როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ მესი კლუბში 2021 წლამდე დარჩება. ამჯერად, “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი გვთავაზობს 10 მიღწევას, რომელთანაც მესი ახლოსაა.
1) 100 გოლი უცხოური კლუბების კარში
ლეოს ამჟამად, არაესპანური კლუბების კარში 98 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, 9 “არსენალის”, 8-8 კი “მილანისა” და “სელტიკის” კარში. ლეომ ასევე დალაშქრა არაევროპული კლუბებიც – ორჯერ “სანტოსი”, ერთხელ კი “ატლანტე”, “ესტუდიანტესი” და “რივერ პლეიტი”.
2) 100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის 4-გზის გამარჯვებულს (2006,2009,2011,2015) ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 115 მატჩში 94 გოლი აქვს გატანილი და 100 გოლიან ნიშნულს 6 გოლი აშორებს.
3) ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის ბომბარდირი ერთსა და იმავე სეზონში
აღნიშნულ მიღწევასთან მესი ახლოს იყო გასულ სეზონში, როცა გახდა ლა ლიგის ბომბარდირი 37, და კოპა დელ რეის ბომბარდირი 5 გოლით. ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში გატანილი 2 გოლით კრიშტიანუ რონალდუმ გადაასწრო.
4) ერთ კლუბში მოპოვებული ყველაზე მეტი ტიტული
ამჟამად, ლეოს “ბარსელონაში” გატარებულ 13 სეზონში 30 ტიტული აქვს მოპოვებული. რეკორდსმენობას მას მხოლოდ 6 ტიტული აშორებს – რაიან გიგზმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ 24 წელიწადში 36 ტიტულის მოგება მოახერხა.
5) ყველაზე მეტი ევროპული ტიტული
ლეოს ანგარიშზე ამ მომენტში 4 ჩემპიონთა ლიგა და 3 უეფას სუპერ თასია. ამჟამინდელი რეკორდსმენები კი პაოლო მალდინი, არიე ჰაანი და დანი ალვესი არიან 9-9 ტიტულით.
6) ერთ კლუბში გატანილი ყველაზე მეტი გოლი
მესის ამჟამად, “ბარსელონას” მაისურით 507 გოლი აქვს გატანილი. პირველ ადგილზე გერდ მიულერია, რომელმაც მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში 525 გოლი გაიტანა, შემდეგ მოდის მაკგრეგორი “სელტიკში” გატანილი 522 გოლით. მას 15 გოლით ჩამორჩება და მესამე-მეოთხე ადგილებს ზეელერთან ერთად იყოფს “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი. ხუთეულს კი ეუსებიო ასრულებს 473 გოლით.
7) 600 მატჩი “ბარსელონას” მაისურით
მესიმ ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით 583 მატჩი ჩაატარა და 600 მატჩიან ნიშნულს 17 მატჩი აშორებს. თუმცა წინ ჯერ პუიოლის (593), შემდეგ კი ინიესტას შედეგია – 627. ამ მხრივ, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ჩავი ერნანდესის 767 ჩატარებული მატჩით.
8) ყველაზე მეტი მოგება ლა ლიგაში
მესიმ, ლა ლიგაში ჩატარებული შეხვედრებიდან 288 მოიგო და ამ მხრივ იგი ისტორიაში მეშვიდეა. სიას ლიდერობს იკერ კასილასი – 334 მატჩით, რომელსაც მოსდევს ანდონი სუბისარეტა (333), რაულ გონსალესი (327), ჩავი ერნანდესი (322), მანოლო სანჩისი (312) და ანდრეს ინიესტა (291).
9) ყველაზე მეტი ოქროს ბუცი
მესიმ, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გატანილი 37 გოლით საკუთარ კარიერაში მეოთხე “ოქროს ბუცი” მოიპოვა. ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ მოიპოვა კრიშტიანუ რონალდუმ და იგი ლეოსთან ერთად მოწინავე პოზიციებს იყოფს.
10) მსოფლიო ჩემპიონატი
შესაძლოა, რთული სათქმელია, მაგრამ მესის სრულყოფილებისთვის თუ რამე აკლია, ეს სანაკრებო ტიტულია. ლეო მის მოგებასთან ახლოს 4 ჯერ იყო, თუმცა ოთხივეჯერ დამარცხდა – ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის, სამჯერ კი კოპა ამერიკას ფინალში. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდულ ნაკრებში მას მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი 2005 წელს და ოლიმპიური ოქრო 2008 წელს პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. თუ ლიონელ მესი გაისად, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც აწევს, ეს, რა თქმა უნდა, მის მიღწევებს დააგვირგვინებს.
ამათი მოხსნა მას თავისუფლად შეუძლია
Midi leonti moxseni rekordebi
მესი მოხსნის ამ ყველა რეკორდს!