მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კონფედერაციის თასის გათამაშება და ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი, სადაც წარმატებით ასპარეზობენ კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშეები – ტერ შტეგენი, ანდრე გომეში და დენის სუარესი.
ანდრე გომეშმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისურით, ჯგუფურ ეტაპზე 180 წუთი ითამაშა – მექსიკასთან (2-2) და მასპინძელი რუსეთის ნაკრებთან (1-0). რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან გამართულ მატჩს (4-0), მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. გომეში 28 ივნისს, ნახევარფინალურ ეტაპზე ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება.
ასევე ნახევარფინალში იასპარეზებს ტერ შტეგენი, რომელმაც გერმანიის ნაკრების კარი 2 შეხვედრაში დაიცვა – კამერუნთან (3-1) და ჩილესთან (1-1).
რაც შეეხება დენის სუარესს, მან ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე 188 წუთი ითამაშა მაკედონიასთან (5-0), პორტუგალიასთან (3-1) და სერბეთთან (1-0), სადაც “ბარსელონას” ნახევარმცველმა ერთადერთი გოლის გატანაც მოახერხა.



