კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ ევროპაში პირველია. “პრიმერა დივიზიონში” გვარდიოლას გუნდს მოწინააღმდეგის კარი 67 აქვს დალაშქრული. ეს მაჩვენებელი კი სხვა ლიგების ლიდერ გუნდებზე, მაგალითისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედზე”, “მილანზე” და “პსვ”–ზე ბევრად უკეთესია…
კატალონიურ გუნდს ქვეყნის ჩეპიონატში ჯერ მხოლოდ 21 შეხვედრა აქვს გამართული და მეტოქის კარის ბადე შიგნიდან უკვე 67–ჯერ შეუწუხებიათ, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 3.19 გოლს შეადგენს.
ამ მაჩვენებლით ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა სერ ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედი”. ეს გუნდი კატალონიელებს 13 გოლით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ “წითელ ეშმაკუნებს” “ბარსაზე” 3–ით მეტი შეხვედრა აქვთ გამართული. მათ რიგებში საუკეთესოა ბერბატოვი, რომლის ანგარიშზეც 19 გოლია, რაც ლეო მესის მიერ გატანილ გოლებზე 2–ით ნაკლებია. ინგლისის “პრემიერ ლიგის” ლიდერი გუნდი საშუალოდ ერთ თამაშში 2.25 გოლს იტანს.
იტალიურ “სერია ა”–ს ამ დროისთვის სათავეში “მილანი” უდგას. “როსონეროს” მიერ გამართულ 23 შეხვედრაში მილანელებმა მეტოქის კარის აღება მხოლოდ 39–ჯერ შეძლეს, რაც საშუალოდ 1.56 გოლი გამოდის.
“ბუნდესლიგის” ლიდერს, დორტმუნდის “ბორუსიას” გამართული ჯერ მხოლოდ 20 შეხვედრა აქვს. ამ 20 შეხვედრაში კი მათ 46 გოლის გატანა მოახერხეს, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2.3 გოლს შეადგენს. საფრანგეთში დომინანტობა თავის თავზე “ლილის” აქვს აღებული. ამ გუნდს კატალონიური გუნდის მსგავსად 21 მატჩი აქვს ჩატარებული და “მილანის” მსგავსად 39 გოლი აქვს გატანილი, რაც “ბარსაზე” 28 გოლით ნაკლებია.
ჰოლანდიის ჩემპიონატს სათავეში “პსვ” უდგას. გუნდი, რომლის ფეხბურთელებმაც 21 შეხვედრაში მეტოქის დამწუხრება 58–ჯერ შეძლეს, რაც კატალონიურ გრანდზე მხოლოდ და მხოლოდ 9–ით ნაკლებია.
“ბარსა” მხოლოდ შეტევაში როდია საუკეთესო. კატალონიელებს ევროპაში საუკეთესო შედეგი ასევე დაცვის მხრითაც აქვთ ნაჩვენები. 21 მატჩში მათ მხოლოდ 11–ჯერ მიიღეს გოლი საკუთარ კარში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე კატალონიელების კარის დალაშქვრას 2 თამაშში ერთხელ ახერხებდნენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ მაჩვენებელით “ბარსას” გვერდით ამაყად შეუძლია ამოუდგეს “ბუნდესლიგას” ლიდერი. დორტმუნდის “ბორუსიას” 20 თამაშიდან საკუთარ კარში გოლი მხოლოდ 12–ჯერ აქვს მიღებული.