ესპანეთის სამეფო თასის ფინალი, “ალავესის” წინააღმდეგ, ლუის ენრიკესთვის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. 47 წლის სპეციალისტი კატალონიის დედაქალაქს ამაყად ტოვებს, რადგან მისი ხელმძღვანელობით “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 3 სეზონში 9 ტიტული მოიგეს – ეს შესანიშნავი სტატისტიკაა.
ამ დროის განმავლობაში, “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონი (2), სამეფო თასი (3), ესპანეთის სუპერ თასი (1), ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
Goal.com იტყობინება, რომ “ბარსელონას” ყველაზე ტიტულიან მწვრთნელთა რეიტინგში, ლუის ენრიკე მე-3 ადგილს იკავებს (9 თასი 3 წლის განმავლობაში). ასტურიელ სპეციალისტზე უკეთესი შედეგი იოჰან კრუიფმა (11) და ხოსეპ გვარდიოლამ (14) დააფიქსირეს.