“ბარსელონა” 2019 წლის პირველ შეხვედრას 6 იანვარს, ლა ლიგაში, “ხეტაფესთნ” სტუმრად ჩაატარებს.
ამ თამაშს “კოლიზეუმ ალფონსო პერესი” უმასპინძლებს, რომელიც “ბარსელონასთვის” წარმატებული სტადიონია.
ლა ლიგის ეგიდით, ამ არენაზე, კატალონიელბმა 13-ჯერ ითამაშეს, 9-ჯერ მოიგეს და მხოლოდ 2-ჯერ წააგეს.
“ხეტაფესთან” გასვლაზე პირველად “ბარსამ” 2004 წლის 27 ნოემბერს ითამაშა. ის მატჩი კატალონიელებმა დეკუსა და რაფა მარკესის გოლებით 2:1 მოიგეს. ლიონელ მესი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.
ამ სტადიონზე პირველი წარუმატებლობა “ბარსამ” 2007 წლის 7 იანვარს იწვნია, როდესაც ბერნდ შუსტერის მიერ გაწვრთნილ გუნდთან 1:1 ითამაშა. გოლები დანი გუისამ და ჩავი ერნანდესმა გაიტანეს.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის ნოემბერში, “ბარსას” ლეგენდის, მიკაელ ლაუდრუპის მიერ გაწვრთნილმა “ხეტაფემ”, მანუ დელ მორალისა და ხუან ალბინის გოლებით, კატალონიელები 2:0 დაამარცხა. იმ მატჩში, სტუმართა მხრიდან, წითელი ბარათი ჯანლუკა ძამბროტამ მიიღო.
მომდევნო 3 მატჩი “ბარსამ” მოიგო, ხოლო 2011 წლის 26 ნოემბერს კიდევ ერთხელ წააგო. ხუან გარსია პლასას გუნდს გამარჯვება ხუან ვალერას ერთადერთმა გოლმა მოუტანა.
მას შემდეგ “ალფონსო პერესზე” ჩატარებული მატჩებიდან “ბარსამ” ყველა მოიგო (მათ შორის 4:1 და 5:2) ერთის გარდა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
“ხეტაფეს” უკეთესი მოგონენები აქვს ესპანეთის თასზე – 2006/07 წლების სეზონში, “კამპ ნოუზე” 2:5 წაგების შემდეგ, მადრიდელებმა “ბარსა” შინ 4:0 გაანადგურეს.
აქვე ერთი საინტერესო ფაქტი “კოლიზეუმ ალფონსო პერესის” შესახებ – ის 1998 წელს აიგო და სახელი ალფონსო პერესის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია. პერესი, სტადიონის გახსნის დროისთვის, 26 წლის იყო და “ბეტისში” თამაშობდა. “ბარსელონაში” ის 2000 წელს გადავიდა და კატალონიურ გუნდში 2 წელი გაატარა. ალფონსო პერესს “ხეტაფეს” პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. სტადიონისთვის მისი სახელის დარქმევის მიზეზი ისაა, რომ ის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც ქალაქ ხეტაფეშია დაბადებული.