“ბარსას” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ გამართა წინასამატჩო პრესკონფერენცია, სადაც თქვა, რომ ტიტულების მოგება არ არის ფიტნესი და ტაქტიკა, არამედ ეს სურვილია.
რამდენიმე დღემ განვლო მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლას პრესკონფერენცია არ გაუმართავს. საერთაშორისო მატჩების შემდეგ კი, ამის დროც დადგა. მან დღეს “სიუდად ესპორტივაზე” ისაუბრა “ბარსა”–”ვილიარეალზე” და სეზონის დასრულების მოახლოვებაზე. გვარდიოლამ თქვა: “ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ… ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ”.
სურვილი
ბევრი ფიქრობს, რასაც “ბარსელონა” აკეთებს მხოლოდ ფიტნესით და ტაქტიკით ხდება, მაგრამ პეპმა განაცხადა, რომ “რასაც ვაკეთებთ, ანუ ვისწრაფით ჩემპიონობისთვის, არის მხოლოდ სურვილი და არა ტაქტიკა”.
მან არ დაუმალა ჟურნალისტებს, რომ სანაკრებო თამაშები ცუდად იმოქმედებდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც მოუწევთ “ვილიარელის” წინააღმდეგ “გალაშქრება”. “ყურების ჩამოყრა არაფერში წაგვადგება. ეს ჩვენი ცხოვრებაა და ვერსად გავექცევით, ასე რომ, ვალდებულები ვართ გავიდეთ მოედანზე და ვითამაშოთ ჩვეულად, “ბარსელონურ” სტილში”.
საშიში “ვილიარეალი”
“ვილიარეალზე” გვარდიოლა ფიქრობს, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და მათ უკვე დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი ლა ლიგაში: “ისინი წლებია საუკეთესო კლუბებს შორის არიან. ისინი ყველასათვის საშიში მეტოქეები არიან”.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ მატჩი “ვილიარეალთან” იქნება გადამწყვეტი, მაგრამ პეპი ამბობს: “ეს სულაც არ არის ასე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია 3 ქულის მოპოვება, მაგრამ ჩვენ წინ “ბერნაბეუ” გველის, სადაც კიდევ ერთხელ გამარჯვება გვმართებს. ჩვენ შევეცდებით მადრიდში მაქსიმალურად დიდი ჰანდიკაპით ჩავიდეთ”.
ლიონელ მესის ყოფნა მოედანზე
პეპ გვარდიოლა ძალიან გახარებულია, რადგანაც “ლეო მესიმ ითამაშა უმარავი თამაში და ყველაფერმა ტრავმის გარეშე ჩაიარა, რაც კარგის ნიშანია”, მაგრამ ყველაფერი შეხვედრის საღამოს გადაწყდება. “მესი, მასკერანო და მილიტო ერთად ჩამოვიდნენ “ბარსელონაში”, მათ ერთად იმგზავრეს”.
სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე გვარდიოლამ განაცხადა: “პედრო და მაქსველი ახლა ბევრად უკეთ გრძნობენ თავს, დღეს კი გადავწყვიტავთ შევიყვანოთ თუ არა ისინი განაცხადში. პუიოლიც მალე გამოჯამრთელდება, მაგრამ “ვილიარეალთან” მისი თამაში დიდი რისკია”. დაასრულა პეპ გვარდიოლამ.



