workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
30 ივნისის ისტორია და მოსალოდნელი მოვლენები

30 ივნისის ისტორია და მოსალოდნელი მოვლენები

1913 წლის 30 ივნისს, ფრანსესკ დე მოშო კლუბის პრეზიდენტი გახდა. მეორე ადგილოსან გასპარ როსესს (172) მან 11 ხმით აჯობა (183). მესამე პოზიცია ხოაკიმ პერისს ერგო (59). ზუსტად 1 წლის შემდეგ, აღნიშნული პოსტი ალვარ პრესტამ დაიკავა და თანამდებობაზე დაახლოებით 3 თვე დაჰყო.

87 წლის წინ, კლუბის პრეზიდენტის პოსტი ტომას როსესის ნაცვლად გასპარ როსესმა დაიკავა, რომელიც “ბარსელონას” სათავეში მესამეჯერ და უკანასკნელად ჩაუდგა.

აგრეთვე 30 ივნისს უკავშირდება 2009 წელს, “კამპ ნოუზე” გამართული U2-ის კონცერტი.

დღეს, როსარიოში “ბარსელონას” არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო დაქორწინდებიან, საზეიმო ცერემონიას კი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” უამრავი წარმომადგენელი დაესწრება.

შესაძლოა, დღევანდელი დღე დენის სუარესისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ტრიუმფმაც გაალამაზოს. “ფურია როხა” ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ალბერტ სელადესის შეგირდები გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. მატჩი კრაკოვში, მარშალ ჟოზეფ პილსუდსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და მას ფრანგი ბენო ბასტენი განსჯის.

დენის სუარესმა ამ ტურნირზე თავისი შესაძლებლობები დადებითად წარმოაჩინა. პერსპექტიული ნახევარმცველი “ფურია როხას” შემადგენლობაში “ბარსელონას” ერთადერთი წარმომადგენელია, მაგრამ ნაკრებში გამოდიან ბელერინი, დეულოფეუ, სანდრო და გრიმალდო, რომლებმაც სწორედ “ბლაუგრანას” აკადემია გაიარეს. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ალბათ, ქომაგთა უმეტესობა ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერზეა კონცენტრირებული. კატალონიური კლუბი დიდი ხანია შემტევი ტრიოს (MSN) ღირსეულ რეზერვისტს ეძებს. პაკო ალკასერმა მოლოდინი ვერ გაამართლა, პრობლემა კი კვლავ აქტუალურია.

თავის მხრივ, “ბარსელონას” აკადემიის მიერ აღზრდილ ჟერარს, მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი სურს. მსგავს დათმობაზე წასვლამ, შესაძლოა, ლიონელ მესის პოზიციის ცვლილებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ეს ერნესტო ვალვერდეს პირადი კომპეტენციის საკითხია, რაც ჩვენი სასაუბრო თემა არ არის.

ბოლო 1 თვის განმავლობაში დეულოფეუს ირგვლივ უამრავი ჭორი გავრცელდა. კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟერარს მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნება არ სურს.

წყაროს ცნობით, კლუბში ამის შესახებ უკვე იციან. მართალია, თავად ფეხბურთელს არაფერი უთქვამს, მაგრამ “ბარსელონას” წარმომადგენლებს ინფორმაცია მე-3 პირისგან აქვთ.

თუ Sport-ს დავუჯერებთ, “ბარსელონა” დეულოფეუს გამოსყიდვას აპირებს, მაგრამ შეთანხმების მიხედვით, ფეხბურთელს ტრანსფერის დაბლოკვა შეუძლია.

გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტიც – “ბლაუგრანაში” დაბრუნების შემთხვევაში, ჟერარს შეუძლია, რომ კლუბს მომდევნო ზაფხულში მისი სხვაგან გაშვება აუკრძალოს.

გამოდის, რომ თუ “ბარსელონა” დეულოფეუს 12 მილიონად ყიდვასა და შემდეგ მის უფრო ძვირად გაშვებას აპირებს, კატალონიელები მიზანს ვერ მიაღწევენ. ტრანსფერის განხორციელებისთვის ესპანეთის ვიცე-ჩემპიონს რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი, საბოლოო სიტყვა კი ჟერარზეა.

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს “კამპ ნოუ” “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებს შორის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს. “ბლაუგრანას” აღნიშნულ შეხვედრაში ხოსე მარი ბაკერო უთავკაცებს. კატალონიელთა საშინაო არენაზე თავმოყრილ ქომაგებს ანგოის, გუსმანის, ხუან კარლოსის, პოპესკუს, ნადალის, ბელეტის, ანდერსონის, დეუს, ედმილსონის, დავიდსის, გოიკოეტჩეას, მენდიეტას, სიმაოს, რონალდინიოს, ჟიულის, ხულიო სალინასის, გილერმო ამორის, ლუის კარერასის, სანტი ესკუეროსა და კიკე ესტებარანსის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

სტუმრები ენდი რიჩის ხელმძღვანელობით “კამპ ნოუზე” შემდეგი შემადგენლობით წარსდგებიან: ვან დერ გოუვი, პილკინგტონი, ბერდსმორი, ბერბატოვი, ბლომკვისტი, ბრაუნი, ჯორჯიჩი, ფორტუნე, ჯონსენი, მარტინი, საჰა, ჯი სუნგ პარკი, პობორსკი, რიჩი, თორნლი, სილვესტრე, ალან სმიტი, დუაიტ იორკი და უებერი.

“ბარსელონელთა” დებიუტი ბეირუთში, “რეალის” წინააღმდეგ შედგა, სადაც “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ლუდოვიკ ჟულის დუბლისა და სიმაოს გოლის წყალობით გაიმარჯვეს. სამივე შემთხვევაში შედეგიანი გადაცემა რონალდინიომ გააკეთა. “ბლაუგრანა” და “მანჩესტერი” ერთმანეთს 2 სექტემბერს, “ოლდ ტრაფორდზეც” შევხდებიან.

მატჩი საქველმოქმედო იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა, რომელთა ფასიც 10-დან 21 ევრომდე მერყეობს, გადაირიცხება Sant Joan de Déu-ს საავადმყოფოში. ეს ჰოსპიტალი სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას ემსახურება.

30 ივნისი “ბარსელონასთვის” ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თარიღი შეიძლება გახდეს და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • lado-barca
    schedule 30 ივნ 2017, 18:12
    #3

    მაგარი სტატიაა!

  • Givibarca
    schedule 30 ივნ 2017, 15:58
    #2

    Manchesteri barselona romel saatzea?

  • theodore bagwell
    schedule 30 ივნ 2017, 13:41
    #1

    Ra muteli yavs messis