სანამ პარიზში ნეიმარის წარდგენა მიმდინარეობდა, “ბარსელონამ” კოუტინიოსა და დემბელეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დააჩქარა. კლუბი სწორედ ამ 2 ფეხბურთელს განიხილავს ბრაზილიელის დანაკარგის აღმოსაფხვრელად.
ნეიმარის სანაცვლოდ მიღებული თანხით (222 მილიონი ევრო) კატალონიელებმა “ლივერპულისა” და “ბორუსიას” ფეხბურთელების ტრანსფერის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტეს. ორივე ტრანსფერში გარკვეული შეთანხმება მიღწეულია.
ლონდონში, კოუტინიოს აგენტი, ჯულიანო ბერტოლუჩი მერსესაიდელთა პასუხს ელის “ბლაუგრანას” 100 მილიონიან შეთავაზებაზე, რომლის უარყოფაც რთულია. სწორედ ეს თანხა მოითხოვა “ლივერპულმა” მაშინ, როცა კატალონიელების შეთავაზება 70 მილიონს +10 ( ბონუსების სახით)- ს წარმოადგენდა.
კოუტინიოს ტრანსფერის მოახლოებას ორი ფაქტორი მიგვანიშნებს. პირველი, კოუტინიო გუნდს დუბლინში არ წაჰყვა და სავარჯიშო სესიებშიც არ მიუღია მონაწილეობა, და მეორე, იურგენ კლოპმა უკვე დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და ბრაზილიელის ადგილის დამკავებლად “ვესტ ჰემის” 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, მანუელ ლანსინი მიიჩნია.
რაც შეეხება დემბელეს საქმეს, დორტმუნდელები თავდაპირველად უარს აცხადებდნენ ახალგაზრდა ფრანგის გაყიდვაზე, თუმცა თანდათან ხვდებიან, რომ უსმანის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი ხდება. გასულ წელს 15 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელში გერმანული კლუბი სავარაუდოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს. 20 წლის თავდამსხმელს კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ნეიმარის იდეალურ შემცვლელად განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში დემბელესადმი ინტერესი მადრიდის “რეალმაც” გამოთქვა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ინტერესები მხოლოდ ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას უკავშირდება. ისიც ცნობილია, რომ რობერტ ფერნანდესი დემბელეს გაფორმებასთან შარშანაც ახლოს იყო, თუმცა ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ ზრდა სჭირდებოდა და “ბორუსია” აირჩია, ახლა კი გრძნობს, რომ დროა კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას და “კამპ ნოუზე” გადაბარგდეს. დიდი ალბათობით, კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაში თავად ფრანგიც მიიღებს მონაწილეობას.
“ბარსა” ასევე ახლოსაა ინიგო მარტინესის შეძენასთან. ერნესტო ვალვერდეს დაცვის გაძლიერება სურს, “სოსიედადის” 26 წლის უკანახაზელი კი კლუბს საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია.