თუ ვინმეს არ გახსოვთ – არსებობს ფეხბურთელი ტომას ვერმალენი, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაშია და ეს მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს.
ცნობილია იმ 3 ცენტრალური მცველის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონში “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშებენ – პიკე, მასკერანო, უმტიტი. კიდევ ერთი ადგილი ვაკანტურია. ბოლო დროს, მე-4 ცენტრალური მცველის პოზიციაზე “ბარსა ბ”-ს ბრაზილიელი უკანახაზელი, მარლონ სანტოსი განიხილებოდა. თუმცა, Sport-ის ცნობით, შესაძლოა, ეს ადგილი ტომას ვერმალენმა დაიკავოს.
ვერმანელი, რომელიც ახლა 31 წლისაა, “ბარსელონას” 2014 წელს შეუერთდა. პირველ ორ სეზონში, ტრავმებით გატანჯულმა ფეხბურთელმა, მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, ის “რომაში” იყო განათხოვრებული, სადაც თავი ასევე ვერ გამოიჩინა.
იმის მიუხედავად, რომ ვერმალენის ჯანმრთელობა მასზე იმედების დამყარების საშუალებას არ იძლევა, “ბარსელონაში” მაინც ფიქრობენ, რომ ის კიდევ ერთი სეზონით დაიტოვონ და მე-4 ცენტრალურ მცველად აქციონ.


