workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” 2018

“ბარსელონას” 2018

“ახლა გუნდში ყველაფერი რიგზეა, შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ. გვახსოვს, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ. ერთი ცუდი თამაში შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და სეზონი, რომელიც ამ დროისთვის დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, გააფუჭოს”. – ჟერარ პიკე, 2018 წლის თებერვალი. 

ვერ ვიტყვით, ენამ უყივლა თუ სტაბილურობის შენარჩუნება ჩავარდნის გარეშე უბრალოდ ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ “ბარსელონას” მცველმა და “ანდორას” (რომლის სახელიც რამდენიმე სეზონის შემდეგ ბევრად უფრო მეტს გვეტყვის) ჯერ კიდევ მომავალმა პრეზიდენტმა კატალონიური გუნდის 2018 წელი მის დასრულებამდე 10 თვით ადრე საკმაოდ კარგად დაახასიათა. 

ძნელია, სეზონი, რომელშიც გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, უარყოფითად შეაფასო, მაგრამ იმ ერთი მატჩის იგნორირება უბრალოდ შეუძლებელია. 2017 წლის მთავარი ჰაილაითი “პარი სენ-ჟერმენთან” ქამბექი იყო, წელს კი ის, რაც ფრანგებს დაემართათ, “ბარსას” შემთხვევაშიც განმეორდა და ეს უნდა ვაღიაროთ. 

2018 წელი სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო: გუნდმა “ლივერპულიდან” დიდი ხნის ნანატრი ფილიპე კოუტინიო დაიმატა. 

კოპა დელ რეის 1/8 ფინალის პირველი მატჩი არც ისე მნიშვნელოვანია, როცა ისედაც იცი, ტურნირს ვინ მოიგებს. წლის გახსნით შეხვედრაში “ბარსელონამ” “სელტასთან” სტუმრად ვერ მოიგო (1-1), მაგრამ, გალისიელებს ანგარიში საპასუხო მატჩში მარტივად გაუსწორა და დროებით, ყურადღება ისევ ლა ლიგას დაუთმო. ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსას” იანვარშივე ჰქონდა სერიოზული უპირატესობა და წინა სეზონებისგან განსხვავებით, სეზონის ამ ნაწილში უაზრო ქულების დაკარგვას არ აპირებდა. 

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა თვე წაგების გარეშე მაინც ვერ დაასრულა. “ესპანიოლმა” კორნელიადან” “ბლაუგრანას” კატალონიური დერბი მოუგო (1-0), თუმცა პრიმერა დივიზიონში 20 ტურის შემდეგ “ბარსა” მაინც წაგების გარეშე რჩებოდა, სამხრეთ ბარსელონელების ბარიერის დაძლევა კი რამდენიმე დღეში მოახერხა, მალევე გაუმკლავდა “სევილიასაც” და თასის ფინალში გავიდა. 

ფინალამდე დიდი დრო იყო დარჩენილი და იქამდე, “ბარსელონას” ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მიხედვა დაევალა. 

ევროპულ არენაზე კატალონიელებს, ცოტა არ იყოს გაუჭირდათ და “სტემფორდ ბრიჯზე” წაგებას, პირველ რიგში, ისევ მასპინძლების შეცდომების გამო გადაურჩნენ. ეს წლის მესამე შემთხვევა იყო, როცა “ბარსამ” ორ მატჩიან დაპირისპირებაში სტუმრად უპირატესობა ვერ მოიპოვა, მაგრამ წინა ორის მსგავსად, “კამპ ნოუზე” მაინც გაიმარჯვა. მესის და მის თანაგუნდელებს საკუთარ მოედანზე კითხვის ნიშანი არ დაუტოვებიათ – 3-0 და “ბარსელონა” გავიდა 1/4 ფინალში, სადაც, გაუმართლა და საკმაოდ მარტივი მეტოქე შეხვდა. აბა რა ეგონათ მადრიდელებს: ლიგის პლეი-ოფში “რომას” მსგავს გუნდთან თამაშის და მომდევნო ეტაპზე სეირნობით გასვლის შანსი ჩვენც ხომ უნდა მოგვცემოდა. 

მარტი საუკეთესო თვე არ ყოფილა, მაგრამ თებერვალს ჯობდა. “ბარსამ” 2 ქულა მხოლოდ 2 თამაშში (“ლას პალმასთან” და “სევილიასთან”, თანაც ორივესთან სტუმრად) დაკარგა, დანარჩენ 5-ში კი გამარჯვებას მიაღწია. აქედან ერთი კატალონიის არაოფიციალური თასი იყო, სადაც მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გასული “ესპანიოლი” “ბარსას” რეზერვისტებმა და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშემ დაამარცხეს. მართალია, ამისთვის პენალტების სერია გახდა საჭირო, მაგრამ კორნელიელებთან, თანაც ასეთი შემადგენლობით, ეს საპატიო იყო. 

აპრილის დასაწყისშიც, “ბარსელონა” ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამარცხებს “რომას” “კამპ ნოუზე” (4-1), იქვე “ლეგანესსაც” – 3-1 და… აქ უნდა გავჩერდეთ. 

რა ხდება გუნდში? 

შემადგენლობა: მეკარის პოზიციაზე პრობლემა საერთოდ არ არის. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც აქამდე სტაბილურობით მაინცდამაინც ვერ გამოირჩეოდა, სეზონის დასაწყისის მსგავსად, შეცდომებს და გოლებს პრაქტიკულად არ უშვებს. შესაბამისად, ვალვერდეს მისი შეცვლის საჭიროება არ ჰქონია, მაგრამ, როცა სათადარიგო კიპერს, იასპერ სილესენს თამაშის შანსი ეძლევა, ისიც არანაკლებ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

პიკე-უმტიტის დუეტიც საუკეთესოა. მასკერანოს და ვერმალენის (როცა ტრავმა აქვს) არყოფნა არ იგრძნობა, ფლანგებზე კი დაცვას ჟორდი ალბა და სემედუ ან სერჟი რობერტო ეხმარებიან. 

რობერტოს ხილვა უკვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო ბუნებრივია, ვიდრე ნახევარმცველის. ხანდახან, ეს პრობლემებს იწვევს, მაგრამ არც სემედუა იმ დონის ფეხბურთელი, რომ ესპანელს ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოანატროს. 

გუნდიდან ჯერ არ წასულა ანდრეს ინიესტა. მას სერხიო ბუსკეტსი და ივან რაკიტიჩი ეხმარებიან. როცა მწვრთნელი როტაციას ჩათვლის საჭიროდ, მათ (რაკიტიჩი გამონაკლისია) ადგილს პაულინიო (საუკეთესო ვარიანტი სათადარიგოთა სკამიდან) დენის სუარესი (ფეხბურთელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გახსნის ბოლო ნაბიჯს დგამს) და ანდრე გომეში (უბრალოდ ანდრე გომეში). 

ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა რამდენიმე თვის დასრულებულია და ის გუნდს ესპანეთში ეხმარება, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება კი არ აქვს. 

წარსულ დროში გადავიდეთ. 

უსმან დემბელეს 2017-18 წლების სეზონი, შეგვიძლია, უბრალოდ დავივიწყოთ. ტრავმებმა მის კარიერას გარკვეული დროით დაღი დაასვა. როცა ის მოედანზე იყო, სულ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი ფეხებში ებლანდებოდა, არაზუსტ პასს აკეთებდა ან მეტოქის კარს კარგად ვერ ხედავდა. ასე რომ, მაშინაც კი, როცა ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, ის ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, მოედანზე ბოლო წუთებზე გადიოდა და სასტარტო შემადგენლობაში თამაშს იშვიათად იწყებდა. 

MSD ჯერ ვერ შედგა, მაგრამ დასახული მიზნების მიღწევაში გუნდს MS და ასეთი დემბელე ეხმარებოდა, ეს კი მაინც საკმარისი იყო. მხოლოდ M რომ ყოფილიყო, მაინც ასე იქნებოდა. 

ერნესტო ვალვერდე. ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანი, რომელსაც სიფრთხილე უყვარს. მის პრაგმატულ სტილს თავიდანვე ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ არის მეორე მხარეც: შეეძლო თუ არა ამ შემადგენლობით (მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ არც ისე ბევრი პრობლემა ჩანს, ეს პრობლემები მოედნის წინა და შუა ხაზზე იწყება და უკან თითქმის ქრება) გუნდს გვარდიოლას “ბარსას” მსგავსად ეთამაშა? დაცვაზე და შედეგზე ორიენტირებული თამაშით ვალვერდეს “ბარსელონამ” ის მოახერხა, რომ ბევრი მატჩი მოიგო, არა ისეთი თამაშით, რომელიც ნებისმიერ მაყურებელს გუნდს შეაყვარებდა, მაგრამ მოიგო. შედეგი მივიღეთ, სანახაობა – ნაკლებად. სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, მაგალითად ლუის ენრიკე, გამორიცხული არაა, რომ რამდენიმე სანახაობრივ თამაშს ხშირად წაგებული მატჩები მოჰყოლოდა და გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში იქ არ ყოფილიყო, სადაც ამ დროს. 

მოკლედ, ვალვერდემ “ბარსელონაში” მუშაობის საწყის თვეებში მეტ-ნაკლებად მოახერხა, აეწყო თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, ძლიერი დაცვის, პრაგმატული ტაქტიკის და კარგი შედეგების მქონე გუნდი. მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ბევრი საუბარი შეიძლება, ასევე ბევრი მიზეზი შეიძლება მოვუფიქროთ იმ ჩავარდნასაც, რომელიც გუნდმა 10 აპრილს, იტალიაში განიცადა, მაგრამ კაცობრიობას სწორი პასუხის პოვნა გაუჭირდება. როცა ამ მატჩზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ პსჟ-ს გულშემატკივრებივით პირი დავაღოთ და ვუყუროთ, როგორ თამაშობს “სტადიო ოლიმპიკოზე” გუნდი, რომელსაც საუკეთესოობის პრეტენზია აქვს. უფრო სწორად, როგორ არ თამაშობს. 

გუნდმა არ ცადა, რომ გოლი თავიდანვე გაეტანა და “რომასთვის” ყველანაირი იმედი მოესპო. ვერც მაშინ იგრძნო საფრთხე, როცა ტაბლოზე ამანარვიულებელი ანგარიში დაფიქსირდა. ლიდერებმა ვერაფერი მოიმოქმედეს და “ჯალოროსიმ” “ბლაუგრანა” პირწმინდად დაამარცხა. 

ეს იყო გამონაკლისი, რომელმაც სეზონს და წელს დაღი დაასვა. ამის შემდეგ, “ბარსელონამ” თამაში ჩვეულებრივად განაგრძო, მალევე იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა და “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, თასის ფინალში, “სევილია” 5-0 გაანადგურა. 

ბოლოს იყო კიდევ ერთი დასანანი მარცხი: 37-ე ტურში, “ბარსამ” ჩემპიონატის ერთადერთი მატჩი წააგო: ვალენსიაში, “ლევანტესთან” – 4-5. ერთი თამაშის შემდეგ, გუნდს ანდრეს ინიესტა დაემშვიდობა და კაპიტნის სამკლაური ლიონელ მესის გადააბარა. 

სეზონი ასე დასრულდა: ჩემპიონთა ლიგასთან კვლავ 1/4 ფინალში დამშვიდობება, პირველი ადგილი ლა ლიგაში და ზედიზედ მეოთხედ მოგებული ესპანეთის თასი. 

სატრანსფერო ფანჯარა. ინიესტას გარდა, გუნდიდან წავიდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მთელი სეზონის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ და პაულინიო. გუნდმა 105 მილიონი ევროს სარგებელი მიიღო. ბრაზილიელის ჩინეთში გაშვებით უკმაყოფილო დარჩა ერნესტო ვალვერდე, რასაც მოულოდნელი ტრანსფერის განხორციელება მოყვა: გუნდს ჩილელი მოჰიკანი, არტურო ვიდალი შეუერთდა. 

ასევე მოვიდნენ არტური, კლემან ლანგლე და მალკომი… ამ ტრანსფერის საშუალებით “ბარსელონამ” “რომა” გაამწარა. 

ზაფხულის ბოლოს, ბარსელონაში ორი მსოფლიოს ჩემპიონი დაბრუნდა. 

პრე-სეზონი აშშ-ში გაიმართა. “ბარსელონამ” “ტოტენჰემს” მოუგო, “რომასთან” და “მილანთან” კი დამარცხდა. ამ მატჩებში თავი აკადემიის წევრებმა, განსაკუთრებით რიკი პუჩმა გამოიჩინა, რომელსაც დებიუტი უკვე ოფიციალურადაც ჰქონდა. 

ოფიციალური სეზონი მაროკოში, “სევილიასთან” სუპერთასის მოგებით დაიწყო, რასაც ჩემპიონატის საწყის ტურებში 4 გამარჯვება მოყვა, მათ შორის “უესკასთან”, რომელსაც გუნდმა 8 გოლი გაუტანა. 

ამის შემდეგ კი, “ბარსელონამ” ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგო, აქედან ერთში კი, “ლეგანესთან”, დამარცხდა. წესით, ამას ლიდერობის დაკარგვა უნდა გამოეწვია, მაგრამ “ბარსას” გაუმართლა, რადგან ჩავარდნა სხვა ფავორიტებსაც ჰქონდათ და პირველი ადგილიდან მეორეზე ჩამოსვლისთვის გუნდს კიდევ ერთი წაგება დაჭირდა. 

2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე გამორჩეული მატჩი კი, უფრო სწორად, სავარჯიშო სესია, 28 ოქტომბერს გაიმართა. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მოქმედი და ლა ლიგის ყოფილი ჩემპიონი, მადრიდის “რეალი” 5-1 დაამარცხა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მეექვსე გოლის გატანაც შეიძლებოდა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ მთავარ კონკურენტს, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც სრულიად მისაღები შედეგია. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი “ბარსელონამ” უპრობლემოდ გაიარა. კატალონიელებმა “პსვ ეინდჰოვენი” ორჯერ დაამარცხეს, “ინტერთან” და “ტოტენჰემთან” კი ერთხელ მოიგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს. ეს პირველი ადგილის მოსაპოვებლად მე-5 ტურის ბოლოსვე აღმოჩნდა საკმარისი. “ბარსას” მეტოქე ლიგის 1/8 ფინალში “ლიონი” იქნება. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მესის გამოსვლა სეზონის დაწყების ცერემონიაზე. “კამპ ნოუზე” შეკრებილ გულშემატკივრებს არგენტინელმა ემოციურად მიმართა და ხაზი ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობას გაუსვა.

არ დაგვავიწყდეს, რომ “ბარსელონა” კოპა დელ რეიზეც თამაშობს. 1/16 ფინალური ეტაპი გუნდმა მარტივად გადალახა და ამაზე მეტოქის სახელი, “კულტურალ ლეონესაც” მეტყველებს. 

2018 წლის ბოლოს, “ბარსელონას” ისეთივე შედეგი აქვს, როგორიც 2017 წლის ბოლოს ჰქონდა, თუმცა ეს უკვე აღარ გვაკმაყოფილებს. პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა და სეზონი წარმატებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ 1/4 ფინალში “ბარსა” სამარცხვინოდ არ გამოვარდება იმ გუნდთან, რომელმაც 1/8 ფინალში “შახტარი” გაჭირვებით დაამარცხა. 

წელს, “ბარსელონას” კავშირი ქართველებთანაც ჰქონდა, თანაც ორჯერ. პირველით არ უნდა ვიამაყოთ, მეორეთი კი – თავისუფლად შეგვიძლია, რადგან ნაკრების და კლუბის მაისურით 18 წლის ასაკში თავის ისე გამოჩენა, რომ შენს თამაშზე შეუიარაღებელი თვალით დასაკვირვებლად ბარსელონადან სკაუტების შორეულ ანდორაში გაგზავნა (დაახლოებით 3 საათის გზაა, უახლოესი აეროპორტი კი ბარსელონაშია) დაიმსახურო, ნამდვილად საამაყოა, პიკეს და შაკირას სახლის გაძარცვა კი – არა. ასე რომ, კატალონიელების თვალში “გოგიტას” მიერ გაფუჭებული სახელი საქართველოს გიორგი ჩაკვეტაძემ დაუბრუნა. 

რა სიახლეა გუნდში წლის მეორე ნახევარში? დავიწყოთ ცუდით: სამუელ უმტიტის ტრავმა. ერთადერთი, რისი იმედიც მასთან დაკავშირებით შეგვიძლია გვქონდეს, არის ის, რომ ფრანგი მცველი ოპერაციის და ფაქტიურად მთელი სეზონის გამოტოვების შემდეგ დასუსტებული არ დაბრუნდება. უმტიტის გარეშე, ვერც ბატონი პრეზიდენტი ჟერარ პიკე გამოიყურება მთლად დამაჯერებლად. შეიძლება, მის თამაშზე (წლის მეორე ნახევრის პირველ ნახევარში) ასაკთან ერთად გავლენას ბიზნეს საქმიანობაც ახდენს. ბოლო მატჩებში კი მისი მდგომარეობა გამოსწორებულია. 

ფილიპე კოუტინიომ აშკარად მოუკლო. ამის მიზეზი, ალბათ ისაა, რომ ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილი ვერ მოიძებნა. 

კარგი სიახლეები: შესამჩნევია, როგორ პროგრესირებს უსმან დემბელე. ის ბურთს ნაკლებად კარგავს, გადამწყვეტ გოლებს ხშირად იტანს და ზოგადად, ბევრად უკეთესად თამაშობს. ოღონდ, უკეთესი იქნება, თუ ხანდახან ივარჯიშებს კიდეც. 

ოქროს ბურთის სამეულს მიღმა დატოვებული ლიონელ მესი ხასიათის მიხედვით თავის საუკეთესოობას ამტკიცებს. ამტკიცებს იმასაც, რომ ბრაზილიელ პელეს, რომელსაც ბევრი არგენტინელზე უკეთესად მიიჩნევს, მხედველობის პრობლემა აქვს, რომელიც თავს ფეხბურთის ყურების დროს იჩენს. 

წლის დახასიათებისთვის პიკეს სიტყვების გამოყენება საკმარისი მაინც არ არის. 2018 წელი “ბარსელონასთვის” არ ყოფილა არც ძალიან დადებითი და არც უარყოფითი. ეს იყო 12 თვე, რომლის განმავლობაში “ბარსა” კარგიც იყო, ძალიან კარგიც, არც ისე კარგიც, ცუდიც და ძალიან ცუდიც. 

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში გუნდს მეორესთან შედარებით უფრო მეტი მოგებული მატჩი ჰქონდა, უკეთესად მაინც მეორე ნახევარი უნდა შეფასდეს, ანუ სეზონის პირველი ნაწილი. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ “სტადიო ოლიმპიკოს” კოშმარი წარსულს ჩაბარდა და “ბარსელონამ” ახალი პერიოდი დაიწყო, თუმცა მხოლოდ დაწყება საკმარისი არ არის. ასე რომ, ახლა ერნესტო ვალვერდეს, ლიონელ მესის და ყველა სხვა ადამიანს, რომელსაც გუნდის შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება, 2019 წლისთვის მკაფიო გამოწვევა აქვს: ყველაფრის მოგება… ცოტა არ იყოს ზერელედ ნათქვამია. ლიდერობის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი, თანაც ისე, რომ კითხვის ნიშნები არსად დარჩეს. ნახევარდაცვის ლეგენდარული ლიდერის გარეშე, ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ მოტივირებული ფეხბურთელების დახმარებით რომლებსაც “ბარსელონას” მოთამაშეები ჰქვიათ და რომელთა შორის ერთ-ერთს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევთ – სრულიად შესაძლებელი: ისევე, როგორც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი გოლის გატანა ლიონელ მესისთვის და “რეალის” დამარცხების შემდეგ ხუთი თითის აწევა ჟერარ პიკესთვის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • B A R C A M A N
    schedule 05 იან 2019, 00:45
    #4

    ამ წელს ისე რა შევაფასებდი, 2019-ში უფრო მეტს ველი

  • ^Barca-Vision^
    schedule 31 დეკ 2018, 23:26
    #3

    Ubralod andre gomeshi da marad talanti denis suarezi kai iyo 😂😂😂😂

    Ise sagol wings magari babasili statiaa

  • givi pavlovichi
    schedule 31 დეკ 2018, 21:08
    #2

    სტატია ცოტა "ბოდიალაა"…!

  • grizmann
    schedule 31 დეკ 2018, 20:12
    #1

    კაი სტატიააა ბრავო WinGs-ს ბერნაბეუზე სავარჯიშო სესიაც კაი იყო ჩაკვეტაძეს კიდე აიაქსს ან რომას ვურჩევ.