როგორც ჩანს, მადრიდული კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი იმის მაგივრად, რომ თავიანთი გუნდის წარმატებულ თამაშზე იზრუნონ, აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ “კოპა დელ რეის” ფინალში ყველანაირად დასუსტებულ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდნენ.
სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი კორექტულობითა და მოთმინებით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ კლუბის პრეზიდენტსაც აიყოლიებდა. კვირას ესპანურმა პრესამ, კერძოდ კი “COPE”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც არანაირ ეთიკურ ნორმებს არ შეესაბამება და არა მხოლოდ კატალონიელი გულშემატკივრის მოთმინების ფიალას ავსებს.
უკვე თითქმის ორწელიწადნახევარია რაც მადრიდული კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს. ამისთვის ფლორენტინო პერესი რას აღარ აკეთებს, მან უკვე 400 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა სენსაციურ ტრანსფერებში, დაიქირავა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ ჯერჯერობით ამას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია და კატალონიური კლუბი კვლავ მადრიდულზე მაღლა დგას. არავინ იცის ვისი “შემოქმედება” იყო ეს იდეა, მაგრამ ფაქტია, რომ “რეალის” წარმომადგენლებს ამაზრზენი საქციელის ჩადენაში ადანაშაულებენ, პრესის ცნობით,მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებმა თითი გაიშვირეს მეზობელი კლუბისკენ და იმის მაგივრად რომ ეს ყველაფერი ფაქტებით დაესაბუთებინათ, შეთხზეს რიგი ტყუილებისა, იმის შესახებ, რომ კატალონიელი ექიმები “ბარსას” ფეხბურთელებს გამაძლიერებელ და ძალების აღმდგენ პრეპარატებს ასმევენ. არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, თუ სპორტულ შეხედულებებს, ეს საქციელი ყველგან სამარცხვინოდ და ამაზრზენად ითვლება.
ამ სეზონში ბევრჯერ დაუჩივლიათ იმის შესახებ, რომ კლუბები არათანაბარ პირობებში ასპარეზობენ, იმის შესახებ, რომ კალენდრი არასამართლიანად არის შედგენილი, ახლა კი გამოააშკარავეს ექიმები, რომლებიც ზოგიერთ ფეხბურთელებს დაუღალავ ათლეტებად აქცევენ აკრძალული ხერხებით… ეს მხოლოდ და მხოლოდ რეალობას მოკლებული არგუმენტებია, რომელთა წყალობით კიდევ ერთხელ ცდილობდნენ “ბლაუგრანას” დაკნინებას. “COPE”-ის ცნობით,მადრიდელები აპირებენ დაუფარავად შეიტანონ სარჩელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მოითხოვენ, რომ კატალონიელებისთვის დამატებითი და გამკაცრებული დოპინგ-კონტროლი დანიშნონ, რადაგან დედაქალაქელები ეჭვობენ, რომ “ბარსელონაში” აკრძალულ პრეპარატებს ასმევენ ფეხბურთელებს.
ინფორმაციის ავტორს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს თავად მადრიდიდანაც კი, თავის მხრივ, ხუან ანტონიო ალკალამ ღიად განაცხადა, რომ ინფორმაციის წყარო სწორედ დედაქალაქიდან მოდის, მაგრამ კონკრეტული პიროვნების სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა. მადრიდული კლუბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.
შაბათამდე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. შაბათს კი ფლორენტინო პერესი, რომელიც მანამდე თავს იკავებდა “ომში” მონაწილეობისგან, მთლიანად ჩაერთო ბრძოლაში: “”რეალ მადრიდი” არის კლუბი, რომელიც ყველანაირად იბრძოლებს უსამართლობის წინააღმდეგ”. ამ კომენტარის შემდეგ ძალიან ბევრ ფაქტს აეხადა ფარდა და სიტუაციაც დაიძაბა. სწორედ კვირას “ბარსელონამ” ვერ სძლია “სევილიას”, რასაც ბევრი პერეს ლასას ცუდ მსაჯობას აბრალებს. სწორედ ამ დროს გავრცელდა ზემოთ აღნიშნული სენსაციური ინფორმაცია.
კატალონიელების პასუხმა არ დააყოვნა და კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განცხადება გამოაქვეყნა. კატალონიელებმა ასევე “COPE”-ს გაუგზავნეს წერილი, სადაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ინფორმაციის მიმწოდებელი კონკრეტული პიროვნების სახელის დასახელებას.
როგორც ჩანს, ამ საქციელმა გულგრილი არ დატოვა არც სანდრო როსელი, რომელმაც მაშინვე გადაწყვიტა ამ მტკნარი სიცრუის ავტორისთვის სასამართლოში ეჩივლა. თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ინფორმაციის ნამდვილი ავტორი მოინდომებს კატალონიურ კლუბთან სასამართლოში დაპირისპირებას.
დღეს მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს ჩემპიონთა ლიგის მატჩთან დაკავშირებით და უდავოა, რომ რომელიმე ჟურნალისტი მაინც დასვამს კითხვას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით… ვნახოთ, გასცემს თუ არა პასუხს ჟოზე უხერხულ შეკითხვას.



