workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როცა ასეთი სიყვარულია

როცა ასეთი სიყვარულია

– გაიხსენე, პირველად როდის წახვედი ფეხბურთზე . . .
– 1982 წელს . . . მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ფეხბურთზე პირველად მამამ წამიყვანა. იმ დროს ფეხბურთის ნამდვილი ბუმი იყო საქართველოში. თასების თასი მოგებული გვქონდა, თან, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიც ხომ იმ წელს იყო და . . . პირველი, რაც ფეხბურთიდან მახსოვს, სწორედ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატია . . . უფრო კარგად 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი მახსოვს, პლატინის საოცარი თამაში და კიდევ არაერთი გუნდი.
– ესპანეთში სხვა სახელმწიფოს ელჩს ტრადიციულად სტადიონზე იწვევენ რომელიმე გამორჩეული მატჩის დროს . . .
– მქონდა ბედნიერება, ასეთი მიწვევით “ელ კლასიკოს” დავსწრებოდი “სანტიაგო ბერნაბეუზე” . . . საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ჯერ ატმოსფეროა “ბერნაბეუზე” ფანტასტიკური. ლოჟაში ჩემ გვერდით ვალდანო, ბუტრაგენიო და “რეალის” სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები ისხდნენ, რა თქმა უნდა, ჟოან ლაპორტაც იქ იყო. ამის შემდეგ თითქმის ყოველ თამაშზე დავდიოდი …
– სანამ ესპანეთში სამუშაოდ წახვიდოდი , უფრო “რეალისტი” იყავი თუ “ბარსელონისტი”?
– ყოველთვის ზიდანის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. სანამ ელჩი გავხდებოდი, ორჯერ ვიყავი ესპანეთში ტურისტად და მოვხვდი იმ “რეალის” თამაშზე, რომელსაც დელ ბოსკე წვრთნიდა და რომელშიც მთელი “გალაქტიკო” იყო შეკრებილი – ზიდანი, ფიგუ, რაული, ბექჰემი . . . იმ დროიდან გავხდი “რეალის” ქომაგი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ძალიან “ჰოლანდიური” გახდა სამეფო კლუბი და მის შემადგენლობაში “ვან ვიღაცეები” მომრავლდნენ, უფრო გულგრილად განვეწყე ამ გუნდის მიმართ. რაც შეეხება “ბარსელონას”, ამ კლუბს ყოველთვის ვქომაგობდი იმის გამო, რომ მუდამ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, ეს არის და ეს, თორემ, სიმართლე გითხრათ, არავის ფანი არ ვყოფილვარ. ერთადერთი საფრანგეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი იმ 1984 წლის ამბების შემდეგ. მახსოვს, 1986-შიც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდათ, თუმცა, მაშინაც გერმანელებმა გამოაგდეს . . . ამა ისიც დაემატა, რომ 1992 წელს ერთი წლით პარიზში წავედი სასწავლებლად. მერე ფრანგებმა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგეს, ევროპის პირველობაც, ზიდანიც გამოჩნდა და . . .
– ხშირად მსაყვედურობდნენ ხოლმე – შენ ხომ ადრე რეალის გულშემატკივარი იყავიო … დელ ბოსკეს დროს, როცა ზიდანი თამაშობდა, ფიგუ,რაული და რობერტო კარლოსი, ნამდვილად ვიყავი “რეალის” ქომაგი. ახლა მეკითხებიან, რატომ ხარ “ბარსისტიო” … ავადმყოფი უნდა იყო მესის და მის თანაგუნდელებს რომ არ უქომაგო, მათ ხომ ფეხბურთის სიხარული განმიახლეს … მუდამ ერთგული კი მხოლოდ შენი ქვეყნის ნაკრების და თბილის “დინამოსი” უნდა იყო …
ჟოან ლაპორტა როგორ გაიცანი ?

– სხვა ქვეყნების ელჩებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მათში ყველაზე უმცროსი ვიყავი და რომ მივიდოდი სადმე შეხვედრაზე, ხუმრობდნენ – ბავშვებიც მოვიდნენო … კოლეგებთან უშუალო და თბილი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ლაპორტა ერთ-ერთი მიღებისას გავიცანი, რომელსაც ქუვეითის საელჩო აწყობდა … ჟოან ლაპორტა და ფლორენტინო პერესი მიღებებზე იშვიათად დადიან. საერთოდ ძნელია ამ ადამიანების ნახვა, თან ცოტა ამპარტავნებიც არიან და ეს გასაგებიცაა: ფაქტობრივად, “ბარსელონას” პრეზიდენტი უფრო პოპულარული ფიგურაა ვიდრე, კატალონიის გუბერნატორი.
მივედი მიღებაზე და ვხედავ, ვიღაც კაცს უამრავი ჟურნალისტი ახვევია. რომ დავაკვირდი, ლაპორტა იყო, მაგრამ მაინც ჩემს მეგობარ ელჩს ვკითხე – ეს ნამდვილად ლაპორტაა – მეთქი ? კი, ეგ არის, წამოდი, გაგაცნობო, მიმიყვანა და უთხრა – ბატონო პრეზიდენტო, ეს საქართველოს ელჩიაო. ლაპორტამ მკითხა: იცით, ოფის-მენეჯერი ქართველი რომააო? ქალბატონ მანანა გიორგაძეს მანამდეც ვიცნობდი და ვუთხარი, როგორ არ ვიცნობ – მეთქი. გაუხარდა და გადამეხვია. საეთოდ, ძალიან თბილი კაცია. მანანას დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანაზე გარკვეული წარმოდგენა ქონდა. ლაპორტასთვის ფეხბურთზე მე რა უნდა მომეყოლა და უცებ შევთავაზე – რას ფიქრობთ იმაზე, კატალონიაში საქართველოს საპატიო კონსული რომ გახდეთ – მეთქი. რას ამბობთ, რეალურია ეგ ამბავიო? ხვალვე გამოგიგზავნით იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რაც საჭიროა – მეთქი. ძალიან აიტაცა ამ ამბავმა …
მეორე დღეს აჟიტირებული მივედი საელჩოში. იქ არავინ დამიჯერა, რომ ეს კაცი საერთოდ დაგვეკონტაქტებოდა და პასუხს მოგვცემდა. მანანას მეშვეობით მივაწოდეთ საბუთების სია და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. “ბარსა” მაშინ კრიზისში იყო, გვარდიოლა კი ახალი დანიშნული. ისეთი პერიოდი იყო, რომ არ იყო რეკომენდებული ახალი სტატუსის მინიჭება ლაპორტასთვის. სხვათა შორის, გაზეთებში დაიწერა, რომ ლაპორტა ხდებოდა საქართველოს საპატიო კონსული და ატყდა ამაზე ერთი ამბავი. ჟურნალისტები ყველა შეხვედრაზე ამას ეკითხებოდნენ. იმდენად შეაწუხეს, რომ მითხრა, იქნებ ეს თემა შევაჩეროთ, სანამ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ და როცა აღარ ვიქნები, დიდი სიამოვნებით და სიყვარულით გავაკეთებ ამასო…
ამ თემაზე სასაუბროდ შეხვედრაც დავთქვით. ვთხოვე, როცა მადრიდში იქნებოდა, შევხვედროდით ერთმანეთს. სიამოვნებით დამეთანხმა. გავიდა 2-3 კვირა და ჟოანი მადრიდში ჩამოვიდა. სასტუმრო “რიცში” შევხვდით სადილზე. ადგილი თვითონ შეარჩია. სადილის დროს, სასტუმროს მეპატრონით დაწყებული, მიმტანებით დამთავრებული, მგონი, ყველა მოვიდა ჩვენს მაგიდასთან. 3 საათის განმავლობაში ვისხედით პირისპირ და სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩვენს მეგობრობას. რამდენჯერმე დამპატიჟა “ბარსელონას” თამაშზე, რა თქმა უნდა, ჩავედი. აგვისტოს ომის დაწყებიოს მეორე დღეს დამირეკა მანანამ, ლაპორტას უნდა შენთან ლაპარაკიო. სიტყვასიტყვით მითხრა ასეთი რამ: რა უნდათ მაგ საზიზღრებს ჩემი ქვეყნისაგან, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და მითხარი, რა შეიძლება გავაკეთო, ნებისმიერი ჰუმანიტარული ტვირთით დავეხმარები საქართველოს, რასაც მეტყვიო. ვუთხარი, რომ თქვენი თანადგომა არასდროს დამავიწყდება, დიდ მადლობას მოგახსენებთ – მეთქი. ამის შემდეგაც არაერთხელ გამოუხათავს მორალური მხარდაჭერა. კატალონიაში ყოველი ჩასვლისას, მისი ინიციატივით თამაშამდე ერთი საათით მის ოფისში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს… კიდევ ერთხელ როცა მკითხა ლაპორტამ რითი დაგეხმაროთო, ვუთხარი: ჟოან თუ შეიძლება, ერთი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ გავსინჯოთ “ბარსელონაში”, ცოტა ხანს ივარჯიშოს, თუ ითამაშებს და მოგეწონებათ ხომ კარგი და რომც დაიწუნოთ მე გასინჯისთვისაც მადლობელი დაგრჩებით – მეთქი. გაეცინა – რომ იცოდე, რამდენი ადამიანი მთხოვს ეგეთ რამესო.. და მომიყვა მთელი პროცედურა, რომელიც იმისთვის არის საჭირო, “ბარსელონაში” გასინჯვის უფლება რომ მოიპოვო. ამის მსურველი ხომ სხვადასხვა ასაკის ათასობით ფეხბურთელია. იქ მოხვედრის შანსს ისიც ამცირებს, რომ კლუბში სკაუტების სპეციალური დეპარტამენტი აქვთ, რომლის თანამშრომლებიც თავად დადიან და ძირითადად ბრაზილიასა და არგენტინაში ეძებენ ახალგაზრდა ტალანტებს.
– ასე იპოვა კარლოს რექსაჩმა თითისროლა ბიჭი არგენტინაში, რომელსაც ლეო მესი ერქვა…
მართალია, ეგრე იყო.. ბოლოს მითხრა: ერთადერთ გამონაკლისს შენთვის დავუშვებ და როდის ჩამოიყვანო. როგორ კი ვიზა აიღებს – მეთქი. თანაც, იმ დროს წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომელ ბავშვზე ველაპრაკებოდი. გახარებული წამოვედი და მაშინვე ჩემს მეგობარს, საფეხბურთო კლუბს “საბურთლოს” მფლობელს ტარიელ ხეჩიკაშვილს დავუკავშირდი – ასეთი შემოთავაზება გვაქვს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ – მეთქი. კი გაუხარდა, მაგრამ მასაც ვატყობდი, რომ ბოლომდე არ სჯეროდა, რამე თუ გამოვიდოდა. მაშინვე მითხრა გვარი – გიორგი ჭანტურიაო, რადგან ეს ბავშვი მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ კიდევ დავაზუსტებო. გიორგი ნემსაძეც ჩემი ახლო მეგობარია და მისგან სულ ჭანტურიას გვარი მესმოდა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი – ამ ბავშვმა რომ არ გაამართლოს, ლაპორტას შევრცხვები – მეთქი. მან თავიდანვე დააფიქსირა – თუ ივარგებს შენი ჩამოყვანილი ბავშვი, კიდევ ერთს ჩამოგაყვანინებ, თუ არა და, “ბარსელონაში” ჩამოსული აღარ დაგინახოო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა, მაგრამ მე ხო განვიცდიდი ძალიან?…
გიორგი ჭანტურიას სასწრაფოდ ვიზა გავუკეთეთ და 2008 წლის 15 დეკემბერს მადრიდში ჩავიყვანე. ვიფიქრე, ორიოდე დღე ჩემთან იყოს, ინსტრუქტაჟს ჩავუტარებ, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს და მერე თავად ჩავიყვან ბარსელონაშ – მეთქი. პირველად რომ ვნახე, ლამის გულზე შემომეყარა – ჩემ წინ იდგა პატარა, გამხდარი, შავგვრემანი ბავშვი… მაშინ 15 წლის იყო. ვიფიქრე, ამან “ბარსელონაში” რა უნდა გააკეთოს… “სანტაგო ბერნაბეუზე” რესტორანია ერთი და მაშინვე იქ წავიყვანე სადილად – გავიცნობ და თან სტადიონსაც ვაჩვენებ – მეთქი. შესვლა იყო და ჩემსკენ აღარ გამოუხედავს – დადიოდა და გაიძახოდა, ეს სად ვარო … იმდენად თბილად და უშუალოდ გამოხატავდა ემოციას, რომ თავიდანვე კეთილად განვეწყე ამ ბიჭის მიმართ. 3 დღე ვიყავით მადრიდში, სანამ არ დაგვირეკეს და არ გვითხრეს – ამა და ამ რიცხვში ჩამოდით ვარჯიშზე ბარსელონაშიო. შობამდე ათიოდე დღეღა იყო დარჩენილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გასინჯავდნენ გიორგის და მერე გვეტყოდნენ: ახლა ახალი წელი მოდის, დღესასწაულის შემდეგ დაგიკავშირდებითო და ასევე კულტურულად გვეტყოდნენ უარს.. ამ განწყობით ჩავედით. გიორგის თამაში არც მქონდა ნანახი, არადა, იმ სამი დღის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი.
– თავისი თამაშის კასეტა არ ჰქონდა წამოღებული?
– მხოლოდ ბუცები, სპორტული ფორმა და წმინდა გიორგის დიდი ხატი ჰქონდა წამოღებული. მოკლედ, ჩავედით ბარსელონაში. ისე დაემთხვა რომ იმ დღეს “ბარსელონა” “ვალენსიას” ეთამაშებოდა. ჟოანის წყალობით, პირდაპირ საპრეზიდენტო ლოჟაში აღმოვჩნდით და ლაპორტას გავაცანი გიორგი. ეს არის ის ბავშვი, გასასინჯად რომ ჩამოვიყვანე – მეთქი. ძალზედ თბილად შეხვდა, გადაეხვია და გადაკოცნა. გიორგი ჭკუაზე აღარ იყო: ლაპორტა გაიცნო, აქეთ მხარეს კრუიფი უზის, იქით – დანი ალვესი და ის ფეხბურთელები და ის ფეხბურთელები ვინც არ თამაშობდნენ იმ მატჩში. მაშინვე მითხრა, არ არსებობს მე აქედან წამსვლელი არ ვარო … ახლა, ამაზე დავიწყე ნერვიულობა – უარი რომ უთხრან ბავშვს, ვერ გადაიტანს – მეთქი.
დაგვიბარეს ვარჯიშზე. ლაპორტამ მძღოლი და მდივანი გამოგვიგზავნა და მათ მიგვიყვანეს ბაზაზე. ჟოანის მანქანა რომ დაინახეს, იფიქრეს, პრეზიდენტი ჩამოვიდაო. ამ დროს მანქანიდან მე და გიორგი გადავედით… თავიდან თავის გამოჩენი შესაძლებლობა დიდად არც ჰქონია, კვადრატი ათამაშეს და უშეცდომოდ გააკეთა ყველაფერი. მეორე დღს ჰქონდათ თამაში და ორი გოლი გაიტანა, მესამე დღეს კი გვეუბნებიან, ბულგარეთის ჩემპიონია ჩამოსული და გიორგი უნდა ვათამაშოთ, ვნახოთ ერთი, რას იზამსო… მივედით, დაგვხდნენ ხრისტო სტოიჩკოვი და ფიზიკურად ძალზედ ძლიერი ბულგარელი ბავშვები. დაიწყო თამაში და გიომ 2 ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. როგორც ინგლისთან მარადონას გოლი არ დამავიწყდება არასდროს, ისე ის ბურთი. დაახლოებით იმ სტილში გაიტანა ჭანტურიამაც…
ჩემთან მოვიდა “ბარსას” ასაკობრივი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი, კაცი, რომელმაც აღმოაჩინა და გაზარდა ჩავი და ინიესტა. მეუბნება, თქვენთან სალაპარაკო გვაქვსო. მოკლედო, მივიღეთ გადაწყვეტილება… და მე თვალები დავხუჭე ამ დროს – გიორგის ვტოვებთო! კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან და გადავეხვიე იმ კაცს. თან თბილისიდან ყოველ 10 წუთში მირეკავენ – ხან გიორგის დედა, ხან ტარიელი, იქით ცქიფო (გიორგი დევდარიანი. – რედ.) და არის ერთი ამბავი. სხვათა შორის, გიორგი დევდარიანი მაშინ ტელეფონით გავიცანი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და ვეკითხებოდი: გიორგი როდის დავიძინო, რა ვაჭამო და ა.შ. გიორგის რომ ვუთხარი, გტოვებენ – მეთქი, გადაირია სიხარულით. მწვრთნელმა არ გაიგოს, მაგრამ იმ საღამაოს მე და გიომ 4 ბოთლი წითელი ღვინო დავლიეთ…
– ლაპორტას არ შეხვედრიხართ ამ გადაწყვეტილების შემდეგ?
მეორე დღესვე შევხვდი და დიდი მადლობა გადავუხადე. აბა თქვენ იცითო, ყველას მოეწონა, ყველა აქებს გიორგისო. ისე დაემთხვა, რომ მისი შვილიც გიორგის გუნდში.
– ახლაც თამაშობს?
ნიჭიერი კი არის, მაგრამ ფიზიკურად იყო სუსტი და ვერ გაუძლო… იქ ისეთი კონკურენციაა… მერე ისე დავგეგმე, რომ ერთად ჩამოვედით თბილისში და ბედნიერი ახალი წელი გვქონდა ყვველას . . .
– “ზენიტთან” დაკავშირებით რა მოხდა? პრესაში საკმაოდ ორჭოფული პასუხები იყო “ზენიტში” გიორგის გადასვლასთან დაკავშირებით, ასეთ წინადადებას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთო…
– ფინანსურად ძალიან მომხიბვლელი წინადადება იყო “ზენიტიდან”, მაგრამ ვინც მის გარშემო ვართ, ყველას პოზიციაა: გიორგი “ბარსელონაში” უნდა დარჩეს. ის იყო საუბრები და ახლაც არის დაინტერესება “ჩელსისგან”. იყო ლაპარაკი “ინტერზე” და “მანჩესტერ იუნაიტედზე”, თუმცა, ჩვენი აზრი ასეთია – მხოლოდ “ბარსელონა”! დღეს “ბარსა” მსოფლიოს #1 გუნდია. რაც მთავარია ის თავად ზრდის “კანტერაში” უმაღლესი დონის მოთამაშეებს.
– ერთადერთი, “მანჩესტერი” თუ შეედრება ამ მხრივ “ბარსელონას”. “რეალის” კლუბის ლეგენდამ და საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ კატეგორიულად განაცხადა: თუ ასეთ მოქცევას გააგრძელებთ “კანტერასადმი” გადავდგებიო… “რეალი” ცუდად იქცევა, თავისი გაზრდილები აღარ უნდა და სხვების ვარსკვლავებს დასდევს. გავაგრძელოთ გიორგის ამბავი.
– გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა “ბარსელონას” “ჟუვენილ B“-სთან, სკოლაშიც დადის და ორივე ენასაც სწავლობს – ესპანურსაც და კატალონიურსაც, ფაქტობრივად, “კამპ ნოუზე” იზრდება, სტადიონზე სპეციალური ფლიგელია, სადაც ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები ცხოვრობენ. გიორგის მწვრთნელი არის “ბარსას” ყოფილი მცველი სერხი, გიორგი ძალიან მოსწონს ლუის ენრიკესაც, რომელიც არის “ბარსელონა B“-ს მწვრთნელი. როცა ეკონომიკური განვითარების მინისტრად დავინიშნე, ლაპორტამ დამირეკა და მომილოცა. თან მითხრა, რაღაც შჩუქარი მაქვს შენთვისო… მეორე დღს გიორგიმ დამირეკა და მითხრა – “ბარსას” მთავარ გუნდთნ მავარჯიშეს, მესისთან და სხვებთანო, ტიროდა ბავშვი სიხარულისგან…
– ის რომელი თამაში იყო, “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის ხუთ მოთამაშესთან ერთად გიორგიც რომ ათამაშეს?
– ბოლივიის ჩმპიონთან მატჩი იყო, თავის წაქცეულისთვის დანიშნული პენალტის დარტყმა რომ არ დაანება ბოიან კრკიჩს და თვითონ გაიტანა. მაშინ ნახა ლუის ენრიკემ და ძალიან მოეწონა. მაშინ დაიწერა სტატია ადგილობრივ გაზეთში სათაურით “ქართველი მესი ბარსელონაში”…
– იმედგაცრუებული ხომ არ დარჩი ელიტ რაუნდში ჩვენი 17-წლამდელების გამოსვლით?
– არა, რადგან ღირსეულად ვითამაშეთ ისეთ ძლიერ ნაკრებთებთან, როგორებიც ჩეხეთი, ჰოლანდია და უკრაინა არიან. დიდი გამოცდილება მიიღეს ბიჭერბმა და ამას მალე მათ თამაშში დავინახავთ.
– ბლიც-კითხვებს გამოვურევ: ცინ არის შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?
– გიორგი ქინქლაძე. ძველი თაობიდან კი დავით ყიფიანი
– ეეჰ, რა ნიჭი გაფლანგა ქინქლაძემ ჭანტურიას შემთხვევაში, ამის შიში არ უნდა გვქონდეს?
– ასეთი შიში ყოველთვის მაქვს ხოლმე, რადგან ზოგადად, ქართველებს ეს გვახასიათებს. შეიძლება ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ რომ მახსოვს, როგორ ითამაშა მალხაზ ასათიანმა დანიასთან მატჩში, დღემდე ვერ გამიგია, სად წავიდა ის კაცი მას შემდეგ და რას ტამაშობს… კრიტიკა ნამდვილად არ მინდა ვინმესი… ესპანეთში ყოფნის პერიოდში და ახლაც სერიოზული ქონტაქტები მაქვს და სულ მინდა გამოვიყენო ქართული ფეხბურთის სამსახურში. კომერციული თვალსაზრისით არანაირი ინტერესი არ გამაჩნია. მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი არის ჩემი კარგი მეგობარი, რომელიც სულ მეუბნება, მითხარი რა გინდაო. ამ “რა გინდაში” ბევშვების წაყვანა იგულისხმება.
– “ატლეტიკო” გამორჩეულია იმით რომ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს. ბოლო მატჩი ჰქონდათ “ბოკასთან” “ლა ბომბონერაზე”, დაიმატეს მესი და ისე ეთამაშნენ. მონსერატ კაბალიე პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” თანაპრეზიდენტია, ესპანურ მხარეს მადრიდის “ატლეტიკოს” ჩამოყვანა უნდათ, რათა საქველმოქმედო თამაში გაიმართოს და შემოსავალი ბავშვებს მოხმარდეს… იმათაც გამოთქვეს სურვილი და იქნებ ჩაერთო…
– ახლავე შემიძლია დავურეკო. არაჩვეულებრივი ადამიანია “ატლეტიკოს” პრეზიდენტი, ძალიან შეძლებული კაცია, ფლობს ესპანეთში არსებული კინოთეატრების უდიდეს ნაწილს… სულ მეკითხება როდის ცამოვიდე საქართველოშიო.
– გაიხსენე მატჩი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა…
– შარშანდელი ფინალი რომში: “ბარსელონა”-“მანჩესტერი” არასოდეს დამავიწყდება… “ბარსელონასთნ” ერთად ვიყავი თვიდან ბოლომდე, ბანკეტს ჩათვლით. ასეთი ემოცია არასდროს მიმიღია… მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული მაინც ის იყო, როცა გიორგი დატოვეს “ბარსელონაში” … ამაზე დიდი სიხარული, მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ჭანტურიას “კამპ ნოუზე” ვნახავ, ალბათ თვიდან შეცვლაზე შესულს…
– სამხრეთ აფრიკაში ვის გულშემატკვირობ?
– ბრაზილიას და რა ტქმა უნდა, ესპანეთს… თუმცა, შეიძლება ნახევარფინალში დაეჯახონ… მაშინ, ალბათ ესპანეთს…
– არგენტინის სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ესპანეთმა თუ მოიგო “მუნდიალი”, გული ნამდვილად არ დამწყდება, რადგან ეგეთ ლამაზ ფეხბურთს ახლა არავინ თამაშობს . . .
– დელ ბოსკეს ვგილშემატკივრობ, თან პირადად ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანი და სპეციალისტია. არაგაონესიც ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაული მაიც უნდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე, ამას ნამდვილად იმსახურებდა.
– რაული სხვა კაცია. მისნაირად ღირსეულად მოქცევა ბევრს არ შეუძლია. ჩავი ამბობდა, შარშან ექვსი ტიტული რომ მოიგო “ბარსამ”, ყოველ ჯერზე დამირეკა რაულმა და მომილოცაო . . . გავაგრძელოთ ბლიც-კითხვები: გოლი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა…

– ზიდანის გოლი 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლევერკუზენთან”. კიდევ ბევრია ლამაზი გოლი, თუნდაც მარადონას ბურთი ინგლისის ნაკრებთან.
– ბევრ სტადიონზე ხარ ნამყოფი. საუკეთსო რომელია ?
– მაინც “ბერნაბეუ”… საოცარი სტადიონია…
– ფეხბურთის სიხარულს დღეს ჰქვია ლეო მესი . . . რამდენიმე სიტყვა გვითხარი ლეოზე…
– მესი არის ზიდანი, მესი არის მარადონა, მესი არის პელე… და ამასთან, არის ძალიან კარგი ადამიანი… ლამის მეტირებოდა, როცა ბოლო “ელ კლასიკოს” ტელევიზორში ვუყურებდი, რადგან ბოლო ექვს თამაშსამ გუნდების მონაწილეობით უშუალოდ ტრუბუნიდაბ ვადევნებდი თვალს. წლის მანძილზე ხომ არის დღესასწაულები, მაგალითად ახალი წელი? ასეთივე დღსასწაულია “რეალი”-“ბარსელონაც”…
– “არსენალს” ოთხი გოლი რომ გაუტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, თამაშის მერე გვარდიოლამ თქვა: ხვალინდელ ვარჯიშზე მაინც ყველაზე ადრე მოვა, ყველაზე მეტს ივარჯიშებშ და არაფერზე შეეტყობა, წინა დღეს ოთხი გოლი რომ გაიტანაო.. ისევ ყველა ბურთისთვის იბრძოლებს და “კვადრატშიც” ისევ ისე ჩადგებაო…
– ალბათ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ, “ბარსელონა” როცა 4;0 იგებს, მესი მაინც ისე დარბის მოედანზე და ისე იბრძვის, თითქოს მისი გუნდი მარცდებოდეს. არ მინდა შევადარო, მაგრამ ჭანტურიას აქვს ზუსტად ასეთივე “ჟილკა”. ამ ბავშვმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და დარწმუნებული ვარ, ითამაშებს კიდეც…
ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, რაც უფრო მეტი წავა საზღვარგარეთ სწორედ შერჩულ კლუბში, მით უკეთესია ქართული ფეხბურთისთვის. მე თუ შევძელი ესპანეთში ქონტაქტის დამყარება, როგორ დავიჯერო, რომ კალაძეს იტალიაში იგივე არ შეუძლია, შოთის ჰოლანდიაშიაქვს დიდი კავშირები, კობიაშვილს და იაშვილს გერმანიაში… მთავარია, მოვინდომოთ და ყველაფერი გამოვა.
– არაფერი ისე არ გააახარებს და გაამთლიანებს საქართველოს, როგორც ფეხბურთი
– ბოლო მაგალითი საქართველო-ესტონეთის მატჩი იყო – წვიმდა, მაგრამ სტადიონიდან ფეხი არავის მოუცვლია და ბოლო წუტამდე ქომაგობდნენ ნაკრებს … მჯერა, რომ თუ თანმიმდევრულად და სწორად მივყვებით საქმეს, ყველაფერი გამოგვივა, წინ გვაქვს ჩვენი მასშტაბის ქვეყნების მაგალითი:ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის,… მოინდომეს და გააკეთეს. ჩვენი რაგბის მაგალითი არ დაგვავიწყდეს, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ამ ბიჭებმა რამდენი შეძლეს…
– ტრაბზონებელი თურმე გაოცებულნი იყვნენ, მანამდე მხოლოდ საშოვარზე წასულ, გასაცოდავებულ ქართველებს ხედავდნენ და უცებ გალაღებული, გამარჯვებაში თავდაჯერებული 6000 ქართველი ნახეს…
– ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ ფეხბურთის სანახავად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა “ათიანის” ავტორთ ნაკრებს მადლობა გითხრათ იმ ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ. ესპანეთში, რომელიც არის მოწინავე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საფეხბურთო სამყაროში, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არ არის ისეთი დონის ჟურნალი, როგორიც “ათიანია”. ეს არ არის რევერანსი, ეს სიმართლეა და მინდა, წარმატება გისურვოთ. უკვე ძალია დიდ საქმე აკეთებთ.

ესაუბრა : გიორგი გორგოძე
წყარი : ჟურნალი “ათიანი”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში