“ბარსელონას” ლაზარეთი ნელ–ნელა ცარიელდება. თავს დამტყდარმა ტრავმიანობამ გულშემატკივრებს შიშის საფუძველი მისცა. აღსანიშნავია, რომ საგანგაშო მდგომარეობა იყო დაცვის მარცხენა ფლანგზე. თუმცა ვითარება შედარებით უკეთესდება. მოედანს დაუბრუნდნენ აბიდალი და პუიოლი. მართალია, ფრანგი მცველი მხოლოდ შეცვლაზე ახერხებს შემოსვლას, თუმცა მისი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელის ყოფნა მოედანზე, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, გუნდისთვის დიდი სტიმულია. რაც შეეხება პუიოლს, მან რამდენიმე შეხვედრა სრული დატვირთვით ჩაატარა, მაგრამ პეპ გვარდიოლა მაინც ცდილობს დაზოგოს კაპიტანი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ გუნდს ბოიანი და მაქსველი დაუბრუნდნენ. მათ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს, ამიტომ გვარდიოლას შეუძლია აღნიშნული ფეხბურთელები “ლევანტესთან” მატჩში გამოიყენოს. შეგახსენებთ, რომ “ლევანტესთან” გამარჯვებით “ბარსელონა” ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
დღევანდელი მდგომარეობით ლაზარეთში მხოლოდ ადრიანო და მილიტო რჩებიან. ისინი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობენ.



