workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ალბათ ყველა თქვენგანს გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც დასვენება გსურს და ამისთვის როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ემზადები. დასვენების სხვადასხვა ხერხი არსებობს. ზოგს ძილი ურჩევნია, ზოგს უბრალოდ სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნა, ზოგს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ. ამასთან ერთად ალბათ ყველა თქვენგანს ქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც დასვენებისთვის მორალურადაც და ფიზიკურადაც უკვე მზად ხარ და რაღაც გაწუხებს. რა უნდა გაწუხებდეს როდესაც გძინავს? – ტელეფონი, ზარი კარზე, ან თუნდაც არასასიამოვნო სიზმარი. რა უნდა გაწუხებდეს როდესაც მეგობრებთან ერთად ერთობი? – ზარი სამსახურიდან …და რა უნდა გაწუხებდეს, როდესაც საფეხბურთო მოედანზე ხარ?..

 

დასვენება ფეხბურთელებსაც სჭირდებათ. შესაბამისად დასვენება “ბარსას” ფეხბურთელებსაც სჭირდებათ. მათ, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ძილისა და მეგობრებთან გართობის მაგივრად მოედანზე დასვენება გადაწყვიტეს, კერძოდ კი “სანჩეს პისხუანზე”. მართალია რთულია დაისვენო მაშინ, როდესაც “სევილიას” უპირისპირდები და თან გასვლით შეხვედრაში, მაგრამ არც ისე რთულია კარგად დასასვენებელი კატალონიელებისთვის. ფეხბურთელებს რა გზა დარჩენოდათ და სწრაფ გოლზე მუშაობა გადაწყვიტეს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ბევრი ირბინეს, თუ ცოტა გადაცემა გააკეთეს, საბოლოოდ მერვე წუთზე მასპინძელთა კიპერის, ხავი ვარასის კარში საჯარიმო დარტყმის განხორციელების უფლება მოიპოვეს. ბურთს ჩავი, მესი და დავიდ ვილია მიუახლოვდნენ. საჯარიმოში არეულობას ჰქონდა ბინა დადებული, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დაწყნარდა. ჩაისუნთქა ჩავიმ, ჩაისუნთქა მესიმაც და ჩაისუნთქა ვილიამაც. ამ სამიდან კი ალბათ ყველაზე მეტად ლეომ ჩაისუნთქა, რადგანაც საბოლოოდ ბურთს სწორედ მისი მარცხენა ფეხის ბუცი შეეხო. ბურთმა ცოტა იფრინა, თუ ბევრი იფიქრა, საბოლოოდ ვარასის კარის ბადეში აღმოჩნდა. ანგარიში, 1–0 !!! კატალონიელები ხარობენ, მესი და მისი თანაგუნდელები კი ემზადებიან მის აღსანიშნავად… და აი გამოჩნდა ის, რასაც შეუძლია “ბარსას” მოედანზე დასვენების საშუალება არ მისცეს. ეს არც ისე კეთილი და არც ისე ძალიან სასტიკი არსება პერეს ლასა აღმოჩნდა. ადამიანი, რომლისთვისაც თეთრი მაისური აღარ დარჩენოდათ და მთელი მატჩის განმავლობაში ყვითლად მობიბინე მაისურით უწევდა სირბილი “სანჩეს პისხუანის” მწვანედ მობიბინე მინდორზე…

 

გოლი არ ჩაითვალა, ვერავინ მიხვდა რა მოხდა. ვერც ბუსკეტსი, რომელიც დააჯარიმეს, ვერც ჩავი, რომელმაც ასე ჩაისუნთქა მესისთან ერთად და ვერც ის ფეხბურთელი, რომელზედაც ბუსკეტსი დაჯარიმდა. მე კი ვშიშობ, რომ თუ რა მოხდა ეს თავად ყვითლადმობიბინემაისურიანმა არსებამაც არ იცის. თუმცა, ეს ხომ ესპანეთია…

 

ამის შემდეგ კატალონიელებს რაღა დარჩენოდათ და შეტევების წამოწყების გაგრძელებას მიჰყეს ხელი. ამ შეტევების წარმოებას კი 30–ე წუთზე ინიესტა–დანი–ბოიანის კომბინაცია მოჰყვა, კომბინაციას კი გოლი. გოლის ავტორი ბოიან კრკიჩი გახდა. ფეხბურთელი, რომელსაც 3 თვის მანძილზე მეტოქე გუნდის კარი არ ჰქონდა დალაშქრული. ბოიანის გოლს კი სევილიელები მრავალგვარი ხერხით პასუხობდნენ: ზოგი ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა და კატალონიელების ფეხებისკენ გაურბოდა, ზოგიც კონტრ–შეტევებზე თამაშს ცდილობდა და ზოგიც ლასას ებაასებოდა ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

 

მეორე ტაიმი მასპინძლებმა შედარებით აქტიურად წარმართეს, რამაც გამოიწვია ის, რომ კატალონიელებს დასვენებაში ხელს ლასასთან, მის დამხმარეებთან და სტადიონზე შეკრებილ პუბლიკასთან ერთად კიდევ 11 ინდივიდი უშლიდა. ამ აქტიურობას კი 49–ე წუთზე ხესუს ნავასის გოლი მოჰყვა. ანგარიში გათანაბრდა და უფრო გათამამდნენ მასპინძლები. ისინი უტევდნენ, მაგრამ აბიდალს “სანჩეს პისხუანის” მწვანედ მობიბინე მინდორზე ყვინთაობა დაეწყო, რის გამოც სევილიელი ფორვარდები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ (ამის ამსახველ ვიდეოს სტატიის ბოლოს იხილავთ).

 

ალვეში, ადრიანო, მაქსველი, პედრო და მესი – ეს “ბარსას” მხრიდან, ამ მატჩში დაშავებულთა სიაა.

ვალდესი, ბუსკეტსი, მაშერანო, ჩავი და მესი – ეს კი ყვითლად მობიბინე ბარათების მსხვერპლთა სია.

1:1 – ეს კი ის ანგარიშია, რომელიც გუშინ, საბოლოოდ დაფიქსირდა.

 

გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ დასვენების საშუალება არ მიეცა. გუნდმა თავგანწირვით ითამაშა, მაგრამ როდესაც 12 თერთმეტის წინააღმდეგაა, რთულია რამე გააწყო. მითუმეტეს, თუ ერთ–ერთი თორმეტთაგანი ყვითლად მობიბინე ფორმაშია გამოწყობილი. საბოლოოდ, ჟოზე მაურინიოსებურად რომ არ გამომივიდეს შევწყვეტ მატჩზე და იმ პიროვნებაზე საუბარს, რომელსაც თეთრი ფორმა ვერ მოუძებნეს და დაველოდები შემდეგ ტურს, სადაც კატალონიელები “ხეტაფეს” უმასპინძლებენ. ჩვენ კი უბრალოდ მივულოცოთ “სევილიას” ეს ფრე, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები “ბარსას” ფეხბურთელებისკენ გაურბოდათ…

 

დაპირებული ვიდეო აბიდალზე

[media=http://www.youtube.com/watch?v=6A53ZK9OPbY]

 

ინიესტა “სევილიას” წინააღმდეგ

[media=http://www.youtube.com/watch?v=SBJlyuiTQOU]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში