”ბარსელონა” და ”რეალი” დღეს, ”მესტალიაზე” თასის ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. კატალონიელები შეეცდებიან, მიმდინარე სეზონში მეორე თასი მოიპოვონ.
18 დღეში გასამართი ოთხი ”კლასიკოდან” მეორე, დღეს ”მესტალიაზე” შედგება. ზუსტად ოთხი დღის წინ ”ბარსელონა” და ”რეალი” ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის ფარგლებში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. აღნიშნული შედეგით კატალონიელები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ქვეყნის ზედიზედ მესამედ ჩემპიონობას. მატჩში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მკაფიოდ განსხვავდება ”ბარსელონასა” და ”რეალის” საფეხბურთო სტილი ერთმანეთისგან.
”ბარსელონას” შეუძლია იყოს თავდაჯერებული, ვინაიდან ”რეალის” წინააღმდეგ გამართულ ბოლო ექვს თამაშში მათ მარცხი არ განუცდიათ, მაშინ როდესაც მადრიდელებს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არცერთი თასი არ აღუმართავთ.
”ბარსა” შეეცდება კიდევ ერთხელ მოიპოვოს თასი, რომელიც ბოლოს ორი წლის წინათ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფინალური მატჩი მაშინაც ”მესტალიაზე” გაიმართა, მეტოქე კი ბილბალოს ”ატლეტიკი” იყო. მოპოვებული გამარჯვების შედეგად ”ბარსას” ანგარიშზე 25 სამეფო თასი დაუგროვდა. ”რეალმა” აღნიშნული თასი ბოლოს 1993 წელს მოიგო. სულ კი მათ აქტივში 17 გამარჯვებაა ფინალში.
”ბარსას” ვალენსიაში ყველა ფეხბურთელი მიჰყავს, მათ შორის პუიოლი და ადრიანო, რომლებმაც ”ბერნაბეუ” ტრავმებით დატოვეს. გუნდთან ერთად მიემგზავრებიან ”ბარსა ბ”-ს ტიაგო და ფონტასი. კაპიტანი ტრავმირებულია და მისი თამაში გადაწყვეტილი არაა, თუმცა დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს მასკერანო უბრუნდება. პეპ გვარდიოლამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინალში ”ბარსას” კარს სათადარიგო მეკარე, ხოსე მანუელ პინტო დაიცავს.
”ბარსელონას” ვერ დაეხმარებიან მხოლოდ ბოიანი და აბიდალი, თუმცა ორივე მათგანი გუნდთან ერთად მიემგზავრება ვალენსიაში. მათთან ერთად მიდიან ”ბარსა ბ”-ს ის ფეხბურთელებიც, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს თასის გათამაშების მატჩებში.
მადრიდელებს აკლიათ გაგო და ლასი, ასევე ალბიოლი, რომელმაც შაბათს წითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში დღეს მათ მესამედ მიეცემათ შანსი, რომ დაამარცხონ ”ბარსა”. მათ წააგეს პირველი შეხვედრა ”ბარსასთან”, ანგარიშით 5-0 და მეორე მატჩში მოიპოვეს ფრე (1-1). აღსანიშნავია, რომ ორივე თამაშში ჟოზე მოურინიომ ერთმანეთისგან განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მიდგომას აირჩევს მოურინიო თავის პირველ ფინალში მადრიდის ”რეალთან” ერთად.