ვიქტორ ვალდესმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ “ბარსელონა” ყველაფერს იზამს, რათა მიმდინარე კვირაში მოიპოვოს ლა ლიგის ტიტული: “მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ნებისმიერ ფასად უნდა მოვიპოვოთ ლა ლიგის თასი და რაც შეიძლება მალე”.
იმ შემთხვევაში, თუ “რეალი” დაკარგავს ქულებს “ხეტაფესთან”, “ბარსელონა” სამშაბათს გაიფორმებს ჩემპიონობას. თუ მადრიდელები წარმატებას მიაღწევენ, მაშინ “ბლაუგრანას” ოთხშაბათს მინიმუმ 1 ქულის მოპოვება მართებს “ლევანტესთან”. როგორც არ უნდა იყოს, ლა ლიგა ძალიან ახლოსაა და ვალდესისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად და როდის იზეიმებენ ჩემპიონობას: “ჩვენ მხოლოდ 1 ქულა გვაშორებს ჩემპიონობას. საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ, ამიტომაც გვჯერა წარმატების. მნიშვნელობა არ აქვს სად მოვიპოვებთ თასს, მთავარია ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ”. გოლკიპერი არ მალავს იმას, რომ ლა ლიგა გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია: “ეს ტურინირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ მოვიპოვებთ თასს, მაშინ ვიტყვით, რომ უშუალო მეტოქეს ვაჯობეთ მიმდინარე სეზონში. შემდეგ წელს კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართება”.
“თავის მართლების დრო არ არის”
ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულა აკლია ლა ლიგის თასამდე, ვალდესმა განაცხადა: “სეზონის ამ სტადიაში იმის დრო არ არის, რომ თავი ვიმართლოთ, თუმცა ვაღიარებ იმას, რომ ყველანი გადაღლილები ვართ რთული კალენდრის გამო. ფიზიკური კონდიციები კი მართლაც კარგი გვაქვს”.
რთული ამოცანა – ფეხბურთელების გამოჯანმრთელება
ვალდესი არ მალავს, რომ გუნდს ახლა ძალიან სჭირდება ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება, რისთვისაც ექიმები ყველაფერს აკეთებენ: “ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე სეზონში ტრავმიანობამ მართლაც იმატა და ამ კუთხით არ გაგვიმართლა. აბიდალის დაბრუნება კი საუკეთსო ახალი ამბავია”. განაცხადა ვალდესმა, რომელიც ასევე შეეხო პინტოს დისკვალიფიკაციას ჩემპიონთა ლიგაზე: “სამწუხაროა, რომ მას არ შეეძლება გუნდთან ერთად გაემგზავროს “უემბლიზე”. წარმატების შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ მას მისცემენ ჩვენთან ყოფნის უფლებას”.
ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია
ვალდესმა განმარტა, რომ ფეხბურთელებისთვის მეორეხარისხოვანია ინდივიდუალური ჯილდოები, რომლისთვისაც იბრძვიან რონალდო (“პიჩიჩი”) და თვით ვალდესი (“ზამორა”). “ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, “პიჩიჩის”, “ზამორასა” და სხვა ინდივიდუალურ ტიტულებს. ისტორიას მხოლოდ კლუბის წარმატება რჩება”. განაცხადა “ბარსას” კარის დარაჯმა. როდესაც კითხეს რომელ სეივს გამოარჩევდა იგი მიმდინარე სეზონში, განაცხადა, რომ სეივს “ესპანიოლთან” სეზონის პირველ წრეში, როდესაც მან კალეხონს აუღო ბურთი.



