ესპანური გამოცემა ”მარკა” იტყობინება, რომ სხვადასხვა ევროპული კლუბი, მათ შორის ”ბარსელონა”, აკვირდება ”რეალის” აკადემიის ახალგაზრდა ვარსკვლავებს, ხესე როდრიგესსა (18) და ალვარო მორატას (18).
როდრიგესსა და მორატას მადრიდის ”რეალთან” გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, 2012 წლამდე და 2013 წლამდე შესაბამისად. თუმცა, ორივე მათგანი თავს არიდებს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების დაწყებას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროპული კლუბებისთვის. ”მარკას” ინფორმაციით, ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” არიან ”რეალის” აკადემიის ”მარგალიტების” შესყიდვის ძირითადი კანდიდატები.
ალვარო მორატა ცენტრ ფორვარდია. მან ბოლო ორი თვის განმავლობაში 8 გოლი გაიტანა მადრიდის ”რეალის” ახალგაზრდული გუნდის მაისურით. ახალგაზრდა ესპანელი რამდენჯერმე ”რეალის” პირველი გუნდის შემადგენლობაში გამოვიდა (შეცვლაზე). გონსალო იგუაინის ტრავმის შემდეგ მადრიდული პრესა აქტიურად წერდა მორატაზე და მას იგუაინის შემცვლელად მოიაზრებდა. თუმცა, მადრიდელების მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, რომ არ გადმოეყვანა ახალგაზრდა ფორვარდი პირველ გუნდში.
ხესე როდრიგესი ნახევარმცველია. მას ხშირად ადარებენ ”რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს. პირველ გუნდში როდრიგესს დებიუტი არ ჰქონია.