მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რეპეტიცია გავლილია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რეპეტიცია გავლილია

რეპეტიცია გავლილია, გამოცდა ჩაბარებულია. ალბათ ყველაზე იოლი გამოცდა, რაც ბოლო პერიოდში “ბარსას” ჰქონია, მაგრამ გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად ესეც საკმარისი გამოდგა.

წინ “კლასიკოა!” “ბარსა” ფორმის პიკში ნამდვილად არ არის, ისევე როგორც “რეალი”. არ ვიცი, მოასწრებს თუ ვერა გამოჯანმრთელებას ჟორდი ალბა, “კლასიკო” რომ დესტი-ალბას ფლანგებით ვითამაშოთ, გუნდის შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

უცნაური მატჩი იქნება, აგერ უკვე რამდენი წელია, “კლასიკოს” ბილეთებისთვის ხალხი ერთმანეთს არ ინდობს, როგორც ზეპირი გადმოცემით ვიცით, ვიღაცები მამიდებსაც არ ინდობენ, ისეთი მოვლენაა ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახო. ახლა კი ისეთი გარემო იქნება, როგორც ვარჯიშზე, მხოლოდ DJ თუ გაგვამხიარულებს ტრიბუნიდან. უცნაურ დროში ვცხოვრობთ.

როგორი თამაშიც არ უნდა გამოდგეს, ისტორიაში წინასწარ არის შესული.

ახლა კი ჩავლილ თამაშზეც ვთქვათ.

პიანიჩი და ტრინკაუ

ორი ცვლილება ვნახეთ, გრიზმანი და ბუსკეტსი თადარიგში აღმოჩდნენ. რთული სათქმელია, სკამზე დარჩებიან თუ არა შემდეგ შეხვედრაში, გრიზმანი თითქოს დაასვენა, მაგრამ გადაღლისა რა ეტყობოდა?!

ბუსკეტსი მოგვიანებით მაინც გამოიყვანა, ანტუანი კი ბოლომდე სკამზე დარჩა. მაინც მგონია, რომ “კლასიკოს” სწორედ ის დაიწყებს. არადა, როცა ტრინკაუ მოედანზეა, “ბარსას” გრაფაში გაცილებით მეტი შეტევაა ფლანგიდან და მესიც გაცილებით პროდუქტიულია, გრიზმანი და ლეო უმეტესად ხელს უშლიან ერთმანეთს, არ არის საჭირო ორი ფეხბურთელი ერთი და იმავე ზონას ითვისებდეს. იგივე უნდა გავიმეოროთ, ცოტა დამღლელია, მაგრამ მაინც, გრიზმანი გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე ტრინკაუ, მაგრამ ტაქტიკურ სქემაში პორტუგალიელი უპრობლემოდ თავსდება, ფრანგი კი ვერა. წინა სეზონში გრიზმანმა გამოაცხადა, დრიბლინგი ჩემი საქმე არ არისო, აბა რომელი გარემარბი იტყვის ამას?!

იგივე პოზიცია დაიკავა უსმან დემბელემ. კუმანი ეძებს მარჯვენა შემტევს და გრიზმანის სათადარიგოთა სკამზე დამკვიდრება დროის ამბავია. ზამთარში თუ დეპაი მოვიდა, მერე საერთოდ უმჯობესი იქნება, მაშინვე დატოვოს კლუბი.

პიანიჩს რაც შეეხება, კარგი თამაში ჰქონდა. “ფერენცვაროშით” რამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ ერთი კომპონენტი მაინც კარგად გამოჩნდა – როცა პიანიჩია მოედანზე, გაცილებით მეტი წინ პასი კეთდება. ასე იყო ამ შეხვედრაში, ბუსკეტსი უმეტესად უკან და გვერდზე თამაშობს, პიანიჩისთვის კი პირველი არჩევანი წინ პასია.

პრობლემა არ ჰქონია ფრენკი დე იონგთან, ორგანიზებულად და შეთამაშებულად მოძრაობდნენ. არც ის არის ახალი ამბავი, რომ ბუსკეტსი და დე იონგი ერთად ვერ არის კარგი წყვილი. ისე არ უშლიან ერთმანეთს, როგორც მესი და გრიზმანი, მაგრამ მაინც, ერთი სივრცის ხალხია, პიანიჩი კი სხვა სტილის ფეხბურთელია.

ასეთი საფიქრელი მოგვცა რონალდ კუმანმა. ახლა უნდა დავსხდეთ და ვიფიქროთ, რას იზამს “კლასიკოში”, ვის დატოვებს სკამზე და ვის დააწყებინებს თამაშს, მემგონი ჯერ თავადაც არ იცის.

დაცვა

“ბარსას” ბოლო დროს, როგორც წესი ორი ტვირთი ჰქონდა. ერთი ანტუან გრიზმანია, რომელიც მუდმივად ზედმეტი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეორე კი სერჟი რობერტოა, რომელიც თამაშის რითმს საერთოდ ვერ გრძნობს და ტემპი დაკარგული აქვს, ხანდახან კარგი დრიბლინგით გვამახსოვრებს თავს, მაგრამ საერთო ჯამში პრობლემა უფროა, ჰოდა, ნელ-ნელა გვარდება ეს პრობლემები. გრიზმანი ჩააჩოჩეს და სერჟი რობერტოს სკამზე გადასმაც დროის ამბავია, დრო კი იქამდე გაიწელება, სანამ ალბა არ დაუბრუნდება მოედანს. თუმცა, დაცვის პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს, რადგან პიკე-ლანგლეს დუეტი კრიტიკას ვერ უძლებს, ხან ერთია კარგი, ხან მეორე, ხან ერთი ჩაფლავდება, ხან მეორე. არც კი მახსოვს, როდის იყო ორივე კარგ ფორმაში.

გუშინ მაგალითად პიკე ჩაფლავდა. ჯერ პოზიცია დაკარგა, მერე სისწრაფეში დაიჩაგრა და ბოლოს წითელი ბარათი და თერთმეტმეტრიანი აიკიდა. “იუვესთან” თამაშს გამოტოვებს, ეგ არაფერი, მხოლოდ ეგ რომ იყოს გადავიტანდით, მაგრამ მთელი სეზონი თუ ასე აპირებს თამაშს, “ბარსას” გრაფაში წაგებული თამაშების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

ნეტო კარგი იყო. სათადარიგოთა მეკარის კვალობაზე ძალიან კარგად გამოიყურება. მხოლოდ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან უშვებს გოლებს. შეცდომა არ დაუშვია და მას შემდეგ, რაც თამაში დაიწყო, რამდენიმე კარგი “სეივიც” შემოგვთავაზა.

მატჩის საუკეთესოები

მორიგი კარგი შეხვედრა ჰქონდათ კოუტინიოსა და ფატის. მარცხენა ფლანგი მათი წყალობით ყოველთვის აქტიურია და მთავარი საფრთხე სწორედ ამ ფლანგიდან იქმნება. კარგი გოლები გამოვიდა. კოუტინიოსგან შორეული გასროლები მაინც გვაკლია, თან ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ წესით და რიგით ხშირად უნდა ურტყამდეს კარში, ეს მისი გამორჩეული უნარია.

აქვე უნდა ითქვას, რომ “ბარსა” ისტორიაში შევიდა. “ფერენცვაროშთან” ერთდროულად ორმა არასრულწოვანმა გაიტანა, ფატიმ და პედრიმ. ერთი მძღოლს დაჰყავს, მეორე ტაქსით დადის, მანქანის ტარების უფლება არ აქვთ, მაღაზიაში, რომ შევიდნენ, ლუდსაც არ მიყიდიან, ამ დროს კი ჩემპიონთა ლიგაზე გოლები გააქვთ.

საუკეთესოები მესი და დე იონგი იყვნენ. მესისგან არაფერი გვიკვირს. ეს რა გასაკვირია?! კარგია, რომ ფორმაში შედის. მას შემდეგ, რაც რონალდუმ “რეალი” დატოვა, მესიც ვერ ბრწყინავს “კლასიკოში”, იმედია, რომ ამჯერად გაიბრწყინებს. “ფერენცვაროშთან” დრიბლინგი “ნაპოლისთან” დრიბლინგს ჰგავდა, ოღონდ ამჯერად წააქციეს.

ფრენკი უმატებს და უმატებს. ბოლო პასის გამო ვაკრიტიკებდით და ინიესტას სტილში დახატა, ანსუ ფატიმაც დაუფასა. ამას გარდა, მთელი თამაში აკონტროლებდა მოედნის ცენტრს. იგივე მოთხოვნა გვექნება “რეალთანაც”, მოედნის ცენტრი დე იონგმა უნდა აიღოს. რთული იქნება, მაგრამ აქ სწორედ ამისთვის მოიყვანეს, ასეთი სირთულეების გასამკლავებლად.

სულ ცოტაც და “კლასიკო” დაიწყება, მერე ჩემპიონთა ლიგა, მერე ისევ ლა ლიგა, სანაკრებო შესვენება და ისევ იგივე ტემპში. კორონავირუსმა კალენდარიც შეცვალა, თამაშებს შორის პაუზა საერთოდ აღარ იქნება, ამიტომ მოწყენის დროც არ გვექნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • gio-rakitich
    21 ოქტ 2020, 22:48

    2 tamashia zedized reals bernabeuze ubabaneben j klasis gundebi

  • Don_Andresito
    21 ოქტ 2020, 12:53

    ზიდანმა თუ 4 ნახევარმცველი მოყარა და სიმეონე გააკეთა, არადა უარესი ხდება სიმეონეზე, მაშინ ჩვენც შეგვიძლია ბუსი ფრენკი პიანიჩი გავიყვანოთ მოედანზე. პროსტა მაგას კოუ ან ფატი ეწირება და ეგ ცუდია. ისე ფატის არ დაინდობენ, ბევრი მოხვდება ფეხებში. არც ლეოს ელის მარტივი თამაში. დიდი ხანია კლასიკოში არაფერი გაუკეთებია, წელს ისეთ ფორმაშია მეეჭვება გააკეთოს რამე თან კაზემირო რამოსი ზედ დაასხდებიან. იმედია მსაჯი მაინც იქნება ისეთი 30% ით მაინც რო მოგვიბრუნდეს და მთლად 100-0 ზე არ იყოს რეალის სასარგებლოდ. საჭირო დროს წითელიც ამოუღოს იმ არაკაცებს. პიკეს ნეტა რეალთანაც დისკვალიპიკაცია ქონდეს, მეზიზღება უკვე რო ვუყურებ. 3-0 ზე ესეთ წითელს რო აიდებ რაზეა საუბარი. დღEს პიკეზე მარტო გამოცდილების ამბავში შეიძLება ითქვას დადებითI და სად იყო ეგ გამოცდილება როცა 3-0ზე ესე მოიქცა? რო გაეტარებინა რა? გაგვიტანდა? მაინც გაგვიტანა. თან 10 კაცით დაგვტოვა. სელტასთანაც იგივე ქნა უბრალოდ გაუმართლა მერე და გაუუქმდა წითელი. ზატო ლენგლემ დააბალანსა მერე და იმან გაიგდო თავი. მატიე ვერმაელენი ბარტრა რო გვყავდა მაშინ არ იყო ბარსას დაცვა ესეთი ფარჩაკი. წელს კიდე მცველზე არც უფიქრიათ. გარსიას გადააკვდნენ როცა არაფრით უკეთEსი არაა პიკე ლენგლეზე გარდა ასაკისა. დღეს ჭკვიანი მცველი გვინდა, გამოცდილიც. თუნდაც 1 სეზონით მოეყვანათ ტიაგო სილვა. კედელივით იდგა გუშინ სევილიასთან. არაუხო უნდა შეაჩვიოს ძირითადს, გუშინ ზუსტად ისეთი თამაში იყო რო არაუხოს უნდა ეთამაშა მარა ეს კუმანის ხან მაკვირვებს ცცუდად. ადგება მერე და სადმე რთულ გასვლაში დააყენებს. ათამაშე ჯერ მარტივი იგრები რა. რა უნდოდა ფერენცვაროოშთან პიკე-ლენგლეს წყვილს. მაგაზე მარტივი იგრა ლიგაზე ალბატ აღარ გვექნება და ეტამაშებინა ბარემ. არ ვიცი დაცვას რა ეშველება.

  • პავლოვიჩი56
    21 ოქტ 2020, 12:52

    "ბარსა"-ს თამაში არ მომეწონა.სად ხედავთ ამ ტაქტიკურ სიახლეებს ვერ ვგებულობ.პიკე-ლენგლეს დუეტი ისევ დირკაა.მესი და კოუტინიო,კარებში რომ არ დგას და შეტევაში არიან,ესაა ტაქტიკური სიახლე ? ბოდიში ყველას.