“ტოტენჰემის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პაულინიომ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ყველაფერი მომდევნო კვირაში გაირკვევა და იგი “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ბრაზილიელმა ინტერვიუ Mundo Deportivo-ს მისცა.
“ავსტრალიაში ჩატარებული ბრაზილია-არგენტინის შეხვედრის შემდეგ, ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ “ბარსელონადან” ინტერესი იყო. თუმცა არ მინდოდა ოცნებები დამეწყო მანამ, სანამ ოფიციალურ შემოთავაზებას არ მივიღებდი და 2 ამხანაგური მატჩის შემდეგ ეს ასეც მოხდა. კატალონიელების შემოთავაზება მეც ძალიან მომეწონა. ჩემი რეაქცია? ვფიქრობდი, რომ ღრუბლებში ვიყავი და ვცდილობდი გამერკვია, ნამდვილად ხდებოდა ეს თუ არა. შემოთავაზების მიღება უეცრად გამოღვიძებას გავდა და ამან ძალიან გამახარა. ცოტათი გაოცებული ვარ, რომ “გუანჩჟოუ” “ბარსას” არ პასუხობს და პრესაში იმაზეც იწერება, რომ შეთავაზება უარყვეს. ჯერ-ჯერობით პრეზიდენტთან არ მისაუბრია, რადგან პეკინში მივემგზავრებით მატჩისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამჟამინდელი კლუბი მოლაპარაკებებს დათანხმდება.”
“ეს უნიკალური შესაძლებლობაა – ითამაშო საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. ჩემს პრეზიდენტთან უნდა ვისაუბრო და ვიმედოვნებ, მომდევნო კვირაში ყველაფერი მოგვარდება. ჩემს აგენტს ვთხოვე, რომ ყველაფერი დაეჩქარებინა, რადგან ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და მინდა, რომ “გუანჩჟოუმ” ჩემი შემცვლელის პოვნა მოასწროს. თუ კლუბები შეთანხმდებიან, დანარჩენი ძალიან მარტივად გამოვა.”
“სიმართლე ისაა, რომ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. როცა 2015 წელს ჩინეთში გადავედი, თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ თამაში უნდა შემძლებოდა. ახლა კი, 29 წლის ასაკში, ჩემით “ბარსელონა” ინტერესდება. საუკეთესო გუნდი, საუკეთესო ფეხბურთელები, შესანიშნავი ფანები, ულამაზესი სტადიონი და ქალაქი.”
“ორი წლის წინ, ყველა ამბობდა, რომ ჩინური ფეხბურთი კარგი ნამდვილად არ იყო. თუმცა აქ 5 ტიტული მოვიგე, ჩემს საუკეთესო ფორმას დავუბრუნდი და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კვლავ განვაგრძე გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთებაც. რა თქმა უნდა, ის არ არის ესპანური, იტალიური ან ინგლისური ჩემპიონატების დონეზე, მაგრამ მე ამ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში “გუანჩჟოუს” მაისურით ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე და ამით ბედნიერი ვარ. თუ “ბარსელონა” ჩინეთში მოთამაშე ფეხბურთელით ინტერესდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კატალონიურ კლუბში თამაში შეუძლია.”
“ახლა კარგ ფორმაში ვარ. 25 მატჩში 11 გოლი გავიტანე და ოთხიც ბრაზილიის ნაკრებში. მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი – საკუთარი თავის მჯერა. ხალხს უნდა ვაჩვენო, როგორ შემიძლია თამაში და შეუძლიათ მერე განმსაჯონ. ისიც ვიცი, რომ ყოველდღე უნდა განვვითარდე და ყოველ თამაშში მაქსიმუმი უნდა ჩავდო. ჩემს კარიერაში ეს საუკეთესო მომენტია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” ფორმა მოვირგო. მთელი ცხოვრების განმავლობაში, “მეორე” ნახევარმცველად ვითვლებოდი – მიყვარს საჯარიმოში შესვლა გოლის გასატანად და შეტევაში გუნდის დახმარება.”
“ახლა დაცვითი ფუნქციების მხრივაც გავიზარდე და ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ვარ. მათ შორის ფიზიკური მომზადებითაც – შემიძლია 90 წუთის განმავლობაში ერთნაირად ვითამაშო.”
“ბარსელონაში უამრავი უმაღლესი კლასის მოთამაშეა, რომლებიც ყველასთვის სამაგალითოები არიან – მესი, სუარესი, ნეიმარი, ბუსკეტსი, ინიესტა…”
“ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. “კორინთიასში” ყოფნისას რუსეთიდან შემოთავაზება მივიღე – ხელფასს იმაზე 10-ჯერ მეტს მივიღებდი, რასაც ბრაზილიაში მიხდიდნენ, თუმცა არ დავთანხმდი. ჩინეთი ფინანსური გიგანტია, თუმცა მე ამას ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. ასე რომ, თუ “ბარსა” იმაზე ნაკლებს შემომთავაზებს, ვიდრე ახლა ვიღებ, ეს პრობლემა არ იქნება – მე იმითაც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ მეძლევა საშუალება მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვითამაშო. “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს.”
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა “ტოტენჰემის” შემადგენლობაში 2013-2015 წლებში ჩატარებულ 67 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი “გუანჩჟოუს” ფეხბურთელი გახდა და მალევე დაიმკვიდრა თავი ბრაზილიის ნაკრებში.


