კატალონიის ”ბარსელონას” ფორვარდის, პედრო როდრიგესისა და მცველის, მაქსველის თამაში ”ხეტაფეს” წინააღმდეგ საეჭვოა. ორივე ფეხბურთელს დაჭიმული აქვს ბარძაყის კუნთი. დაზიანება მათ გუშინ, ”სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღეს. შეგახსენებთ, რომ პედრო როდრიგესმა მოედანი თამაშის 13-ე წუთზე დატოვა. როგორც პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში პედროს ტკივილები აწუხებდა, რაც ”არსენალთან” მატჩის შემდეგ განსაკუთრებულად გაძლიერდა.
ტრავმები მიიღეს ლეო მესიმ, დანი ალვესმა და ადრიანომაც. კატალონიელების ოფიციალურ ”ტვიტერზე” დღეს განთავსდა ინფორმაცია, რომ ეს სამი ფეხბურთელი სავარაუდოდ მოასწრებენ ”ხეტაფესთან” მატჩამდე გამოჯანმრთელებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1. თამაშის მერვე წუთზე ანგარიში მესიმ გახსნა, თუმცა მსაჯმა გაურკვეველი მიზეზის გოლი არ ჩათვალა. ამის შემდეგ კატალონიელებმა კიდევ მოახერხეს ანდალუსიელთა კარის აღება. გოლი ბოიან კრკიჩის ანგარიშზეა. თამაშის 49-ე წუთზე ნავასმა ვალდესის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.



