პეპ გვარდიოლას გუნდი თავის შედეგებს დღითი დღე აუმჯობესებს. ეს კი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც ნათლად აღინიშნება…
როგორც ჩანს, გვარდიოლას ფეხბურთელები რეკორდების ლეწვა–მსხვრევას ძალიან მიეჩვივნენ და ახლა შარშანდელ სეზონში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას გეგმავენ. ალბათ ყველას მოგეხსენებათ ის ფაქტი, რომ შარშან, კატალონიელებმა “ლა ლიგა” ისე დაამთავრეს, რომ მათ აქტივში 99 ქულას დაედო ბინა. ამ დროისთვის პეპის ფეხბურთელებმა შესაძლო 87 ქულიდან 78–ის მოპოვება მოახერხეს, ხოლო შარშან “ბლაუგრანელებს” მხოლოდ 74 ქულა ჰქონდათ მოპოვებული.
“ბარსას” ანგარიშზე ახლა 81 გოლია, 10–ით მეტი, ვიდრე ვიდრე წინა წელს, მაგრამ ოთხით ნაკლები, ვიდრე გვარდიოლას “ბარსელონას” პირველი გუნდის წვრთნის პირველ წელს. თუ გუნდს პეპის პირველ სეზონში ამ დროისთვის 24 გოლი ჰქონდა გაშვებული, ხოლო წინა წელს 18 – ახლა ვიქტორ ვალდესისა და ხოსე მანუელ პინტოს გაშვებულ გოლთა რაოდენობა მხოლოდ 15–ს შეადგენს.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდში ყოფნის 3 წელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ერთი დიდი განსხვავება მაინც არის … 2008/09 წლების სეზონში ბოლო 9 თამაშიდან გუნდს 4 ძალზედ სერიოზული მატჩის გადატანა მოუწიათ. პეპის “ბარსა” “რეალ მადრიდისა” და “ვალენსიას” სტადიონებს ესტუმრა, ხოლო “ნოუ კამპზე” “ვილიარეალი” და “სევილია” მიიღო. შარშანდელ სეზონში კი კატალონიელებს საკუთარ მოედანზე “რეალ მადრიდი” და “ვილიარეალი” დახვდათ, ხოლო საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” და “სევილია” მიიღო. ახლაც 9 მატჩია დარჩენილი, თუმცა ერთი დიდი განსხვავებით – კატალონიის “ბარსელონას” შედარებით სერიოზული მატჩები მხოლოდ “რეალ მადრიდთან”, “ვილიარეალთან” და “ესპანიოლთან” დარჩა. ასე, რომ არ არის გამორიცხული, რომ გვარდიოლას გუნდმა კიდევ რამდენიმე რეკორდის ლეწვა–მსხვრევა მოახერხოს და კიდევ ერთხელ, ოქროს ასოებით ჩაწეროს თავისი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში…