workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე – გრძელი ამბავი

ჟერარ პიკე – გრძელი ამბავი

ჟერარ პიკე – გრძელი ამბავი

The Players Tribune ცნობილი სპორტული პორტალია, რომელზეც სპორტსმენები თავიანთ ნააზრევს თავადვე ანთავსებენ, ჟურნალისტების დახმარების გარეშე. ცოტა ხნის წინ, ამ პორტალზე ჟერარ პიკეს ძალიან საინტერესო წერილი გამოქვეყნდა.

ტექსტი დიდია, მაგრამ ძალიან საინტერესო და იმედია, ჩვენი თარგმანიც ისევე კარგად იკითხება, როგორც ორიგინალი. პიკეს მონაყოლის ყველა ფრაგმენტი გულშემატკვირებისთვის აქამდე უცნობი ეპიზოდებია და ფეხბურთელი აცხადებს კიდეც, რომ მისი მიზანი შიდა სამზარეულოს ნაწილის გარეთ გამოტანაა.

“ვაპირებ, მცირედით შიდა სამზარეულოში შეგახედოთ.

ყველამ იცის, რომ ფეხბურთელებს WhatsApp-ში ჯგუფები აქვთ შექმნილი. მე ერთი მაქვს მეგობრებისთვის, ერთი “ბარსელონაში” თანაგუნდელებისთვის. თუმცა, ჩემმა ფავორიტმა ჯგუფმა, შესაძლოა, გაგაკვირვოთ. მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე, როდესაც “რეალთან” უკვე 8-9-ქულიანი უპირატესობა გვქონდა, შევქმენი ჯგუფში, რომელშიც ესპანეთის ნაკრებში მოთამაშე “რეალისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელები შევიყვანე.

თუ მხოლოდ იმას კითხულობთ, რაც პრესაში იწერება, იფიქრებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვეზიზღება. თუმცა, სინამდვილეში, ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით ტაქტიკაზე, საფეხბურთო ფილოსოფიაზე, წიგნებზე, რომლებსაც ვკითხულობთ.

…

… არა, ხომ არ დაიჯერეთ? რა თქმა უნდა, ვხუმრობ! სინამდვილეში, ამ ჯგუფში ერთმანეთის გუნდებზე, “რეალსა” და “ბარსაზე” ათას საზიზღრობას ვწერთ!

ეს საუკეთესო ჯგუფია. ჩვენ პატარა ბავშვებივით ვართ. ჩემთვის, ამ ჯგუფის არსებობა ყველაზე სასიხარულო იმიტომაა, რომ ლა ლიგაში, ახლა, “რეალს” 15 ქულით ვუსწრებთ. ასე რომ, ჩემს პასუხებში ძალიან კრეატიული ვარ ხოლმე. წინა სეზონში, როდესაც ბიჭებმა “რეალიდან” ყველაფერი მოიგეს, ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ. ისინი ათას სისაძაგლეს მეუბნებოდნენ, როდესაც მათ ეროვნული ნაკრების ვარჯიშებზე ვხვდებოდი.

მეგობარო, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი გასულ სეზონში თამაშს მოიგებდნენ, ინსტაგრამზე წელსზევით შიშველ ფოტოებს დებდნენ.  გახსოვთ?

ისინი იცინოდნენ, გვიჩვენებდნენ თავიანთ კუნთებს, როგორც The Rock, იძახდნენ #HalaMadrid და წერდნენ თასების ემოჯის. მიმდინარე სეზონში სიტუაცია შეიცვალა. მათი ყველა პოსტი მოწყენილია: “3 ქულა ავიღეთ. თავდაუზოგავად შრომა უნდა განვაგრძოთ!”

მე მათ WhatsApp-ის ჯგუფში ვწერ: “კარგით რა ბიჭებო, რატომ ხართ ასეთი სერიოზულები?!”

შემდეგ, ტირილის ემოჯის მივწერ, შემდეგ კი, სიცილისას.

ჯგუფს სპეციალური სახელიც შევურჩიე. მას ჰქვია: “მილოცვები”

ამ ბიჭებზე ხუმრობა შემიძლია, რადგან ესპანეთის ნაკრებში ისინი ჩემი ძმები არიან. კლუბში, ერთანეთი, შესაძლოა, გვძულდეს, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, ერთ ოცნებისთვის და ამის გამო, ძალიან, ძალიან ამაყი ვარ. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ვნახე, როგორ ჰქონდა ლუის ენრიკეს ნაკრების მაისური სისხლით მოსვრილი და მას შემდეგ, ჩემი ოცნება ეროვნულ გუნდში თამაში იყო.

ძალიან ვამაყობ იმით, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ამ გერბით მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობ. შესაძლოა, ეს, ხალხისთვის, სიურპრიზი იყოს. თუ მადრიდულ ტელევიზიას უყურებ, ჩემზე განსხვავებულ ისტორიებს მოისმენ. ისინი ამბობენ, რომ მე მოღალატე ვარ და ქვეყნის დაშლა მინდა იმის გამო, რომ კატალონიელი ხალხის უფლებების დაცვას მხარს ვუჭერ იმისათვის, რომ მათ რეფერენდუმში თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ.

მე არასდროს მითქვამს, რას მივცემდი ხმას. არ ვცდილობ პოლიტიკოსი ვიყო და ხალხი ვმართო. ჩემი პოზიცია მხოლოდ ერთ-ერთია მილიონთაგან. მხოლოდ იმის მჯერა, რომ ჩემს სამშობლოში მცხოვრებ 7.5 მილიონ ადამიანს თავიანთი ხმის მშვიდობიანად დაფიქსირების უფლება უნდა ჰქონდეთ. საკითხი ძალიან რთულია და ის ბევრ ფიქრსა და კამათს მოითხოვს. ჩემთვის, რთული სიტუაციაა, რადგან ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წუთი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიყო კატალონიელი, ეს ჩემს სისხლშია. ეს ჩემი ხალხი, ჩემი მემკვიდრეობა, ჩემი მიწაა. და როდესაც კატალონიელთა 80% ამბობს, რომ მათ ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ, ვფიქრობ, მათი უნდა მოისმინონ. თუ ამ მოსაზრების გამო ჩემი თანამემამულეები ვერ მიტანენ… ამას ძალიან მშვიდად ვხვდები.

სასაცილოა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა NBA-ს მოთამაშეებს უთხრა “უბრალოდ მოკეტე და ითამაშე”, როდესაც კალათბურთელებმა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე საუბარი დაიწყეს.

სასაცილოა, არა?

ასეთივე სიტუაციაა აქ, ესპანეთში. ისინი ამბობენ: “უბრალოდ მოკეტე და ფეხბურთი ითამაშე. შენ მხოლოდ ეს იცი”.

ბოდიში, მაგრამ უბრალოდ არ მოვკეტავ და არ ვითამაშებ. მე მხოლოდ ეს არ ვიცი. ფეხბურთელები უფრო მრავალმხრივი არსებები არიან, ვიდრე ხალხს შეუძლია წარმოიდგინოს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი და შეხედულებები გავამხილოთ. ფეხბურთელები ადამიანები არიან და თანამედროვე მსოფლიო მედიაში ეს იკარგება. ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცეები, რაზეც ხალხს წარმოდგენა არ აქვს. დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ თამაშის შედეგები, დაგუგლოთ სატრანსფერო ჭორები, მაგრამ ვერ დაგუგლავთ პიროვნების გრძნობებს, ან რა არის მისი მოტივატორი, ან რისი ეშინია მას.

ნება მომეცით, საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითი მოგიყვანოთ.

საკუთარი კარიერის ბოლო 10 წელს რომ თვალი გადავავლო: მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის თასი… მე ეს ყველაფერი მოვიგე, როგორც ამას ჩემს მადრიდელ მეგობრებს WhatsApp-ში ვახსენებ ხოლმე smile

მაგრამ 10 წლის წინ განადგურებული ვიყავი. ჩემი ცხოვრება, შეიძლებოდა, სულ სხვაგვარად განვითარებულიყო, რომ არა სერ ალექს ფერგიუსონი.

“მანჩესტერ იუნაიტედში” პატარა ბიჭი მივედი, იქიდან კი კაცი წამოვედი. ეს დრო, ჩემთვის, სიგიჟეს ჰგავდა, რადგან მანამდე, სახლიდან შორს არასდროს ვყოფილვარ. ცხოვრების პირველი წელი ესპანეთში, “ბარსელონას” ახალგაზრდულ აკადემიაში გავატარე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადგილობრივი სკოლის გუნდში ვთამაშობდი. აქ ყველას ვიცნობდი და ოჯახთანაც ახლოს ვიყავი. ჩემთვის, ფეხბურთი მხოლოდ გართობა იყო. ამ თამაშის საქმიან მხარეს არ ვიცნობდი. შემდეგ “იუნაიტედში” გადავედი და სიმართლე გითხრათ, შოკი მივიღე.

“ოლდ ტრაფორდზე” ჩემი ერთ-ერთი პირველი მატჩის წინ, გასახდელში უკვე მზად ვიყავით და მე ძალიან ვნერვიულობდი. წარმოიდგინეთ – 18 წლის ვარ, პატარა გასახდელში ვზივარ და წინდებს რუდ ვან ნისტელროის, რაიან გიგზისა და რიო ფერდინანდის გვერდით ვიცვამ. მინდოდა, უხილავი ვყოფილიყავი. ვფიქრობდი “უბრალოდ გააკეთე შენი საქმე და უხმაუროდ წადი.”

ზუსტად როი კინის გვერდით ვიჯექი. გასახდელი იმდენად პატარაა, რომ ჩვენი ფეხები ერთმანეთს თითქმის ეხებოდა. ადგილი ძალიან ცოტაა.

მომაკვდინებელი სიჩუმეა. საუბედუროდ, მცირე ვიბრაციასაც კი გრძნობ.

ბზზზზზზზზ…….

…………ბზზზზზზზზზ.

როი ოთახს თვალს ავლებს.

ბზზზზზზ….

ოჰ, ღმერთო ჩემო.

მივხვდი, რომ ეს მე ვარ. ჩემი ტელეფონი. ვიბრაციაზე დავტოვე და ის ჩემი შარვლის ჯიბეშია, რომელიც ტანსაცმლის ჩანთაშია ჩატენილი, ჩანთა კი როის თავს ზემოთ კიდია.

როი ვერ ხვდება, საიდან მოდიოდა ხმაური. ის მთელს ოთახში მანიაკივით იყურება. ის თავის მზერას ყველას სტყორცნის. ის ცდილობს მიხვდეს, რა ხდება. ხომ იცით კადრი ფილმიდან “ნათება” (The Shining), როდესაც ჯეკ ნიკოლსონი კარიდან განმგმირავად იყურება? სწორედ ასე იყურებოდა ის.

შემეგ ყველას დაგვიყვირა “ვისი ტელეფონია?!”

სიჩუმე.

მან ისევ იკითხა.

სიჩუმე.

მან მესამედ იკითხა.

“ვისი, ვისი ტელეფონია?!”

ბოლოს, როგორც იქნა, პატარა ბავშვივით ავლაპარაკდი. ძალიან ჩუმად ვთქვი “ბოდიშს ვიხდი. ჩემია.”

როი მომეხვია, გაიცინა და მითხრა, რომ არ მენერვიულა.

…

… არა, რა თქმა უნდა, ვხუმრობ! როი ჭკუიდან შეიშალა! ეს დაუჯერებელი იყო. კინაღამ ჩავისვარე. მაგრამ კარგი გაკვეთილი იყო.

ახლა, 2018 წელს, ყველაფერი სხვაგვარადაა. თამაშის დაწყებამდე ყველა ბავშვი აიფონშია შემძვრალი. მაგრამ რა ხდებოდა 2006 წელს? მაშინ განსხვავებული სამყარო იყო. ამას ვერ გააკეთებდი. განსაკუთრებით “იუნაიტედში”. ვერ გააკეთებდი როის გასახდელში. ეს იყო ერთ-ერთი იმ ათასი შეცდომიდან, რომლებიც “იუნაიტედში” მისვლის დროს დავუშვი.

მხოლოდ საფეხბურთო საკითხებში არ მიჭირდა. ასევე იყო ენა, კულტურა და მარტოობა. ყველაზე ცუდი იზოლაცია იყო. 17 წლის ასაკში ოჯახისგან შორს და ზრდასრული ადამიანების, ლეგენდების გარემოცვაში იყო, ასევე სერ ალექსის… ეს ძალიან რთულია. როდერსაც ხალხს უკვირს, თუ რატომ არ ამართლებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აქ საფეხბურთო შესაძლებლობები არაფერ შუაშია. კიდევ ბევრი რამ არსებობს, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. ინგლისში გატარებული პირველი 2 წლის განმავლბაში, ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც შინ ღამით ვბრუნდებოდი. ვარჯიშის შემდეგ, 4 საათზე, მანჩესტერში უკვე ბნელოდა, მე კი სახლში მარტო ვიყავი. ეს დეპრესიული პერიოდი იყო. რა თქმა უნდა, როდესაც დედა დამირეკავდა, მოვატყუებდი და ვეტყოდი “ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი შესანიშნავადაა.”

მაგრამ ასე არ იყო. ეს საშინელება იყო. მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და ესპანეთში დავბრუნებულიყავი. მახსოვს, მამა ყოველთვის მეუბნებოდა ისეთ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მას შევჩივლებდი, “არ ვიცი მამა, მწვრთნელი არ მენდობა. ბიჭები ძალიან ძლიერები არიან, მე კი საცოდავი.”

ის კი მპასუხობდა: “იცი, რას გეტყვი? შესაძლოა, დღევანდელი დღე ცუდი იყო. მაგრამ ხვალ მზე აუცილებლად ისევ ამოვა.”

არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს უკეთ ვგრძნობდი. არ ვნებდებოდი. და ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ გულუბრყვილო და გამოუცდელ ბიჭს ფენომენალური მწვრთნელი, სერ ალექსი შემხვდა. საუკეთესო მწვრთნელებს ეს თვისება აუცილებლად აქვთ – მაშინაც კი, როდესაც არ გათამაშებენ, გაგრძნობინებენ, რომ შენზე ნამდვილად ზრუნავენ. სერ ალექსი, ჩემთვის, მეორე მამასავით იყო. ის მაიძულებდა შანსი გამომემუშავებინა, მაგრამ ამ შანსს თავად მაძლევდა.

2007 წელს, ინგლისში 2 წლის გატარების შემდეგ, მან მითხრა, რომ აპირებდა, სეზონში, ჩემთვის, დაახლოებით 25 თამაში დაეთმო.  ყველაფერი კარგად დაიწყო. რიოსთან ერთად ვთამაშობდი. ნოემბერში კი, ბოლტონში უნდა გვეთამშა.

ჯანდაბა…

ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ტივტივებდა ბურთი ჰაერში.

ყველაფერი სტანდარტული მდგომარეობის დროს მოხდა. ნიკოლა ანელკა უნდა ამეყვანა. მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა,  მე კი ვიფიქრე “აგრესიული უნდა ვიყო”. ბურთის მოსაგერიებლად ავხტი და მას ავცდი. ეს კოშმარი იყო. ბურთი, თითქოს… ტივტივს განაგრძობდა.  პრემიერ ლიგის ბურთი იყო ლურჯ და ალისფერ ფერებში. გახსოვთ? ის ჩემს ზემოთ ბუშტივით იყო.

მიწაზე დავეშვი და ყველაფერი კოშმარს დაემსგავსა. ანელკამ ბურთ დაიმორჩილა და გოლი ადვილად გაიტანა. 0:1 წავაგეთ და ეს ჩემი ბრალი იყო. როდესაც ახალგაზრდა მცველი ასეთ შეცდომას უშვებს, მწვრთნელი მას უბრალოდ აღარ ენდობა. მაშინაც კი, თუ მას სურს, რომ გენდოს, არ შეუძლია. შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ანელკამ ბურთი მიიღო, სერ ალექსის ნდობა დავკარგე და ალბათ “იუნაიტედის” გულშემატკივრების ნდობაც.

სერ ალექსი 25 თამაშს შემპირდა და სეზონი 12 თამაშით დავამთავრე. ძალიან რთული დრო იყო. ეს შეცდომა ჩემი კარიერის დასრულებას ჰგავდა. იმ სეზონის ბოლოსკენ აგენტმა მითხრა, რომ ჩემი დაბრუნებით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული. სიმართლე გითხრათ, ამის არც მჯეროდა. იმ წუთას ზუსტად ასე ვთქვი: “ამას აზრი არ აქვს. “იუნაიტედში” არ ვთამაშობ და რატომ ვუნდივარ მათ?”

მან კი მითხრა: “ისინი გიცნობენ. მათ შენი სჯერათ.”

რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვიყავი. სახლში დაბრუნება მინდოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ სერ ალექსთან ძალიან რთული საუბარი მელოდა. ჩემს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იყო და “იუნაიტედს” შეეძლო რა ფასიც უნდოდა, ის მოეთხოვა. ასე  რომ, მწვრთნელი ჩემს გაშვებაში უნდა დამერწმუნებინა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საუბარი იყო, რადგან ის ჩემზე ძალიან ზრუნავდა. ამის მიუხედავად, მის ოფისში მივედი და მასთან გულახდილი ვიყავი. მას ვუთხარი: “მომისმინეთ, ვფიქრობ, რომ ჩემი ნდობა დაკარგეთ. ბარსელონა ჩემი სახლია. დაბრუნება მინდა. იმედი მაქვს, გამიშვებთ.”

დიდხანს ვისაუბრეთ. მან გადაწყვიტა, რომ გულწრფელი ვიყავი და დამთანხმდა, რომ სეზონის ბოლოს გამიშვებდა.

მაგრამ ეს ჩვენი ისტორიის დასასრული არაა. ფეხბურთი რთული რამაა. თუ გამოიცნობთ, ვის შევხვდეთ იმ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში? რა თქმა უნდა, ეს “ბარსელონა” იყო. თამაშის არანაირი რეალური შანსი არ მქონდა. მე-3 ცენტრალური მცველი ვიყავი. მაგრამ “კამპ ნოუზე” გასამართი თამაშის წინ, ნემანია ვიდიჩმა ტრავმა მიიღო. უცებ აღმოჩნდა, რომ მოედანზე უნდა გავსულიყავი და 90 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ჩემი ბავშვობის გუნდის წინააღმდეგ მეთამაშა.

აღგზნებული, ანერვიულებული და შოკირებული ვიყავი.

თამაშის წინ, სასტუმროში, ჩვეული ორსაათიანი სიესტა გვქონდა. რა თქმა უნდა, ვერ დავიძინე. უცებ, კარზე კაკუნია. გავიხედე და… ეს დამლაგებელი არ იყო. ეს სერ ალექსი იყო.

მივხვდი, რაღაც ხდებოდა, რადგან ის, თამაშის წინ, ფეხბურთელებს არასდროს ნახულობდა. კარი გავაღე და მან მითხრა: “ჟერარ, ვწუხვარ, მაგრამ უნდა გაცნობო, რომ დღეს ვერ გათამაშებ. საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. თუ გათამაშებ და ცუდი მატჩი გექნება, ყველა იტყვის, რომ ამის მიზეზი შენი “ბარსელონაში” დაბრუნებაა. ასე რომ, შემადგენლობაში ვერ დაგაყენებ. უბრალოდ მინდოდა მიზეზი გცოდნოდა.”

სრულიად განადგურებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში დაბრუნება მინდოდა, მზად ვიყავი, “იუნაიტედისთვის” და სერ ალექსისთვის, იმ მატჩში, ყველაფერი გამეღო. “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობის მიღებაზე ვოცნებობდი. ძალიან გულნატკენი ვიყავი. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, სერ ალექსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყველაფერი კარგად გამოვიდა. “კამპ ნოუზე” 0:0 ვითამაშეთ და შემდეგ, “ოლდ ტრაფორდზე”, “ბარსელონა” გათამაშებას გამოვთიშეთ. ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა მოვიგეთ და შინ ძალიან კარგ მდგომარეობაში დავბრუნდი.

სერ ალექსის დამსახურებით, ფეხბურთში ძალიან იშვიათი რაღაცეები განვიცადე. შინ საუკეთესო გზით დავბრუნდი. იმ დროს არ ვფიქრობდი, რომ “ბოლტონთან” მატჩში დაშვებული შეცდომა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რამ იყო. საბოლოოდ, “ბარსელონამ” ჩემში მხოლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. გუნდში მე-4 ცენტრალურ მცველად მოვედი. ჩემგან ამდენს არავინ ელოდა. თუმცა, პეპ გვარდიოლას საფეხბურთო გონიერებისა და ჩემდამი ნდობის დამსახურებით, სეზონის ბოლოს, კარლეს პუიოლის მხარდამხარ ვთამაშობდი. კარლესმა თავისი ფრთის ქვეშ შემიფარა და მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და შევქმენით კავშირი, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გაგრძელდა.

თუ მეტყოდით, რომ “ბარსელონაში” დაბრუნებიდან 2 წლის შემდეგ, კარლეს პუიოლის გვერდით მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში ვიდგებოდი, გიპასუხებდით, რომ აბსოლუტური გიჟი ხართ. მაგრამ ფეხბურთი სახალისო რამაა და სწორედ ასე მოხდა. ასე შეიცვალა ჩემთვის ყველაფერი სწრაფად. ამ ყველაფერმა ბედზე დამაფიქრა. “ბოლტონთან” მატჩში შეცდომა რომ არ დამეშვა, მოხდებოდა ყველაფერი ეს? სერ ალექსს რომ ჩემი ერთი სეზონით შენარჩუნება და ტრანსფერში დიდი ფულის გამომუშავება გადაეწყვიტა, ეს ყველაფერი მოხდებოდა?

ფეხბურთელის ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. სწორედ ამიტომ ვწერ ამ ყველაფერს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი მოკლე ისტორია უნდა მოგიყვეთ… იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ფეხბურთი რთული რამაა. ეს ფილმებს არ ჰგავს. როდესაც 24 წლის ვიყავი, მსოფლიოს ზემოდან გადმოვყურებდი. ყველაფერი მოგებული მქონდა – ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი. გენიალური მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, რომელიც პირველივე დღიდან მენდობოდა. ვთამაშობდი კლუბში, რომელიც ბავშვობდიან მიყვარდა. ეს ყველაფერი იდეალური იყო.

და შემდეგ…

კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი მქონდა.

ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა. არ ვიცი, რატომ. თითქოს, დავკარგე შიში, რომელმაც ამ დონემდე მიმიყვანა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, კითხვების საკუთარი თავისთვის დასმა დავიწყე. სეზონი უკვე დაწყებული იყო და პეპმა ჩემი ნდობა დაკარგა. პირველი 3 სეზონის განმავლობაში ფენომენალური ურთიერთობა გვქონდა. პეპს, როგორც მწვრთნელს, კვლავ პატივს ვცემდი. მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო. მას სურდა, რომ მისი მოთამაშეები, 24 საათის განმავლობაში ფეხბურთით ყოფილიყვნენ შეპყრობილნი და რაღაც ეტაპზე, ამას მივხვდი. მე ამ ფილოსოფიის მატარებელი არ ვიყავი. პეპი უბრალოდ აღარ მენდობოდა და გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც მან “რეალთან” ლა ლიგაში გასამართ მატჩში არ მათამაშა. ამან გამანადგურა.

ჩემს თავს ვეკითხებოდი “ნუთუ ეს ისაა? “ბარსელონაში” თამაშის ოცნება დასრულდა? ასე სწრაფად უნდა წავიდე?”

შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი “ჩელსისთან”. რაღაც უცნაური მოხდა. ბედი კიდევ ერთხელ შემომიბრუნდა. პირველი თამაში “სტემფორდ ბრიჯზე” 0:1 გვქონდა წაგებული. ამ შეხვედრაში არ მითამაშია. პეპმა განმეორებით მატჩში სასტარტოში დამაყენა, მაგრამ თამაშზე ბევრს ვერაფერს გეტყვით.

შეხვედრის სტარტზე, ჩვენმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, შემთხვევით, მუხლი თავში ჩამარტყა. უგონოდ დავეცი. როდესაც ფეხზე დავდექი, თამაში განვაგრძე და კიდევ დაახლოებით 10 წუთი დავრბოდი, მაგრამ არაფერი მახსოვს, რა მოხდა. ექიმმა შეამჩნია, რომ კარგად არ ვიყავი. სასწრაფოდ გამომცვალეს და საავადმყოფოში წამიყვანეს.

მეორე დღეს გავიღვიძე და მატჩიდან არაფერი მახსოვდა. ისიც კი არ ვიცოდი, ვინ მოიგო.

როგორც გაირკვა, შეხვედრა 2:2 დასრულდა და ჩვენ გამოვვარდით. რამდენიმე დღეში, პეპმა “ბარსელონადან” წასვლის შესახებ გამოაცხადა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ერა დასრულდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი წასვლის დროც მოვიდა.

იმ სეზონმა ჩემს კარიერაზე, ჩემს ცხოვრებაზე სერიოზულად დამაფიქრა. გამომაღვიძა. როდესაც ჩვენი გუნდი თამაშობდა, პეპი აღარ მენდობოდა. ხოლო როდესაც ის ჩემკენ შემობრუნდა, ასპარეზს გამოვეთიშე. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა, მეორე დღეს რომ გამეღვიძა და გამეგო, რომ ფინალში გავედით. თავის ტრავმის გამო გუნდს რამდენიმე კვირით გამოვეთიშე და ფინალში ნამდვილად ვერ ვითამაშებდი. ალბათ, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. ალბათ, პეპი დარჩენას გადაწყვეტდა. ალბათ, ის ჩემს ნდობას არასდროს დაიბრუნებდა.  ალბათ, ახლა, სხვა გუნდში ვიქნებოდი. სინამდვილეში კი ის მოხდა, რომ შემდეგ სეზონში ტიტო ვილანოვა მოვიდა და მან ჩემი ადგილის დაბრუნების შანსი მომცა.

კარიერის განმავლობაში ბევრი ასეთი მომენტია, როდესაც ბედზე დაფიქრდები, ასევე მიღებულ შანსზე და იმაზეც, როგორ შეიძლებოდა მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო. თუმცა, ამ ყველაფერს პრესის სათაურებში ვერ ვხედავთ. სათაურებში ყველაფერი მარტივადაა. რეალურ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ზედაპირს ქვემოთ ხდება.

მაგალითად, ხალხი ხშირად მეკითხება, რას ნიშნავს მესისთან ერთად ამდენი წლის განმავლობაში თამაში. მისი დახასიათება ერთი წინადადებით რომ დამჭირდეს, ვიტყვი: ის უცხოპლანეტელია.

ის ამ პლანეტიდან არაა.

ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის პირველად ნახვაც მახსოვს. 13 წლისები ვიყავით და საკუთარ თავს ვუთხარი: “ოჰ, ეს ბიჭი საიდანღაცაა მოსული. ის ადამიანი არაა.”

ის მკვლელია. ის საუკეთესოა მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს. ამას იმის გამო არ ვამბობ, თუ როგორ უტევს ლეო მეტოქეს. ხალხი ხშირად მეკითხება: “რა არის საუკეთსეო, რაც ლეოს მოედანზე გაუკეთებია?”  ისინი ელოდებიან, რომ ვიტყვი, როგორ გასცდა ლეო სამ მცველს. დამიჯერეთ, უამრავი ასეთი ისტორია მაქვს.

ჩემთვის, მესი უცხოპლანეტელია იმ ეპიზოდების გამო, როდესაც მას ბურთი არ აქვს. ეს, ალბათ, ტელევიზორში არ ჩანს, მაგრამ მე მოედანზე ვხედავ. უნდა ნახოთ მისი სახე, როდესაც მცველისთვის ბურთის ასართმევად მიდის. ამ დროს მას ისეთი თვალები აქვს, როგორიც სხვა ფეხბურთელზე არასდროს მინახავს. სწორედ ეს აქცევს მას დიდებულად. ის სპექტაკლით დაინტერესებული არაა. ის სხვა მატერიისგანაა შექმნილი. მისი სიდიადე ბურთის მოპოვების სურვილშია.

ალბათ, ეს ხმაურიანი სათაური არ იქნება, მაგრამ როდესაც მესის ნამდვილ მაგიაზე ვფიქრობ, ეს ისაა, რასაც Youtub-ზე ვერ ნახავთ. ეს მისი თვალების ეშმაკურ გამომეტყველებაშია. მისი სიდიადის დასახასიათებლად კიდევ 5 ათასი სიტყვა შემიძლია მოვიხმო. ამას ცალკე სტატია სჭირდება!

და ეს დასაწყისში მაბრუნებს. ასაკი მემატება, ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები და ვფიქრობ, რა ადგილი მიკავია მსოფლიოში. ვფიქრობ, როგორ მოვედი აქამდე და რას მსურს ცხოვრებაში მივაღწიო.

ჩემი ერთ-ერთი მიზანია არასდროს მოვკეტო.

როგორც სპორტსმენს, მჯერა, რომ ჩვენ პლატფორმები ხალხთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ, ისინი ჩვენს ცხოვრებასა და ფიქრებში ცოტათი უფრო მეტად შემოვუშვათ. ვფიქრობ, ეს მენტალიტეტი ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

თუ მადრიდულ ტელევიზიას უყურებ, გეტყვიან, რომ ბარსელონაში ყველა ქვეყნის განადგურებას ცდილობს.

თუ ბარსელონას ტელევიზიას უყურებ, გეტყვიან, რომ მადრიდში ყველა ხალხის დაჩაგვრას ცდილობს.

დღეს, ყველა მხარე ცუდია. გააჩნია, რომელ ტელევიზიას უყურებ.

ისინი ამბობენ, რომ ეროვნულ გუნდში არეულობა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო არის. სინამდვილეში, პოლიტიკაზე თითქმის არასდროს ვსაუბრობთ. საკმაოდ დაკავებული ვარ “რეალის” ფეხბურთელებისთვის იმის თქმით, რომ ჩემპიონატში მათ საქმეები ძალიან ცუდად მისდით და ისინი ძალიან დაკავებულები არიან ჩემთვის სამსაჯო კონსპირაციებზე მოყოლით!

ფეხბურთს ცხოვრების ნახევარზე მეტია ვთამაშობ. 31 წლის ვარ. ადრე ვამბობდი, რომ კარიერას 30 წლის ასაკში დავამთავრებდი. იცით, რა მაძლევს გაგრძელების საშუალებას? ის გამოცდილება, რომელსაც გასახდელში ვიღებ. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მესი, პუიოლი, ნეიმარი და როი კინი (მიუხედავად იმისა, რომ მან კინაღამ მომკლა) არიან.

ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთი დიდი მოგაზაურობაა. შენ იგებ. შენ აგებ. იბნევი. უშვებ შეცდომებს. იცინი. ტირი. დროის გასაყვანად ბევრ სისულელეს აკეთებ. შესაძლოა, შენ და შენმა მეგობარმა მთავარი მწვრთნელის დამხმარის მოტოციკლს ცეცხლი წაუკიდეთ (რა თქმა უნდა, ეს მანამ, სანამ მას ახალს უყიდიდი. ამ ისტორიას სხვა დროისთვის შემოვინახავ!)

იმედია, პატარა ბიჭიდან კაცად იქცევი. ჩემთვის, სწორედ ეს აქცევს სპორტს შესანიშავად. ეს ყველაფერი ერთი გრძელი ამბავია.

მოგესალმებით ფეხბურთელების გლობალურ ტრიბუნაზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • royal madrid…..
    schedule 10 აპრ 2018, 08:23
    #8

    პიკე პიკეა joy sweat_smile მაგრამ მანაც რთული გზა გაიარა ბარსამდე

  • barca`barca
    schedule 23 მარ 2018, 18:00
    #7

    კიდევ უფრო შემიყვარდა <3 ;დ

  • messi and iniesta
    schedule 23 მარ 2018, 14:39
    #6

    მაგარი კაცია და მაგრა ისაუბრა

  • PUYOL UMTITI
    schedule 23 მარ 2018, 13:13
    #5

    ყანა მადრიდზე შედით და ნახეთ პიკეზე რა სტატიებია
    გავიგუდე სიცილით

  • vegassi54
    schedule 23 მარ 2018, 13:13
    #4

    დაგვერხა ეს მგონია მწერლობას აპირებს(ეს ხუმრობით) სერიოზულად კი მშვენიერ სტილში საინტერესო გადასვლებით ძალიან კარგი და საკითხავად სასიამოვნოა.

  • messi-neymar
    schedule 23 მარ 2018, 12:54
    #3

    ძაან კარგი სტატიაა

  • Dursun
    schedule 23 მარ 2018, 11:56
    #2

    საღოლ,აი მესმის ბელეტრისტიკა და დრამატურგია ერთად აღებული,ეს სერიოზულ მემუარებს დაწერს ალბათ სიბერეში:))

  • gio-barca29
    schedule 23 მარ 2018, 11:34
    #1

    იმენა ანტიკვარ ხარ laughing