2010/11 წლების სეზონი დასკვნით ფაზაში შეღწევას ცდილობს და ალბათ კარგადაც გამოსდის, რადგანაც “ლა ლიგაში” “ბარსას” ფეხბურთელებს 10 მატჩის ჩატარებაღა მოუწევთ. 10 მატჩი დარჩენილია, ხოლო პეპ გვარდიოლას გუნდი უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს…
დარჩენილია 2 თვე და მაქსიმუმ 30 ქულა – აპრილი, მაისი და 10 შეხვედრა. 2 თვესთან და ჩასატარებელ 10 შეხვედრასთან ერთად კი “პრიმერაში” დარჩენილია “ელ კლასიკოც”, რომელსაც ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია.
კატალონიელებს გასვლითი მატჩებისთვის “ვილიერეალი”, “რეალ მადრიდი”, “რეალ სოსიედადი”, “ლევანტე” და “მალაგა” ელით. ალბათ ამ გუნდების სახელების შემყურე რთულია თქვა, რომ კატალონიელებს მარტივი ცხრილი აქვთ, მაგრამ თუ გადავხედავთ მეორე ადგილოსანი გუნდის კალენდარს, მაშინ თქმა რთული აღარ იქნება. მადრიდულ კლუბს სტუმრად თამაში “სან მამესზე”, “მესტალიაზე”, “სანჩეს პისხუანსა” და “მადრიგალზე” უწევს. “მესტალია” და “სანჩეს პისხუანი” კი ის ადგილებია, სადაც მადრიდს ქულების დათმობა არც ისე ძალიან უჭირს.
“ნოუ კამპი” “ხეტაფეს”, “ალმერიას”, “ოსუსუნას”, “ესპანიოლისა” და “დეპორტივოს” გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა, თუ სამწვრთნელო შტაბს ელის, ხოლო “ბლანკოსის” “ღირსების მცველებს” “ბერნაბეუზე” “სპორტინგის”, “სარაგოსას”, “ხეტაფეს”, “ალმერიასა” და ასევე კატალონიის “ბარსელონას” მიღება მოუწევთ. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
ბოლო 2 წელიწადია “ბერნაბეუ” იმ ზემოდ ხსენებულ უკანასკნელ გუნდს ძალიან კარგად ხვდება. მათ სტუმართმოყვარეობაზე მატჩის შემდეგ დაფიქსირებული ანგარიშებიც ძალიან კარგად მეტყველებს. 2008/09 წლების სეზონში, როდესაც მადრიდელებმა “ბარსას” ფეხბურთელები მიიღეს, ამ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა 4–ს, კატალონიელთა სასარგებლოდ, უდრიდა. ეს “კლასიკო” კი გადამწყვეტი აღმოჩნდა, “ბარსას” ფეხბურთელებმა ქვეყნის თასის მაღლა აღმართვა შეძლეს!..
2009/10 წლების სეზონი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. სეზონის ბოლოს, პეპ გვარდიოლას შეგირდების ანგარიშზე 99 ქულა იყო, ხოლო პელეგრინის თეთრ ჭაბუკებს სეზონი 96 ქულით დაემთავრებინათ. “ბერნაბეუზე” მათ კატალონიელებს კვლავ თბილი დახვედრა მოუწყვეს – ბლაუგრანელებმა კვლავ გაიმარჯვეს.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, როდესაც “ლა ლიგა” დასკვნით ფაზაში შებობღვას ცდილობდა და სეზონის დასრულებამდე 10 შეხვედრაღა რჩებოდა, კატალონიელები უფრო შედეგიანები იყვნენ, ვიდრე მადრიდელები. გასულ წელს, ბოლო 10 შეხვედრიდან “ბარსას” ფეხბურთელებმა მხოლოდ 2 ქულის დაკარგვა “მოახერხეს”. რაც შეეხებათ მადრიდელებს, მათ ბოლო 10 შეხვედრაში ფრემ და განცდილმა მარცხმა არ დაივიწყა და თითო–თითოჯერ შეახსენა თავი. ისინი მათგან არც 2008/09 წლებში ყოფილან მივიწყებულნი – შესაძლებელი 30 ქულიდან მადრიდელებმა მხოლოდ 15–ის მოპოვება შეძლეს, ხოლო კატალონიელებმა 18–ის. ესეც იმიტომ, რომ ჩემპიონობის განაღდების შემდეგ ფეხბურთელებმა საკუთარ თავებს მოდუნებისა და კარგად, გემრიელად დასვენების უფლება მისცეს. იმედია მადრიდელები ტრადიციას არ უღალატებენ – კატალონიელებს თბილად & ტკბილად დახვდებიან და ბოლო 10 შეხვედრაში ქულების დაკარგვასაც არ მოერიდებიან…