მარკო ვერატის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო საგა გრძელდება. ამჯერად მის შესაძლო ტრანსფერზე “ბარსელონაში”, კომენტარი პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა გააკეთა.
მარკინიოსმა ვერატის მომავალზე L’Equipe-თან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ვერატი ცდილობს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა გაადარწმუნოს და აიძულოს, რომ მის ტრანსფერს დათანხმდნენ. “პრესაში ძალიან ბევრი რამ იწერება, მაგრამ არ ვიცი სიმართლეს რომელი მათგანი შეესაბამება. მარკოს არასდროს უთქვამს, რომ პსჟ-ს დატოვება სურს.”
“ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ვიმედოვნებ, იგი ჩვენთან დარჩება. არანაირი სურვილი არ მაქვს ჩვენს გუნდს მისი სახით ასეთი ძალა გამოაკლდეს და ვფიქრობ კიდეც, რომ იგი ჩვენთან დარჩება.”
“ჩვენ ამ სეზონში ბევრი რამ ვისწავლეთ. სეზონის დასაწყისი რთული იყო, ახალი მწვრთნელის ფილოსოფიას უნდა შევგუებოდით, მაგრამ იანვარში ყველაფერი გამოსწორდა და ყველაფერი კარგად წავიდა, თუ არ ჩავთვლით “ბარსელონასთან” მატჩს.” – განაცხადა მარკინიოსმა.


