როგორ აპირებს პეპ გვარდიოლა დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოგვარებას? რატომ შეცვალეს პორტუგალიელი რეფერი გერმანელით? მოდით განვიხილოთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩი, რომელიც ხვალ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
ესპანეთის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, სერხიო რამოსს დაავიწყდა, რომ მას ხელთ არა ბურთი, არამედ ”რეალის” მიერ მოგებული თასი ეჭირა და შემთხვევით ის ავტობუსის ბორბლების ქვეშ მოათავსა. ამას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს. მუდმივად ამბიციურმა ”რეალმა” და ”ბარსელონამ” ცხადად აჩვენეს საზოგადოებას, რომ ყველაფერი, რაც არ გავს ”ყურებიან თასს” მათთვის მეორეხარისხოვანია. თუ ”კამპ ნოუზე” განცდილი სამარცხვინო მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ნერვულად წრუპავდა წყალს და იქცეოდა ისე, თითქოს არ ეძებდა გამამართლებელ ფაქტორებს, ახლა ის გაცილებით მშვიდად გამოიყურება. რიცხობრივ უმცირესობაში თამაშით მოპოვებულმა ფრემ და გამარჯვებამ თასის ფინალში მადრიდელებს აფიქრებინა, რომ მსოფლიოს ყველაზე კრეატიული გუნდის მექანიზმშიც კი მოიძებნება ხარვეზი და ხანდახან შესაძლებელია ამ მექანიზმის წყობიდან მთლიანად გამოყვანა. მით უფრო, რომ ამ აწყობილი მექანიზმის ზოგიერთი დეტალი თავად მუშაობს ხარვეზებით. ეს განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს ეხება: დროებით, ან ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ გამოეთიშა გუნდს შესანიშნავ ფორმაში მყოფი აბიდალი, დაიმტვრა მისი შემცვლელი ადრიანოც და გუშინ გახდა ცნობილი, რომ პეპ გვარდიოლასთვის აზრი არ აქვს მადრიდში მაქსველის წაყვანასაც. ყველაფერი იმისკენ მიუნიშნებს, რომ, როგორც არაერთხელ ყოფილა, მარცხენა ფლანგს დაიცავს ახლად გამოჯანმრთელებული პუიოლი.
მოურინოის გუნდშიც პრობლემებია: რესტავრირებას საჭიროებს ”თეთრების” ერთ-ერთი ფუნდამენტალური ფეხბურთელი – ხედირა. გერმანელი საკმაოდ ხშირად აწუხებდა ლიონელ მესის და არ აძლევდა არგენტინელს თავისუფლად თამაშის საშუალებას. ხედირას არ ყოფნა სავარაუდოდ აისახება ”რეალის” თამაშზე. სამაგიეროდ გამოჯანმრთელდა ლას დიარა და სწორედ აქ წარმოიქმნება მაღალი რისკი – ფრანგი ხშირად კარგავს პოზიციას. ”თეთრების” საუბედუროდ დისკვალიფიცირებულია პეპეს მეწყვილე რიკარდო კარვალიუ.
”რეალისა” და ”ბარსელონას” მატჩის მთავარ არბიტრად პორტუგალიელი მსაჯის, პედრო პროენსუს დანიშვნასთან დაკავშირებით, პეპ გვარდიოლას ”ღვარძლიანი” განცხადების შემდეგ, ”უეფამ” მოულედნელად თამაშის განსჯა გერმანელ რეფერს, ვოლფგანგ შტარკს ანდო, იტყობინება ესპანური გამოცემა ”ას”. ”კიკერის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით შტარკი ბუნდესლიგის სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ცუდ არბიტრად დაასახელეს. გამოკითხა გერმანიის ჩემპიონატში მონაწილე 286 ფეხბურთელს შორის ჩატარდა.”მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება. მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მინდა, მატჩის შემდეგ მესის მაისური გამოვართვა. ვფიქრობ, რომ უამრავ ადამიანს აქვს მსგავსი სურვილი.” – ეს სიტყვები სწორედ შტარკს ეკუთვნის. ალბათ, ჟოზე მოურინიო უკვე დაიწყებს ”უეფას” მიკერძოებულობაზე საუბარს.
რაც შეეხება შტარკის რჩეულ ლეო მესის, მან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო თხუთმეტ მატჩში თხუთმეტი გოლი გაიტანა და უარს არ იტყვის მეთექვსმეტე შეხვედრაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მასპინძელთა კარის დალაშქვრაზეც, რაც ”თეთრებს” საზრუნავს უჩენს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამ კი იხილეთ მოკლე ინფორმაცია ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით:
”რეალი” – ”ბარსელონა”
თარიღი და დრო: 27 აპრილი, 2011. თბილისის დროით 22:45 საათი.
სტადიონი: ”სანტიაგო ბერნაბეუ”, მადრიდი.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
ტრავმირებულები: გაგო, ხედირა / ბოიანი, აბიდალი, ადრიანო, მაქსველი.
დისკვალიფიცირებულები: კარვალიუ / არცერთი.
დისკვალიფიკაციის ზღვარზე: სერხიო რამოსი, რონალდუ, ალბიოლი, დი მარია / არცერთი.
”რეალის” სავარაუდო შემადგენლობა (sports.ru ვერსიით): კასილიასი – რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო – ხაბი ალონსო, ლასანა დიარა – ოზილი, დი მარია, რონალდუ – ბენზემა.
”ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობა (sports.ru ვერსიით): ვალდესი – დანი ალვესი, პიკე, ბუსკეტსი, პუიოლი – მასკერანო, ჩავი, კეიტა – ინიესტა, მესი, ვილია.
”უილიამ ჰილის” კოტირება: ”რეალის” მოგება – 2.75, ფრე – 2.9, ”ბარსელონას” მოგება – 2.8.
მატჩს პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”.