ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ “ბარსელონამ” “ვალენსიადან” 29 წლის მეკარე, ნეტო დაიმატა. ის მე-40 ბრაზილიელია, რომელიც კატალონიურ გუნდში ითამაშებს.
რომარიოს, რივალდოს, რონალდინიოს და ნეიმარის ჩათვლით, “ბარსელონაში” სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა, თანაც, როგორც წესი, ყველა პოზიციაზე, მაგრამ, საინტერესოა, რომ “ბლაუგრანას” შემადგენლობაში მხოლოდ ერთ მეკარეს უთამაშია, მასაც შორეულ წარსულში.
ჟაგუარე ბესერა, მეტსახელად “შავი ობობა”, რიო დე ჟანეიროში 1905 წელს დაიბადა. ის ექსცენტრიულობით იყო ცნობილი – მოედანზე ყოველთვის ყვიროდა, როცა ფეხბურთელები არ უყურებდნენ, ბურთს მათ თავზე ათამაშებდა, სეივებს ცალი ხელით აკეთებდა.
1931 წელს, ბესერას კლუბი, “ვასკო და გამა”, ესპანეთში ამხანაგურ მატჩებს მართავდა. ისინი “ლეს კორტზეც” მოხვდნენ და “ბარსელონას” დაუპირისპირდნენ – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “ბარსა” ბრაზილიურ გუნდს შეხვდა.
მაშინდელი პრეზიდენტი, გასპარ როზესი სტუმრების თამაშით იმდენად მოიხიბლა, რომ მათ ორ მოთამაშეს კატალონიაში დარჩენა და კლუბში გაწევრიანება შეთავაზეს. ბესერასთან ერთად, ის ნახევარმცველი ფაუსტო დოს სანტოსითაც დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას არ ატარებდა. იმ პერიოდში, ოფიციალურ მატჩებში ესპანურ კლუბებს მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელების გამოყენება შეეძლოთ, ბრაზილიელებმა კი მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვეს და გუნდი მომდევნო წელსვე დატოვეს.
ბესერა და ფაუსტო “ბარსელონამ” ამხანაგურ შეხვედრებში ათამაშა, რომლებიც მაშინ უფრო ხშირად ტარდებოდა და დიდ ინტერესს იწვევდა.
“ბარსას” ხელმძღვანელების იმედები გამართლდა და ეგზოტიკურმა და ესპანური პუბლიკისთვის უჩვეულო მოთამაშეებმა დიდი ყურადღება მიიპყრეს.
ჟაგუარემ კარიერა საფრანგეთში, შემდეგ კი პორტუგალიაში გააგრძელა, მაგრამ ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნება არჩია. აქ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. ადგილობრივები მას პატივისცემით აღარ ეპყრობოდნენ, ოკეანის გადაღმა გამომუშავებული თანხის გაფლანგვის შემდეგ ალკოჰოლს მიეძალა. 1946 წელს ის სან პაულოში, უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა – სავარაუდოდ ეს პოლიციელებთან უთანხმოებას მოჰყვა, თუმცა, ზუსტი გარემოება ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.
რაც შეეხება დოს სანტოსს, მისი სიცოცხლე ტრაგიკულად ადრე დასრულდა, 34 წლის ასაკში, ის ტუბერკულოზმა იმსხვერპლა.
დროთა განმავლობაში, ესპანეთში ვითარება შეიცვალა და უცხოელი ფეხბურთელების თამაში ნორმალური მოვლენა გახდა. ყველაზე მეტად, აქ ბრაზილიელების რაოდენობა გაიზარდა, რითაც კლუბებმაც და გულშემატკივრებმაც უდავოდ დიდი სარგებელი და სიამოვნება მიიღეს.