workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი III)

“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი III)

კიდევ ერთხელ მოგესალმებით “კულეებო”. მსურს შემოგთავაზოთ იმ სტატიის მესამე ნაწილი, რომლის წერაც რამდენიმე დღის წინ დავიწყე. სიახლე უშუალოდ კლუბსა და მის “შიდა სამზარეულოს” ეხება. დღეს ვისაუბრებ მთავარ მწვრთნელ, პეპ გვარდიოლასა და “ბლაუგრანას” ქომაგებზე, რომლებიც კლუბს უხვად ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით და რომლის ცოცხალი მაგალითებიც ჩვენ, “ბარსამანიელები”, ვართ.

გავიდა რამდენიმე დღე მას შემდეგ, რაც შემოგთავაზეთ სტატიის მეორე ნაწილი, ამიტომაც აღნიშნული არ მაქ ჩვენი გუნდის წარმატება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. “ბარსელონა” 28 მაისს ესტუმრება “უემბლის” და შეეცდება “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხოს. ნუთუ 1/2 ფინალში “რეალის” წინააღმდეგ მატჩში გამარჯვება ასე იოლი იყო? არა, რა თქმა უნდა. ამაში ლომის წვლილი მიუძღვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ უყურებდა მოწინააღმდეგის მატჩების ჩანაწერს და სწავლობდა მის ყოველ მოძრაობას.

ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა

ადამიანი, რომელზეც ძალიან ბევრი რამ ითქვა, მაგრამ თუ გავიმეორებ ალბათ სიამაყის გრძნობის გარდა, არაფერს ავღძრავ თქვენში. პეპმა ძირფესვიანად შეცვალა “ბარსელონა”. იგი ჩაუდგა ისეთი გუნდს სათავეში, რომელსაც მომავლის იმედი ნაკლებად ჰქონდა. ქვეყნის ჩემპიონატში “რეალი” ჯაბნიდა, ხოლო ევროტურნირებზე გრანდებთან ექმნებოდა პრობლემები. გვარდიოლა მოსვლის დღიდანვე აქტიურად ჩაერთო “ბარსას” საქმეებში. შეისწავლა პრობლემის არსი, მოძებნა გამოსავალი, რომელიც მიზნად ისახავდა კლუბის აღზრდილების წინა პლანზე დაყენებას და დაიწყო ბრძოლა ტიტულებისთვის. ხოსეპი არის ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა “ბარსელონაში”, თავიდან ბოლომდე იცნობს კლუბის ფილოსოფიას და იცის წარმატების საიდუმლო, რადგანაც იგი სწორედ იმ დროს ასპარეზობდა “ბარსაში”, როდესაც იოჰან კრუიფი მწვერვალებს იპყრობდა ევროპაში. გამოცდილებამ თავისი ქნა და “ბარსელონა” დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

აღარ გავაგრძელებ ისტორიაზე საუბარს და გადავიდეთ უშუალოდ მიმდინარე სეზონზე. 2010/2011 წლების სეზონის დასაწყისი ნამდვილად კარგი იყო, რადგანაც კატალონიის “ბარსელონამ” 0:3 მოუგო “რასინგს” გასვლაზე, მაგრამ მეორე ტურში სენსაცია მოხდა და პრიმერა დივიზიონში ახლად გამოჩენილმა ალინაკტეს “ჰერკულესმა” 2:0 დაგვამარცხა “კამპ ნოუზე”. დაიწყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ გვარდიოლამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობა და მოდა, რომელსაც “ბარსელონა” ერქვა, გადადიოდა. შემდეგი თამაშები ნამდვილად გაუჭირდა კატალონიურ გრანდს, ძლივსძლივობით იგებდა რამდენიმე შეხვედრას, ამას დაერთო ფრე ყაზანის “რუბინთან” და “მალიორკასთან”. აქ უკვე გუნდის კრიზისზე ალაპარაკდა დიდი თუ პატარა, მაგრამ მატჩმა “ვალენსიასთან”, რომელიც დიდი მოგებათა სერიების დასაწყისად იქცა, ყველაფერი შეცვალა. ხალხს იმედი და რწმენა დაუბრუნდა. მინდა ასევე შეგახსენოთ ის სტატია, რომელიც ჩვენი საიტის რედაქტორმა, Tokagamer-მა, დადო და ნამდვილად არასდროს დამავიწყდება: ვიყოთ მეტნი, ვიდრე უბრალოდ გულშემატკივრები.

ამ ამბების შემდეგ, დადგა ნანატრი 29 ნოემბერი. დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო დიდი მოთმინებით ელოდა, “ელ კლასიკო”, “ბარსელონა”-“რეალი”. “კამპ ნოუზე” ყველა საოცრების სანახავად იყო მისული და “ბარსელონას” ფეხბურთელებმა სასწაულები აკეთეს მოედანზე. მეტოქეს მოედნის არცერთ მონაკვეთზე მცირედი შანსი არ დაუტოვეს. გაუტანეს რა 5 უპასუხო გოლი, ბურთზე შეხების უფლებაც კი არ მისცეს. ბურთი დაუმალო გუნდს, რომელსაც ჰქვია მადრიდის “რეალი”? არა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია მათთვის, ვინც ღალატობს საკუთარ ფილოსოფიას, არ სწამს საკუთარი თავის. პეპ გვარდიოლა კი ასეთი არ არის. მან იცის კლუბის ღირებულებები, მისი პოტენციალი, შესაძლებლობა. ამ ყველაფერს კი უბრალოდ გენიოსური ტაქტიკა სჭირდებოდა, რომელიც ხოსეპმა 29 ნოემბრამდე შეიმუშავა და “საფეხბურთო მასტერ-კლასი” ჩაუტარა დედაქალაქელებს. ეს დღე არავის დაავიწყდება.

“ბარსელონა” წარმატებით ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პირველ ადგილზეც გავიდნენ. 1/8 ფინალში გაირკვა, რომ მათი მეტოქე ლონდონის “არსენალი” იყო. პირველი მატჩი “ემირეითს სთეიდიუმზე” გაიმართა. “ბარსელონა”, როგორც ყოველთვის, ბურთს ყველგან “ათრევდა”, სადაც დასჭირდებოდა თუ არ დასჭირდებოდა. პირველ ტაიმში დავიდ ვილიამ შესანიშნავად ითამაშა და გოლი გაუტანა მეტოქეს. მეორე ნახევარი რადიკალურად სხვა მატჩი იყო. არსენ ვენგერმა წმინდა კონტ-შეტევებზე ითამაშა, რამაც შედეგი გამოიღო და “მოუმზადებელი” კატალონიური კლუბი 1:2 დამარცხდა. თუმცა დადგა განმეორებითი მატჩის დღეც, პეპ გვარდიოლა ჩვეულად შევიდა საპრესკონფერენციო დარბაზში, აქო და ადიდა “არსენალი”, არსენ ვენგერი და წყნარად დაჯდა სათადარიგოთა სკამზე. გვარდიოლას შეგირდებმა ის მატჩი 3:1 მოიგეს და ისე, რომ მეტოქეს საერთოდ არ დაარყმევინეს კარის მიმართულებით. ავტო-გოლი კი, რომელიც ბუსკეტსმა გაიტანა, არაფრად ჩააგდეს და მეტოქე გაანადგურეს.

ამის შემდეგ იყო მატჩები მადრიდის “რეალთან”, სადაც “ბლაუგრანამ” 2 ფრე ჩაიწერა აქტივში, 1 მარცხი და 1-იც მოგება. ფრე ითამაშა ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, სადაც დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა ქულას, რადგანაც ჩემპიონის ვინაობა ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო. მეორე მატჩი კი იყო სამეფო თასის ფინალი, რომელიც დრამატულად დათმეს კატალონიელებმა. გაბრაზებული პეპი “ჩაუჯდა” და თავიდან ბოლომდე შეისწავლა მადრიდის “რეალი”. მომდევნო შეხვედრა “ბარსელონამ” 0:2 მოუგო “რეალს”, ხოლო განმეორებით მატჩში 1:1 ითამაშა და ფინალის საგზური მოიპოვა.

“კულეები”

ესენი არიან ხალხი, რომელიც დაუღალავად, თამაშის ბოლო წუთამდე გულშემატკივრობენ გუნდს, რომლის სახელიცაა “ბარსელონა”. დღესდღეობით მათზე ბედნიერი არცერთი გულშემატკივარი არაა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ისინი ყოველდღე ნახულობენ იმ სასწაულებს, რომელსაც სხვა კლუბის გულშემატკივრები მრავალი წლის განმავლობაში ელოდებიან. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვამაყობ, რომ “ბლაუგრანას” ვქომაგობ. ეს ხალხი ნამდივლად იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას ფეხბურთელების მხრიდან. ნუთუ ასეთი ადვილია მთელი 90 წუთის განმავლობაში ხმამაღლა, ბოლო იოგის გაწყვეტამდე იყვირო საყვარელი გუნდის სახელი? არა მეგობრებო, არ არის ადვილი. სწორედ ამიტომ, “ბარსელონა” თამაშობს არაამქვეყნიურად, რითაც დიდ მადლობას გვიხდის ჩვენ იმ ხმარდაჭერისთვის, რომელსაც მათ მიმართ არ ვიშურებთ.

მინდა შეგახენოთ “კულეების” გმირობები ამ სეზონში. “ბარსელონა”-“რეალი”, სამეფო თასის ფინალი, ვალენსია, “მესტალია”. ხალხი დილიდან იკრიბება დათქმულ ადგილზე, ელოდებიან როდის დაიწყება მატჩი. ათასობით “კულემ” მოიყარა თავი უნივერსიტეტის ეზოში, სადაც უამრავი გასართობი იყო მათთვის. ელოდნენ როდის დაღამდებოდა, რომ შესულიყვნენ “მესტალიაზე” და დაენახებინათ მსოფლიოსთვის “ბარსას” ფანების ერთიანობა. მართლაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს ჩვენმა “კოლეგებმა”. მადრიდული ინაჩანდა თითქმის მიილია, მათი ხმაც კი არ ისმოდა. ისეთი აურა შეიქმნა, ფეხბურთელებს თავი “კამპ ნოუზე” ეგონათ, თუმცა აქ იღბალმა გვაქცია ზურგი და დამატებით დროში 1:0 დავმარცდით.

მეორე გმირობას კი ვუწოდებ იმას, რაც “კულეებმა” გააკეთეს “ბერნაბეუზე”. 2011 წლის 27 აპრილი, საღამოს 11 საათი. მადრიდული პუბლიკა მხარს უჭერს თავის გუნდს და გახარებულები არიან იმით, რომ “კულეები” ჩუმად სხედან. თუმცა დაიწყო თამაში, გავიდა დრო. “კულეები” დუმან, რაშია საქმე? ისინი ელოდებიან ხელსაყელ მომენტს და დადგა ეს დროც. ლიონელ მესიმ აფელაის ასისტის შემდეგ შეარხია კასილიასის კარის ბადე. ლეომ ხელები ზეცისკენ მიაპყრო და გაისმა “ბარსელონას” ჰიმნი. მადრიდელები რას აღარ აკეთებდნენ ხმის ჩასახშობად, თუმცა ამაოდ… “გამგელებული” კატალონიელები ბოლო ხმაზე მღეროდნენ საყვარელი გუნდის ჰიმნს და მანამ ვერ შეაჩერეს ისინი, სანამ ლეომ მეორე გოლი არ შეაგდო. წუთიერმა დუმილმა დაამშვიდა მადრიდული პუბლიკა, თუმცა შესუსტებულ მადრიდისტებს კვლავ “დარტყმა მიაყენეს” “კულეებმა” და მეორედ “უმღერეს” “ბლაუგრანას” ჰიმნი. საბოლოოდ მატჩი 0:2 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ.

ეს მეტია, ვიდრე კლუბი. ეს “ბარსელონაა”, საუკეთესო კლუბი მსოფლიოში, რომელსაც საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს !!! Visca El Barca, Visca El Catalynia !

სტატიის დაწერაში დამეხმარა ჩვენი საიტის მომხმარებელი: Barca-Boy20.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward