workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესტებანის კართან დამეგობრებული კატალონიელები…

ესტებანის კართან დამეგობრებული კატალონიელები…

გუშინ, ღამის პირველ საათზე, როდესაც ხოსე ლუის ოლტრა სათადარიგოთა სკამზე მოკალათებას ცდილობდა და ნერვიულობას იწყებდა, კატალონიელები “ალმერიას” კიდევ ერთხელ განადგურებას გეგმავდნენ. მართალია “ბარსელონა” ალმერიელებს “სამეფო თასზე” პირველად ხვდებოდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად, “ნოუ კამპის” სტუმრების დანდობა არ გადაწყვიტეს და “ალმერიას” გოლკიპერის, ესტებანის კარში ყველასათვის კარგად ნაცნობი და ყველასათვის საყვარელი 5 გოლი გაიტანეს. ამ გოლების გატანა კი მესიმ (2), ვილიამ, პედრომ და სეიდუ კეიტამ შეძლეს, მაგრამ რომ არა ესტებანი, ვინ იცის, იქნებ 5–ის მაგივრად 4, ან 3 გოლი გასულიყო. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მან რამდენჯერმე გუნდის ხსნაც შეძლო, ამიტომაც 5–0 მისაღები ანგარიში გამოდის…

“სამეფო თასის” ნახევარ–ფინალის პირველი შეხვედრა და ერთი ფინალისტი ფაქტობრივად უკვე გამოვლენილია. მართალია პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებთან ამას ასე არ თვლის, მაგრამ დავიჯერო ალმერიელები საკუთარ მოედანზე “ბარსას” კარში 5–ს თუ არა, ერთი გოლის გატანასაც შეძლებენ? ამ სეზონში ხომ ამ გუნდემა ერთმანეთის წინააღდეგ უკვე 2–ჯერ ითამაშეს და ბურთების შეფარდება უკვე 13–0-ზეა. სამწუხაროდ, მოედანზე არ იმყოფებოდა პერუელი ცენტრალური მცველი, ასესიატე, რომელიც ალმერიელთა ღირსებას იცავს, მაგრამ ხანდახან ისე გამოდის ხოლმე, რომ საბოლოოდ თავის დაცვის მაგივრად გოლს იტანს. გოლს იტანს, საკუთარ კარში … თუმცა, ვისთვის როგორ, ზოგისთვის სამწუხაროდ და ზოგისთვისაც საბედნიეროდ, მაგრამ კატალონიელები რის კატალონიელები იქნებოდნენ მისი დახმარების გარეშეც, რომ არ გაემარჯვათ…

მატჩის მთავარი არბიტრი ანტონიე მიგელ მატეუ ლაოსი გახლდათ, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში საოცარი ლმობიერებით გამოირჩეოდა და განსაკუთრებით 4–0–ის შემდეგ, სტუმრები რამდენჯერმე დაინდო, მაგრამ მათ დანდობა მის სასტვენს არ სურდა. გაისმა სასტვენის ხმა და დაიწყო ალმერიელების წვალებაც. კატალონიელებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს, რაც სტუმრებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. დაახლოებით 5 წუთი იყო გასული, როდესაც პირველი რეალური საგოლე მომენტი ლეო მესის შეექმნა, მაგრამ ბურთის მაგივრად ესტებანის კარის ბადეში საბოლოოდ მესი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 4 წუთის შემდეგ, ლეო მესის მოწინააღმდეგის კარში გახვევა აღარ მონდომებია და ამიტომაც ანგარიშის გახსნა მოახერხა, რაშიც რაღაც პატარა წვლილი ესტებანსაც მიუძღვის. ამ გოლიდან 2 წუთში კი “ბარსას” გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა. ლეო მესის პასის შემდეგ, ცენტრში ბურთი ჩავიმ მიიღო და დაუფიქრებლად პირდაპირ ალმერიელთა კარისკენ გაიჭრა. როდესაც საჯარიმოს მიუახლოვდა მისთვის დახმარების ხელის გასაწოდებლად ორი ფეხბურთელი იყო მზად. მარცხნიდან ვილია, ხოლო მარჯვნიდან – ადრიანო. 2010 წლის “ოქროს ბურთის” მიღების პრეტენდენტმა კი ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, არჩევანი მარცხენა ფლანგზე შეაჩერა, სადაც ადრიანოზე მეტი გოლის ალღოს მქონე ვილია იმყოფებოდა. დავიდმა ბურთის მიღება მოახერხა და რამდენი წამში ბურთთან ისეთი კარგი კონტაქტი დაამყარა, რომ მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა მოახერხა და ესტებანის დაბნევა შეძლო, რის შედეგადაც ანგარიში 2–მდე გაიზარდა.

12 წუთიც არ იყო გასული და უკვე ანგარიში 2–0 იყო, მაგრამ კატალონიელები გაჩერებას არ აპირებდნენ. მეთექვსმეტე წუთი გახლდათ, როდესაც “ბარსამ” კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო. პინტოს საჯარიმოდან აბიდალმა ბურთი ჩავისკენ გადაგზავნა, რომელმაც ბურთი ფეხებს შორის გაიტარა და იგი ლეო მესის მიუვიდა. ამის შემდეგ ჩავი, მესი, ინიესტა და კიდევ “ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელი ესტებანისკენ დაიძრნენ. მესის შემდეგ ბურთმა ინიესტასკენ აიღო გეზი, რომელმაც ჩავის დახმარებით, თავისუფლად მდგომ ლეო მესის ბურთი ძალიან მარტივად მიაწოდა, რის შედეგადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დუბლის შესრულება მოახერხა.

კატალონიელები კი სტუმრად მოსულ ალმერიელებს არ გაუნაწყენდნენ და აგრძელებდნენ და აგრძელებდნენ შეტევების წარმოებას. ამ გრძელებ–გრძელებაში კი მარჯვენა ფლანგზე ადრიანო დედამიწიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც დედამიწის მიზიდულობის გამო, მალევე მწვანე მინდორზე დაენარცხა და რამდენიმე წამის განმავლობაში აუტანელი ტკივილის ატანას ცდილობდა. საბოლოოდ აუტანელი ტკივილი გაქრა, უფრო სწორად კი ტკივილი საერთოდ გაქრა. ადგა ადრიანო, საჯარიმოს შესასრულებლად კი ჩავი და მესი დარჩნენ. საბოლოოდ ბურთი საჯარიმოში ჩავიმ ჩაჰკიდა. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მესმოდა, თუ რატომ უნდა ჩაეწოდებინა “ბარსას” ფეხბურთელს მაღალი ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი მაღალი, თავით კარგად მოთამაშე ფეხბურთელები, მაგალითისთვის როგორიცაა პიტერ კრაუჩი, ან თუნდაც დავით სირაძე. სამაგიეროდ ადრიანოს მსგავსად დედამიწისგან რამდენიმე მეტრზე ახტომა პედრო როდრიგესსაც შეძლებია. ჩავის ჩაწოდების შემდეგ მან სწორედ ეს თვისება გამოამჟღავნა და ულამაზესი თაურით ანგარიში 4–მდე გაზარდა. პედრო გოლის აღსანიშნავად კი ჩავისკენ გასწია. ადამიანისკენ, რომელმაც იქამდე სანამ პედრო არ შეახტებოდა, არ დაიჯერა, რომ ასეთი ლამაზი გოლი, პედროს თაურის შემდეგ გავიდა. ალბათ კიდევ 1–2 ასეთ გოლზე ესტებანიც არ იტყოდა უარს. პირველი ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, მაგრამ კატალონიელები შეტევებზე უარს მაინც არ ამბობდნენ.

მეორე ტაიმის ნახევარი ადრიანო კორეიას დაეთმო. ფეხბურთელს, რომელმაც გადაწყვიტა ალვეშისთვის მიებაძა და ბურთი იქ გაეგზავნა, სადაც ადამიანის ჭაჭანებაც კი არ იყო. თუმცა, ალვეშისგან განსხვავებით მგონი ის ბურთის გადაგზავნა ესტებანისკენ ცდილობდა და არა რომელიმე “ბარსას” ფეხბურთელისკენ, რაც უკვე პროგრესია. ადრიანოს გარდა გოლის გატანა შეეძლოთ მაქსველს, მესის, პედროს და კიდევ სხვა ფეხბურთელებს, თუმცა ალმერიელების მეკარე იმას აკეთებდა, რისი გაკეთებაც პირველ ტაიმში ვერა და ვერ შეძლო და გოლიც არ გადიოდა. მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით უფრო მშვიდი იყო, თუმცა ვისთვის როგორ … 66–ე წუთზე, მოედნიდან მეორე გოლის ავტორი, დავიდ ვილია გავიდა, რომლის ნაცვალადაც “ნოუ კამპის” მინდორს ხვდა წილად ბედნიერება რა “ბარსას” ახალწვეულის, იბი აფელაის ბუცები შეჰხებოდა. აფელაი თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო და მისი აქტიურობით შეხვედრა რამდენჯერმე ძალიან გამწვავდა. მან ერთი–ერთზე პედროს გაყვანაც შეძლო, მაგრამ ამ უკანასკნელს ესტებანმა აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. აფელაის შეცვალს კი ჩავისა და მაქსველის გაყვანა მოჰყვა, ვის ნაცვლადაც თამაშში გაბრიელე მილიტო და სეიდუ კეიტა ჩაერთნენ. კეიტა, რომელმაც 89–ე წუთზე საბოლოო, მეხუთე გოლის გატანა შეძლო. ეს კი მან ლეო მესის ულამაზესი პასის შემდეგ მოახერხა. ახლა კი როგორც იქნა “ნოუ კამპის” ტაბლოზე 5–0 გამოჩნდა, ხოლო რეჟისორების კადრში მომღიმარე პეპი…

საბოლოოდ დასრულდა შეხვედრა, დასრულდა ალმერიელი ფეხბურთელების წვალება და დასრულდა ჩვენი სიამოვნებაც (სიამოვნება – იმისდა მიუხედავად, რომ ღამის 3 საათი გახლდათ). “ალმერიას” კი ისევ იმ ფრით შეუძლია იამაყოს, ხოლო ფინალში კატალონიელები გაუშვას. იმედი მაქვს ფინალში, ჩვენი საყვარელი კლუბის ფეხბურთის გუნდის მეტოქე მადრიდული “რეალი” იქნება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში, სევილიელების დამარცხება გასვლით შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 0–1 შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამდეჯნერ შეგვიძლია “ელ კლასიკოთი” დატკბობა? თუ ახლა მადრიდელებმა ფინალში გასვლა შეძლეს და “ლა ლიგას” თასი “რეალს”, ან “ბარსას” დარჩა, მაშინ ჩვენ კიდევ სულ რაღაც, 4 “ელ კლასიკოს” ხილვა მოგვიწევს (“პრიმერა დივიზიონი”, “სამეფო თასის” ფინალი” და “სუპერ–თასის” 2 შეხვედრა). ასე, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ “მადრიდი” მოახერხებს და ფინალში გავა, თუ რაღა თქმა უნდა იმ 5–0–ის შემდეგ, ამდენი “თავის ტკივილის” თავიდან არიდებას არ შეეცდებიან. ასე, რომ წარმატებები მათ…

ვიდეომასალა

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=Foqic251gPg]

იბრაჰიმ აფელაის ფინტი

[media=http://www.youtube.com/watch?v=zIVKs7_CvTU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში