“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, “მილანის” ინტერესთა სფეროში კიდევ ერთხელ მოექცა.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ “მილანი” ახალი ნახევარმცველის ძიებაშია და იტალიელები რაკიტიჩის შეძენას კიდევ ერთხელ განიხილავენ. “მილანის” აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის, თქმით, პრიორიტეტს ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშის დამატება წარმოადგენს, თუმცა, თუ შესაძლებლობა იარსებებს, გამოცდილი ფეხბურთელის შეძენაც არაა გამორიცხული.
რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მისი კატალონიური მომავალი არც ისე ნათელია. გამოცემის მტკიცებით, თავად რაკიტიჩი “სევილიაში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს, თუმცა ანდალუსიელები ფიქრობენ, რომ მისთვის ისეთი ხელშეკრულებისა და ხელფასის შეთავაზებას ვერ შეძლებენ, როგორიც მას “კამპ ნოუზე” აქვს.
მილანელთა სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი, იტალიურ პრესასთან საუბარში, 2018 წელს, რაკიტიჩის სახლში შემდგარ საიდუმლო შეხვედრას იხსენებს. მაშინ ტრანსფერი რეალური იყო, თუმცა “ბარსელონამ” ხორვატს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ხორვატის “მილანში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
მედიაში ივან რაკიტიჩის სახელს, აგრეთვე, მადრიდის “ატლეტიკოსა” და მილანის “ინტერს” უკავშირებენ.




მოკლედ ვანო გვტოვებს
20 მილიონი დადეთ და წაიყვანეთ, გამოგადგებათ
წაიყვანეთ მოგვაშორეთ
მშვენიერი ადგილია მილანი რაკეტასთვის ❤️მიხმარება მაინც მაგ ცოდვილებს