თითოეულ მათგანს თავის გამოსაჩენად საკამარისი შანსი მისცა. გარდა ლეგენდარული “ბლაუგრანელებისა”, ჟოანის დროს კლუბმა ასევე ბოიან კრკიჩი, ოლეგერი, დამია პერესი და ჟეფრენ სუარესი აღზარდა.

შესაძლოა, მათი კატალონიური გუნდის მაისურში ხილვა დიდად წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა, მაგრამ კლუბი გაყიდვამდე გარკვეულ ავანსებს მათზე მაინც გასცემდა.

ტრანსფერები

მისი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ნეიმარია. ლაპორტამ ამის შესახებ უკვე განაცხადა El Cuatros-თან:

“დარწმუნებული ვარ, ნეიმარს დავაბრუნებ. წინა პრეზიდენტები მის შესახებ ჩამოყალიბებულნი არ იყვნენ.”

ჟოანის წარსული ტრანსფერების სია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: რონალდინიო (27 მილიონი ევრო), რაფაელ მარკესი (5,25 მილიონი ევრო), დეკუ (21 მილიონი ევრო), სამუელ ეტოო (24 მილიონი ევრო), მარკ ვან ბომელი (უფასო), ტიერი ანრი (24 მილიონი ევრო), იაია ტურე (9 მილიონი ევრო), ერიკ აბიდალი (15 მილიონი ევრო), დანი ალვესი (35 მილიონი ევრო), სეიდუ კეიტა (14 მილიონი ევრო), დავიდ ვილა (40 მილიონი ევრო) და ხავიერ მასკერანო (19 მილიონი ევრო).

მესი

არგენტინელთან მიმართებაში ორი საკითხია განსახილველი. მას კონტრაქტი უკვე მომდევნო ზაფხულში ეწურება.

ბართომეუს 32 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვა სურდა, თუმცა, მისი დათანხმება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა. ლაპორტას განცხადებით კი, მას არგენტინელთან კარგი ურთიერთობა აქვს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმება არ გაუჭირდება.

“მესის გახანგრძლივებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება. ასევე ვხვდები, რომ როგორც კაპიტანი, ის გაღიზიანებულია. “ბარსას” ფეხბურთელი რომ ვიყო, ბედნიერი არც მე ვიქნებოდი.”

მეორე საკითხი კი, რაც მესის შეეხება, მისი კარიერის გარდაუვალი დასასრულია. არგენტინელი ივნისსში 33 წლის ხდება და გუნდი, რომელსაც ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ამბიციები აქვს, მასზე სრულად დამოკიდებული ნამდვილად არ უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, “ბარსა” მესიზე დამოკიდებული გუნდიდან ერთ სრულ ორგანიზმამდე უნდა ტრანსფორმირდეს. ტაქტიკურად უნდა დაიგეგმოს პოზიციური თამაში, ანუ სათამაშო სქემა, რომლის წყალობითაც იოჰან კრუიფმა პირველი, ხოლო გვარდიოლამ მესამე და მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

ლაპორტას ამ პრობლემის გადასაჭრელად გეგმა არ დაუსახავს, თუმცა ხვდება რა სიტუაციის სირთულეს და გულშემატკივრების მღელვარებას ამასთან დაკავშირებით.

“მე ძალიან ვღელავ ამ პერიოდის გამო, მაგრამ ჩვენ თავს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად წარმოვისახავ.”

ეკონომიკური მდგომარეობა

კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები აშკარაა. “ბარსელონა” “კამპ ნოუს” სახელწოდების შეცვლასაც გეგმავს. ასეთი ცუდი სიტუაცია “ბარსაში” დიდი ხანია არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლამდე გუნდი მაისურის სპონსორის გარეშე თამაშობდა.

ლაპორტამ საპრეზიდენტო კანდიდატურა 1 თვის წინ დაამტკიცა და მოულოდნელი არაა, რომ ჯერ გეგმა შემუშავებული არ აქვს. თუმცა, GOL-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, იმ ადამიანებს მოიყვანს, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით აღნიშნულ გამოწვევას მართებულად გაუმკლავდებიან.

“კლუბი ძალიან დელიკატურ სიტუაციაშია და აუცილებელია, რომ მიზნამდე მისაღწევად ისეთი დამაჯერებელი და რეალური გეგმა დავისახოთ, რომელიც ენთუზიაზმს გაგვიღვივებს და ჩვენს რეპუტაციას კვლავ აღადგენს.”

“კლუბის ეკონომიკური სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალებისთვის მოტივირებული ვარ და ვცდილობ ისეთი გეგმა შევიმუშავო, რომელიც წარმატების გარანტიას მოგვცემს. ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი.”

ვიქტორ ფონტი

ფონტის შესახებ სამი მთავარი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ კატალონიელია, წინასაარჩევნო კამპანია ორი წლის წინ დაიწყო და ჩავისგან კეთილგაწყობით სარგებლობს. მოდით, მისი არსებული პროექტი მიმოვიხილოთ.

ხანგრძლივი პროექტი

ვიქტორ ფონტს კლუბის რევოლუციური ცვლილება სურს და ხვდება, რომ ეს საკმაო დროსთანაა დაკავშირებული. სახელოვანი ფეხბურთელების მოყვანამდე, ფონტს სჯერა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ისეთი მწვრთნელის დანიშვნაა, რომელიც “კამპ ნოუზე” 2 წელზე დიდი ხნით დარჩება. 

იოჰან კრუიფი უკანასკნელი სპეციალისტი იყო, რომელმაც გუნდში 5 სეზონზე მეტი იმუშავა, “ბარსელონას” მთავარი საძირკველიც სწორედ მისი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა. ჰოლანდიელმა “ბლაუგრანაში” 8 წელიწადი დაჰყო (1988-1996) და იყო ის, ვის დროსაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოიგო.

მას შემდეგ კატალონიელებმა 14 მწვრთნელი გამოიცვალეს, საიდანაც მხოლოდ 5 დარჩა ორ სეზონზე მეტი ხნით. ლუი ვან გალი (1997-2000), ფრანკ რაიკაარდი (2003-07), პეპ გვარდიოლა (2008-12), ლუის ენრიკე (2014-17) და ერნესტო ვალვერდე (2017-20).

ჩავი თუ გვარდიოლა

ფონტს სჯერა, რომ დიდების იმავე მწვერვალზე დასაბრუნებლად გუნდს ჩავი უნდა ხელმძღვანელობდეს. სწორედ ის იქნება პირველი ადამიანი, რომელიც ვიქტორის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, “სიუტატ ესპორტივაზე” დაბრუნდება.

“ჩვენ გვინდა, რომ ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ჩავია, შესაბამისი პირობები შევქმნათ, რათა მას ათი წლის განმავლობაში გუნდში მუშაობისთვის ავტორიტეტი ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა მისი მოვალეობა პირველი გუნდის გაწვრთნა იქნება, თუ სხვა რამ.”

“რისი განხორციელების უფლებაც არ გვაქვს, ეს პეპ გვარდიოლას მსგავსი შემთხვევაა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავი მოვიდეს, გაწვრთნას, გუნდი გადაიწვას, მან კლუბი დატოვოს და ბოლოს კონკურენცია გაძლიერდეს.”

თავის მხრივ, ჩავიმაც იცის ფონტის სიმპათიების შესახებ და მის პროგრამას მხარს ღიად უჭერს.

“მე და ფონტი მეგობრები ვართ. ერთმანეთს წლების წინ შევხვდით. ის სწორედ “ბარსას” შესაფერისი ადამიანია და შესაძლოა, მომავალში კლუბისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაც გახდეს.”

“ის გამოცდილი პიროვნებაა ტელეკომუნიკაციების, მედიისა და ტექნოლოგიების სფეროში. ჩემი აზრით, შესაბამისი მართვის უნარები აქვს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველამ სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს მისი კანდიდატურა.”

ლეგენდების “კამპ ნოუზე” დაბრუნება

მიუხედავად იმისა, რომ ჩავიმ, ვიქტორ ვალდესმა და კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა დაასრულეს, ფონტის აზრით, ისინი კლუბისთვის ისევ საჭირონი არიან.

მის პროგრამაში ვკითხულობთ:

“უთხარი კი მომავალს” არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ კლუბის წარმატებაში, მაშინ, როცა მასზე თავად “ლა მასიაში” აღზრდილები ზრუნავენ. გუნდი მაშინ გაძლიერდება, როდესაც კრუიფისდროინდელ გამარჯვებულის მენტალიტეს აღიდგენს და მას დაიცავს.”

“მაშასადამე, სწორედ ფეხბურთელები არიან, ისინი რომლებიც მართვას გუნდის საბჭოსაგან გადმოიბარებენ და თავად ეცდებიან უმნიშვნელოვანეს პოზიციებზე დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას.”

გუნდის ახლანდელ ხელმძღვანელობასაც ჰქონდა ანალოგიური იდეა, თუმცა ჩავისაგან, როგორც ვახსენეთ, არასათანადო დროის გამო უარი მიიღო, ხოლო პუიოლი გენერალური მენეჯერის თანამდებობას არ დათანხმდა, რადგან ის უკვე სხვა პროექტებში იყო ჩართული.

რაც შეეხება ვალდესს, ის 19-წლამდელებს რამდენიმე თვის განმავლობაში წვრთნიდა, თუმცა პატრიკ კლუივერტთან უთანხმოების გამო გუნდის დატოვება მოუწია. 

მესი 2.0

ლაპორტასაგან გასხვავებით, ვიქტორ ფონტი მესის მომავალზე უფრო ღიად საუბრობს.

“ვიმედოვნებ, რომ მომავალში მესის თამაშის ხილვის პატივი 3-4 წლის განმავლობაში ისევ მექნება, თუმცა ჩვენ მისი კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობთ. ლეო კლუბში მნიშვნელოვან როლს მაინც შეინარჩუნებს.”

“ძალიან კომპლექსური სიტუაციის წინაშე ვდგავართ. კლუბის საუკეთესო თაობა, მესის ლიდერობით, სრულად უნდა ჩანაცვლდეს. თან მაშინ, როდესაც ჩემპიონატების დონე საგრძნობლად იმატებს, კლუბებს შორის კონკურენცია ძლიერდება, ვინაიდან, მათ სათავეში უფრო და უფრო მეტი მილიონერი, მაღალჩინოსანი თუ გავლენიანი ადამიანი მოდის.”

ეკონომიკური სიტუაცია

ისევე, როგორც ლაპორტამ, ფონტმაც აღნიშნა, რომ მოქმედი ხელმძღვანელობა ფინანსურ საკითხებში აშკარად მოიკოჭლებს. 

“ჩვენ ახლა მილიარდ დოლარს გამოვიმუშავებთ, თუმცა, არანაირი სარგებელი არ გაგვაჩნია, რადგან კლუბმა მილიარდი მაშინ დახარჯა, როდესაც რესურსები კაპიტალური ინვესტიციისთვის უნდა დაებანდებინა.”

“გამოცდილება, რომელიც 2010 წელს მივიღე, ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მე ვნახე, თუ როგორ იყო პროექტი დაგემილი კლუბის სამართვად. სწრაფად და არჩევენებამდე 4-5 თვით ადრე იმპროვიზირებულად.”

“საბჭოს წევრები უნდა იყვნენ თავიანთ საქმეში მკვეთრად ჩამოყალიბებულნი პროფესიონალებად და უნდა შეეძლოთ მძიმე გადაწყვეტილელებების მიღება.”

“მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი პროდუქტისა და მომსახურების, გართულების გარეშე გასაყიდად მთელი მსოფლიოს გარშემო მყოფი “ბარსელონას” თითოეული გულშემატკივრისათვის. კლუბის ახლანდელი ბიუჯეტი გარე აგენტებისა და შუამავლების გამო მკვეთრადაა შეზღუდული.”

შეჯამება

საბოლოოდ, შეგვიძლია შევაჯეროთ და ერთმანეთთან შევადაროთ ამ ორი კანდიდატის დასახული გეგმა. ფონტის შემთხვევაში ადგილი გვაქვს ადამიანთან, რომელიც გამოცდილია და წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხნით ადრე აქვს დაწყებული. აქვს სამომავლო ხედვა და გრძელვადიანი პერსპექტივები. 

რაც შეეხება ექს-პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აპრილში გამოთქვა. მას პროგრამა ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა ფონტისაგან განსხვავებით, წარსულის გამოცდილება ზურგს უმაგრებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ 1 წელია, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი შეუერთდება.

მაგალითისთვის, ემილი რუსო, რომელიც ბართომეუს წარმატების გარანტად მოიაზრებოდა. ადრეულ გაზაფხულზე ვიცე-პრეზიდენტადაც დაინიშნა. თუმცა, მან აღნიშნული თანამდებობა უკვე დატოვა, რადგან პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულა. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    17 მაი 2020, 17:18

    ლაპორტა უნდა მოვიდეს 2021ში

  • gurgenidze
    17 მაი 2020, 13:06

    აი ვისაც სეტიეენი გაახსენდა და მაგის მოყვანა გადაწყვიტა დავიჯერო ვენგერი არ გაახსენდა ?

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    17 მაი 2020, 09:38

    ლაპორტა უნდა დაბრუნდეს და მერე პეპსაც დავიბრუნებთ❤❤👏👏

  • InFiNiTe8
    17 მაი 2020, 09:01

    ბართუშას მონაწილეობის არ მიღება უფრო გამისწორდა