workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოვიდა აპრილი…

დიდი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა აპრილი. მოვიდა აპრილი და ზოგს ბედნიერება მოუტანა, ხოლო ზოგს ისეთი უბედურება, რომ მტერსაც კი არ ვუსურვებ. სამშაბათ დღეს ყველა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული და სულმოუთქმენლად ელოდა, თუ როდის დაიწყებოდა შეხვედრა მადრიდის “რეალსა” და ლონდონის “ტოტენჰემს” შორის. დიახ, ყველა ამ მატჩს ელოდა, რადგან პარალელურ შეხვედრეში ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. წინა წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სულ ახლახანს გამოცვლილ მწვრთნელიან გუნდს ხვდებოდა. მილანელებისგან მინიმუმ სამი ბურთით გამარჯვება იყო მოსალოდნელი. მადრიდში დაწყება რაღაც წამებით დააგვიანეს და ამ დროს ლოდინით დაქანცულმა გულშემატკივრებმა ტელევიზორები მეორე თამაშზე გადართეს, რომელიც 1 წუთზე ნაკლები იყო რაც დაიწყო…და უცბად 25–ე წამზე დეიან სტანკოვიჩის რაღაც ფანტასტიკური გოლი ცენტრიდან. აქ უკვე ყველა ფანმა იცოდა, თუ რა ელოდა “შალკეს” 90 წუთის მანძილზე. ამასობაში ესპანეთშიც დაიწყო… დაიწყო და მე–4 წუთზე ემანუელ ადებაიორმა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია რაც “რეალში” გადაბარგდა, ანგარიში გახსნა. შემდეგ მსაჯმა მოედნიდან პიტერ კრაუჩი გააძევა და რბილად რომ ვთქვა “მოსპო ინტრიგა” და წერტილი დაუსვა ყველაფერს. მადრიდელები რა თქმა უნდა დაეუფლნენ უპირატესობას და შეხვედრის ბოლოს ტაბლოზე 4:0 იყო დაფიქსირებული. სულ არავის გახსენებია, თუ რა ხდებოდა იტალიაში. სამეფო გუნდის გულშემატკივრები ხარობდნენ, “ტოტენჰემისანები” კი–მსაჯს “ლამაზი” სიტყვებით ამკობდნენ. ძილის წინ ხალხი კომპიუტერებს მიუჯდნენ, რათა ენახათ რა ანგარიშით გაანადგურა “ინტერმა” გერმანული კლუბი. შევიდნენ ამა თუ იმ საიტზე და ნახეს ანგარიში: 2:5. ეს რაღაც სასწაული იყო. “შალკემ” ქვა–ქვაზე არ დატოვა და სახლში სამ ბურთიანი უპირატესობით დაბრუნდა. პრაქტიკულად “ინტერსაც” და “ტოტენჰემსაც” შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი გადაეწურათ. მილანელებს მინიმუმ 4 გოლის გატანა სჭირდებათ, ისევე როგორც ლონდონელებს. ზოგმა ფანმა მშვიდად დაიძინა, ზოგმა კი ძალიან, ძალიან, ძალიან აღელვებულმა და ნერვიულმა.

ამასობაში მეორე დღეც გათენდა და კვლავ ყველა ელოდა მალე დაღამებას. საათმა ჩამოჰკრა 22:45 სთ–ს და მატჩებიც დაიწყო. აქ უკვე მსოფლიო ორად იყო გაყოფილი: ნახევარი ინგლისურ დერბს ადევნებდა თვალს, ნახევარი კი ესპანურ–უკრაინულს. ყველამ იცოდა, რომ “ბარსელონა” ამ თამაშს მოიგებდა და “შახტარს” სახლში დამწუხრებულს გაუშვებდა, თუმცა ასეთ ანგარიშს მაინც ვერავინ წარმოიდგენდა. ანგარიში უკვე 95–ე წამზე ანდრეს ინიესტამ გახსნა და დონეცკელები ფსიქოლოგიურად “მოკლა”. ამ დროს “ჩელსი” გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. 24–ე წუთზე კი “სტემფორდ ბრიჯზე” მხოლოდ ბუზის გაფრენის და “წითელი ეშმაკუნების” ფანების ხმა ისმოდა. უბერებელი რაიან გიგზის ბრწყინვალე გადაცემა და ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდის, უეინ რუნის ზუსტი დარტყმა. “ჩელსი” 0:1 “მანჩესტერი”. ტორესი ლონდონში გადმობარგების შემდეგ უგოლოდაა და ზოგი მისგან ამ შეხვედრაში ელოდა რაიმეს გაკეთებას. თანაგუნდელებმა მას რამდენიმე კარგი შანსი შეუქმნეს, თუმცა ხან ესპანელი აცილებდა ბურთს ფეხს, ხან კი კიდევ ერთი უბერებელი, ვან დერ საარი დამაჯერებლად იგერიებდა. “ლურჯებს” გოლის გაშვების შემდეგ ბევრჯერ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მანჩესტერელები თავს შესანიშნავად იცავდნენ–ხან ერთ მცველს გამოჰქონდა ბურთი კარის ხაზიდან, ხან მეორეს. საბოლოოდ ამ თამაშში ძლიერმა გაიმარჯვა და ეს ძლიერი “იუნაიტედი” აღმოჩნდა. კატალონიაში კი მთელი “კამპ–ნოუ” მღეროდა და აღნიშნავდა კიდევ ერთ ხუთიანს.

სამი 1/2 ფინალისტის ვინაობა უკვე პრაქტიკულად ცნობილია. რაც შეეხება მეოთხეს, მართალია “მანჩესტერი” საკუთარ მოედანზე თამაშობს და თანაც ერთ ბურთიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ “ლურჯები” ასე ადვილად არ დანებდებიან.

“ელ კლასიკო” ჩემპიონთა ლიგაზე–ეს უნდა ყველას. “თეთრები” “ბარსასთან” წაგებების სერიის შეწყვეტას აპირებენ, ხოლო “ლურჯ–ბროწეულისფერები” კი–გვარდიოლას ხანაში “რეალთან” კიდევ დამატებით ორი მატჩის მოგებას. ვნახოთ რა იქნება. ერთი კი აშკარაა: 1/2 ფინალის პირველი და მეორე შეხვედრის დროსაც ყველა ფეხბურთის მოყვარული ფეხზე იდგება და ბოლომდე უგულშემატკივრებს თავის რჩეულს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში