2014 წლის 25 აპრილს, სიმსივნესთან თითქმის 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ, “ბარსელონას” ოქროს ხანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ტიტო ვილანოვა, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი მშობლიურ კლუბში 2007 წელს, პეპ გვარდიოლასთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაბრუნდა. “ბარსა B-ში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ორ გამოუცდელ მწვრთნელს, “ბარსელონას” პირველი გუნდი ანდო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი “ბლაუგრანა” მსოფლიო ფეხბურთის სათავეში იყო.
მას შემდეგ, რაც პეპმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა, ანდონი სუბისარეტას, რომელიც მაშინ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, არ სურდა, კლუბი მიღწეულ წარმატებებს დაშორებულიყო, ამიტომაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ტიტოს შესთავაზა.
თუმცა მას საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებაში ხელი ვერაგმა დაავადებამ შეუშალა. ყელის კიბო ტიტოს ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში დაუდგინა, რამაც იძულებული გახადა სამწვრთნელო პროცესს ჩამოშორებულიყო. წარმატებული მკურნალობის შემდეგ, მომდევნო წლის დეკემბერში, როდესაც იგი უკვე მთავარი მწვრთნელი გახლდათ, სიმსივნე დაბრუნდა. იგი სამკურნალოდ ნიუ-იორკში გაემგზავრა, მას კი ჟორდი როურა და აურელი ალტიმირა ცვლიდნენ. თუმცა გუნდმა სეზონის გადამწყვეტი პერიოდი ტიტოს გარეშე განვლო.
საბოლოო ჯამში, 2012-2013 წლების სეზონი “ბარსამ” ლა ლიგის ტრიუმფით დაასრულა. იყო ფიასკოც ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის ნახევარფინალებში. მაგრამ ყველასთვის ნათელია ის ფაქტი, რომ ტიტოსთან ერთად “ბარსელონას” თამაშიც და შედეგიც განსხვავებული იქნებოდა.
ავადმყოფობამ იგი კიდევ ერთხელ აიძულა საყვარელი საქმე მიეტოვებინა და მთელი თავისი ენერგია უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეელია. ზაფხულში იგი გადადგა.
2014 წლის 25 აპრილს კი “ბარსელონასთვის” ყველაზე შემზარავი ამბავი გავრცელდა – ტიტო დამარცხდა.
გულდასაწყვეტია, რომ “ტიტოს ბარსელონა” ვერ ვიხილეთ. მისი სახელი კი ოქროს ასოებით, სამუდამოდ ეწერება კლუბის ისტორიაში.
ბოლოს კი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ რატომაა “ბარსელონა” მეტი, ვიდრე კლუბი.

ძაან გული დამწყდა ასე მალე რომ დაგვტოვა, დარწმუნებული ვარ გუნდის გაწვრთნა რომ დანებებოდა და მესისაც ტრავმა არ მიეღო ბაიერნს სერიოზულ ბრძოლას გაუმართავდა
დარწმუნებული ვარ ტიტო ღირსეულად გააგრძელებდა პეპის გზას
დარწმუნებული ვარ რო ძალიან დიდი მწვრთნელი გახდებოდა🥺💔