workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
300 ათასი 144 მლნ-ზე მეტია

300 ათასი 144 მლნ-ზე მეტია

ბლაუგრანას სპორტული პოლიტიკა საკუთარი სკოლის აღზრდილებზე დაყრდნობას გულისხმობს, კატალონიელები ფსონს “ლა მასიაზე” ჩადიან, რომელიც ადგილობრივი ვარსკვლავების წარმოებითაა დაკავებული. ფლორენტინო და ბლანკოსი საპირისპირო მხარეს მოძრაობენ. პერესი ყველაზე ძვირადღირებულ და სახელგანთქმულ ფეხბურთელებზე ჩადის ფსონს. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც საკუთარი თავის ქებასაც არ ერიდებიან, რათა საუკეთესო გუნდებში მოხვდნენ. როგორც ხედავთ, მადრიდელთა პოლიტიკამ ისევე არ გაამართლა, როგორც 2000 წელს, როდესაც პერესმა ფიგუ, ზიდანი, რონალდო და ბექჰემი შეიძინა. გასულ ზაფხულს, “რეალის” ბოსმა, ცნობილი ესპანური ანდაზა, გაგრძელება კარგი არასდროს არისო, არად აგდო და მორიგი ვარსკვლავური ფეიერვერკი მოაწყო. ამჯერად, “რეალის” დიდების ოლიმპზე აყვანა რონალდოს, კაკასა და ბენზემას დაევალათ. არავინ შემედავება თუ ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯიც მცდარი გამოდგა – ურემი ცხენზე წინ არ უნდა მიდიოდეს.

მესი, ბოიანი და პედრო

“ბარსელონას”, კვირას პრიმერას მოგება “ლა მასიას” თავდასხმით შეუძლია. საუბარი იმ სამ ფეხბურთელზეა, რომლებიც კლუბის აკადემიაში აღიზარდნენ და მათი საერთო ფასი 300 ათასი ევრო იყო. მესი ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, როცა ბლაუგრანაში ჩაირიცხა – ინვესტიცია არგენტინელის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომის სურვილში. ანალოგიური რამ მოხდა ბოიანთან დაკავშირებითაც – “ლა მასიას” თვალსაჩინო წარმომადგენელმა, თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და ყველგან გამოირჩეოდა საგოლე ალღოთი. რაც შეეხება პედროს, მან ბლაუგრანას მაისური 2004 წელს მოირგო, როდესაც ტენერიფეს “სან ისიდორო” დატოვა. კატალონიელებს ნიჭიერ გარემარბში კაპიკიც არ გადაუხდიათ – მისი ტრანსფერი ლატარიის ბილეთს ჰგავდა. ხელშეკრულების თანახმად, პედრო მთავარ გუნდში 10 მატჩს თუ ითამაშებდა, ბლაუგრანას, “სან ისიდოროსთვის” 300 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. ეს თანხა ჩიკი ბეგირისტაინმა კუნძულელებს დიდი სიამოვნებით ჩაუთვალა. გამოდის, რომ ტრიო, რომელიც კვირას “ვალიადოლიდის” კარს შეუტევს, “ბარსას” მხოლოდ და მხოლოდ 300 ათასი დაუჯდა.

რონალდო, ბენზემა და იგუაინი

საფეხბურთო სამყაროში შედარებები ყოველთვის როდი იწვევს ზიზღს. “ბარსელონური” 300 ათასი ევრო “რეალურ” 144 მილიონზე მეტია! სწორედ ეს თანხა დაიხარჯა ბლანკოსის ბიუჯეტიდან კრიშტიანოს, ბენზემასა და იგუაინის ტრანსფერებზე. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ყველა სატრანსფერი რეკორდი დაამხო და “მანჩესტერიდან” “რეალში” 96 მილიონ ევროდ გადავიდა. ბენზემას სანაცვლოდ კასტილიელებმა “ლიონს” არც მეტი, არც ნაკლები 35 მლნ. ჩაუჯიბეს. რაც შეეხება იგუაინს, კალდერონმა “რივერ პლეიტს” 13 მლნ. ევრო გადაურიცხა, პლუს ამას ატლანტიკის მეორე მხარეს საკომისიოს სახით, კიდევ რამდენიმე მილიონი გადაფრინდა. ასე რომ, მადრიდელთა შემტევი ტრიო 144 მლნ. დაჯდა და სასურველი შედეგი ვერ მოუტანა ბლანკოსს. “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემას კი ყველა ბერკეტი აქვს საიმისოდ, რომ “ლა ლიგა” მოიგოს და “თეთრი ჩემოდნები” თაროზე კიდევ ერთი წლით შემოდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward