“ბარსელონას” ოფიციალური საიტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეების ანალიზს აგრძელებს. “ბორუსიას” შემდეგ რადარზე მილანის “ინტერი” მოხვდა. იტალიური და ევროპული ფეხბურთის განუყოფელი ფიგურა, რომელიც მომავალ გათამაშებას ახალი სახეებითა და დიდი იმედებით ხვდება.
ისტორია
1908 წლის 9 მარტს დაარსებული “ინტერი” ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც არასდროს დაქვეითებულა სერია B-ში. აღნიშნულმა კლუბმა 111-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონის წოდება 18-ჯერ მოიპოვა და ის ამ მაჩვენებლით “მილანთან” ერთად მეორე ადგილს იკავებს.
მათი ყველაზე წარმატებული პერიოდი 21-ე საუკუნის დასაწყისთან ასოცირდება. 2005/06 სეზონში “ინტერმა” რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით შიდა ჩემპიონატი მოიგო, 2009/10 წლებში კი ჟოზე მოურინიოსთან ერთად ტრიპლეტი გაიფორმა (მე-6 გუნდი, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია). ამის შემდეგ, სერია A-ში “იუვენტუსი” ჰეგემონობს.
ევროტურნირები
“ინტერი” გაძლიერდა, მიზნად ისახავს იტალიის სათავეში მოქცევას და ევროსარბიელზე გაბრწყინებას. მათ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვთ მოგებული. 1963/64 და 1964/65 სეზონებში მილანელებმა ელენიო ერერასა და მთავარი “ბომბდამშენის”, ლუის სუარესის დახმარებით ორჯერ იზეიმეს პირველობა.
90-იან წლებამდე ევროპაში “ინტერს” წარმატებული სვლა არ ჰქონია. მათ უეფას თასი ამ პერიოდში სამჯერ მოიგეს (1990/91, 1993/94 და 1997/98). როგორც უკვე ვახსენეთ, 2009/10 წლებში მოურინიოს გუნდმა ტრიპლეტი მოიგო, ამის შემდეგ კი მილანელთა საუკეთესო შედეგი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალში მონაწილეობა იყო (2010/11).
6-სეზონიანი პასიურობის შემდეგ “ინტერი” ჩემპიონთა ლიგას გასულ წელს დაუბრუნდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა. ასპარეზობა გაგრძელდა ევროპა ლიგაზე, სადაც 1/8 ფინალში “აინტრახტი” იტალიელებზე ძლიერი აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონის გეგმები და ცვლილებები შემადგენლობაში
გასულ წელს “ინტერმა” შიდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. იტალიის თასიდან გუნდი “ლაციომ” გააგდო.
2019/20 წლების გეგმა სულ სხვანაირად გამოიყურება. “ნერაძურიმ” საწყის 2 შეხვედრაში 6 ქულა მოიპოვა. ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ დასაწყისიდანვე მოახერხა ქომაგთა გულის მოგება. 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიელმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. კარიერული ცვლილება, როგორც ჩანს, მისთვისაც მომგებიანი იქნება. 2 გოლი 2 მატჩში. თავდასხმის ხაზს მასთან ერთად ლაუტარო მარტინესი და ალექსის სანჩესი აძლიერებენ. შემადგენლობაში გვხვდებიან ბროზოვიჩი, კანდრევა და ასამოაც. რაც შეეხება ვეტერან ჰანდანოვიჩს, ის თავის მერვე სეზონს იწყებს იტალიელთა რიგებში.
“ინტერმა” მაურო იკარდი დაკარგა, რომელმაც 6 სეზონში 200-ზე მეტი გოლი გაიტანა. მასთან ერთად წავიდნენ ივან პერისიჩი და რაჯა ნაინგოლანი. სამაგიეროდ, დიეგო გოდინის ტრანსფერი გუნდს გამოცდილებას შემატებს.
ცვლილება სამწვრთნელო შტაბში
ეჭვგარეშეა, რომ ანტონიო კონტეს “ინტერის” მწვრთნელად დანიშვნა მათთვის საუკეთესო სიახლეა. რობერტო მანჩინის შემდეგ მოყვანილი 12 სპეციალისტიდან არც ერთი არ გაჩერებულა გუნდში ორ სეზონზე მეტი დროით. როგორც ჩანს, “ჩელსის” ყოფილი დამრიგებელი ამ სვლას შეაჩერებს.
კონტეს იტალიურ ფეხბურთში სიტყვა ნამდვილად ეთქმის მისი სამწვრთნელო და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე (თითქმის 300 მატჩი “იუვენტუსთან” ერთად). ანტონიო “ბებერი ქალბატონის” კავალერი 3 წლით იყო და თითოეულ სეზონში იგებდა ქვეყნის ჩემპიონატს.
2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ის იტალიის ეროვნულ გუნდსაც წვრთნიდა. 2016/17 სეზონში ანტონიო პრემიერ ლიგის გამარჯვებული “ჩელსის” თავკაცი იყო. კონტეს სათამაშო სტილი ბრწყინვალედ ერგება თავის სამშობლოს: 3 მოთამაშე დაცვის ცენტრში, 2 განაპირა მცველი, 3-კაციანი ნახევარდაცვა და 2 ფორვარდი.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსა” და “ინტერი” ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრილან და აქედან რვაჯერ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. ჯგუფურ ეტაპებზე მათი გზა 2002/03, 2009/10 და 2018/19 წლების სეზონებში გადაიკვეთა. 2010 წელს კატალონიელები და მილანელები ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდნენ და მომდევნო ეტაპზე “ნერაძური” გავიდა. ეს “ბლაუგრანას” ერთ-ერთ მტკივნეულ მარცხადაა აღქმული.
გასულ სეზონში “ბარსამ” “ინტერს” საშინაო არენაზე რაფინიასა და ჟორდი ალბას გოლებით 2:0 მოუგო, “ჯუზეპე მეაცაზე” გამართული შეხვედრა კი 1:1 დასრულდა (თავი იკარდიმ და მალკომმა გამოიჩინეს).
მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში “კამპ ნოუზე” “ინტერს” ყოველთვის ამარცხებს, მაგრამ თავის მხრივ, ვერც სტუმრად ახერხებს მატჩის მოგებას.
სტადიონი
გახსნილია 1926 წლის 19 სექტემბერს და ტევადობით იტალიაში გამორჩეულია (80,000-ზე მეტი მაყურებელი). ამ სტადიონზე თამაშობენ “ინტერიც” და “მილანიც”. როცა მასპინძლის რანგში “ნერაძურია” სტადიონს ჯუზეპე მეაცას საპატივცემულოდ მოიხსენიებენ (გუნდის ლეგენდა), მაგრამ როცა მოედანზე “როსონერი” გამოდის, არენას “სან სირო” ეწოდება.