“ბარსელონას” ფეხბურთელები გუშინდელი მატჩით კმაყოფილები დარჩნენ, რასაც უკრაინელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
სეიდუ კეიტა
“მატჩის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად “რეალზე” ფიქრი ჯერ ადრეა. “შახტარმა” დღეს კარგი თამაში აჩვენა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დონეცკში ადვილი გასეირნება არ გველის. გატანილ გოლს კი ერიკ აბიდალს ვუძღვნი, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და ვუსურვებ მალე მოედანზე დაბრუნებას.”
ანდრეს ინიესტა
“ძალიან გახარებული ვარ. ეს კვირა ჩემთვის უბედნიერესი იყო. გატანილ გოლს სულ ახლახან დაბადებულ ქალიშვილს ვუძღვნი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ განმეორებით შეხვედრას გამოვტოვებ, ეს განზრახ არ ჩამიდენია. უბრალოდ არ მესმის რატომ მიჩვენა არბიტრმა ყვითელი ბარათი.”
ხერარდ პიკე
“შახტარს” კარგი გუნდი ჰყავს. მათ რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდათ გოლის გატანისა. საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ და ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მთელი მსოფლიო “ელ კლასიკოს” მოლოდინშია? მათ რიცხვს მეც მივეკუთვნები. მოუთმენლად ველი “რეალთან” დაპირისპირებას. 1/2 ფინალში გასვლას მათაც და ჩვენც ძალიან ცოტა გვაშორებს. ასე რომ თუ ეს დიდი თამაში შედგა, ხალხს დაუვიწყარი სიამოვნება ელის.
ანდრეი პიატოვი
“ძალიან ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ ტაიმში სამი ხელსაყრელი საგოლე მომენტი გვქონდა; მეორეშიც არ დავაკელით, მაგრამ ბურთი არ შედიოდა მეტოქის კარებში. გაშვებულ გოლებს რაც შეეხება, ნამდვილად შემეძლო ყველა მომენტში უკეთესად მეთამაშა და გადამერჩინა გუნდი, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან ცოტაა. ამის მიუხედავად მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ.”
იაროსლავ რაკიცკი
“პირველივე წუთებში გოლი გავუშვით, რამაც ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩვენზე. ამის მიუხედავად, მარტო გათანაბრების კი არა, წინ გასვლის შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ხუთიდან ოთხი გოლი პრაქტიკულად თავად გავიტანეთ, რაზეც ძალიან გაბრაზებული ვარ. ხელსაყრელი შანსები რომ გამოგვეყენებინა, დარწმუნებული ვარ ახლა შედეგით 100% კმაყოფილი ვიქნებოდი.”
დარიო სრნა
“პირველმა გაშვებულმა გოლმა არ გაგვტეხა. ვიბრძოდით და რამდენიმე რეალური შანსიც გვქონდა გოლის გატანისა, თუმცა სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. ანგარიშის მიუხედავად დღეს ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მატჩის წინ ვიძახოდი “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია მეთქი და მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.”



