გუშინ ”ბარსელონას” დასვენების დღე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა ”სიუტატ ესპორტივაზე” დილის 9 საათზე გამოცხადდნენ და შენობა საღამოს 6 საათამდე არ დაუტოვებიათ.
ექიმებთან, ფიზიოთერაპისტებთან, ფსიქოლოგებთან და სკაუტებთან ერთად გვარდიოლამ და ვილანოვამ მადრიდის ”რეალის” თამაშების ვიდეო ჩანაწერებს უყურეს და გაანალიზეს მოურინიოს როგორც ფეხბურთელების, ასევე ტაქტიკური ცვლილებები.
გვარდიოლამ უკვე კარგად იცის თუ როგორ დააყენებს ხვალ საწყის თერთმეტეულს. მან იცის, თუ ვინ შეუთამაშდება ცენტრში პიკეს და ვინ განთავსდება მოედნის ცენტრში. დღეს პეპი თავის შეგირდებს დახურულ კარს მიღმა ავარჯიშებს.
გვარდიოლას შემუშავებული აქვს რამდენიმე ტაქტიკური ვარიაცია, როგორ უნდა ჩააწოდონ კუთხურები, დაარტყან ჯარიმები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ”ბერნაბეუზეა” ”ბარსელონა” არ უღალატებს თავის სათამაშო სტილს და შეუტევს.
მწვრთნელებთან ერთად გუშინ ”სიუტატ ესპორტივაზე” ფეხბურთელებიც გამოცხადნენ, საკუთარი სურვილის შესაბამისად. მათ შორის იყვნენ მესი, ინიესტა, ვალდესი, ხეფრენი, პედრო, პინტო, პუიოლი და ბოიანი.



