მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტურის მატჩი, სადაც “სევილია” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავალ “ელ კლასიკომდე” “ბარსას” ლა ლიგაში ჩასატარებელი აქვს ოთხი თამაში – “სევილიასთან”, “ხეტაფესთან”, “ვილიარეალთან” და “ალმერიასთან”. გუნდის თავკაცის თქმით, თუ “ბლაუგრანა” შეძლებს აღნიშნული თამაშების წარმატებით დასრულებას, მაშინ ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ.
სხვაობის შენარჩუნება
პეპს ძალიან სურს ამჟამინდელი სხვაობა სატურნირო ცხრილში იგივე დარჩეს და რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოს.“ჩვენ წინ გველის ესპანეთის თასის ფინალი, გავედით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მაგრამ ამის მიუხედავად უნდა შევძლოთ და “ელ კლასიკომდე” ისეთივე სხვაობა უნდა შევინარჩუნოთ “რეალთან”, როგორიც ამჟამად გვაქვს.”
დიდი გამოწვევა
“სევილიას” წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ეს გახლავთ ერთერთი იმ კლუბთაგანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი თამაშის სტილი და კლასი. “სევილიას” საკუთარ კედელებში დამარცხება ძალიან ძნელია და აქ მიღწეული წარმატება საკმაოდ მნიშველოვანია, რადგან აღნიშნული კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთ–ერთი ლიდერია.”-აცხადებს კატალონიელთა თავკაცი.
1000 დღე ოფისში
დღეს კატალონიელთა მწვრთნელისათვის თავისი მე-1000 დღე იქნება “ბარსა” ოფისში კლუბის თავკაცის რანგში. მას სურს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მის გვერდით იდგნენ და მასთან ერთად მუშაობდნენ.
დაშავებული პუიოლი
ხვალ “ბარსას” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი დააკლდება, რადგან მას ტრავმა აწუხებს. მისი მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყოველდღიურად პროგრესს განიცდის. ამის მიუხედავად მას მაინც აქვს გარკვეული პრობლემები, ამიტომ “ბლაუგრანას” კაპიტანი ხვალ თავის კლუბს ვერ დაეხმარება.”ჩვენ ყველაფეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კარლეს პუიოლი გამოჯანმრთელდეს. იგი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ კვირას, რადგან კარლესის გამოჯანმრთელება კარგი ტემპით მიმდინარეობს.”-განაცხადა პეპმა.
მხარდაჭერა იაპონიას
ამის გარდა, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა დიდი წუხილი გამოხატა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. მან განაცხადა:“მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ამ სტიქიას გაუმკლავდება და ისევ შესძლებს ფეხზე წამოდგომას. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. მინდა მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო და დარწმუნებული ვარ, ისინი მალე აზიის ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ.”



