ლიონელ მესი ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის სამი რეკორდის მოხსნასთან.
გუშინ ლიონელ ანდრეს მესიმ მადრიდის ”რეალის” კარი ორჯერ აიღო და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში რიგით მეოთხე დუბლი გაიფორმა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ”რეალამდე” ორი გოლი ”პანათინაიკოსთან” (5:1), ”კოპენჰაგენთან” (2:0) და ”არსენალთან” მატჩში გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესის ანგარიშზე 11 გოლი დაუგროვდა. მას სულ რაღაც ერთი გოლი აშორებს ტურნირის რეკორდის გამეორებას. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ სეზონში რუდ ვან ნისტელროიმ 12 გოლის გატანა შეძლო (2002/03 წლებში, ”მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში თამაშისას).
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში მესიმ უკვე 17 გოლი გაიტანა, ხოლო რეკორდული მაჩვენებელი ამ მხრივ რაულსა და შევჩენკოს ეკუთვნით, 18-18 გოლით.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მესის შანსი აქვს ზედიზედ მესამედ აიღოს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება.



